აშენდება თუ არა ჰესი პანკისში – მხარეთა პოზიციები

© photo: Sputnik / Stringerლევან დავითაშვილი
ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პანკისელების პროტესტმა, რომლებიც ალაზანზე ჰიდროელექტროსადგური „სამყურაწყალი-2“-ის მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან, მთელ ქვეყანაში აჟიოტაჟი გამოიწვია.

სამშენებლო კომპანია „ფერის“ ტექნიკა კვირას, დილით სოფელ ბირკიანში შევიდა 35 პოლიციელის თანხლებით, რომლებსაც, ზოგიერთი ადგილობრივის უკმაყოფილების გათვალისწინებით, მშენებლობის დაწყების უსაფრთხოება უნდა უზრუნველეყოთ. ამის გამო ადგილობრივმა მოსახლეობამ აქცია მოაწყო. აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ქვები და ჯოხები დაუშინეს, პოლიციამ კი რამდენჯერმე ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. შედეგად პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება მოხდა. ადგილზე მივიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია.

© video : Ruptly 21 აპრილს პანკისში განვითარებული მოვლენები
აშენდება თუ არა ჰესი პანკისში – მხარეთა პოზიციები - Sputnik საქართველო
21 აპრილს პანკისში განვითარებული მოვლენები

ამასთან, „ფერის“ აღმასრულებელი დირექტორის ლაშა იორდანიშვილის თქმით, ჰესის მშენებლობის დაწყების წინ კომპანია თითქმის წლინახევრის განმავლობაში პანკისში უხუცესთა საბჭოს წარმომადგენლებთან აღნიშნული საკითხის საჯარო განხილვებს ატარებდა. აღსანიშნავია, რომ კომპანია „ფერი“ ქართულ ბაზარზე არაერთი წელი ოპერირებს და მან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ენერგეტიკის სფეროს არაერთი პროექტი განახორციელა.

არასასურველი მშენებლობა

უხუცესთა საბჭოს წარმომადგენლების თქმით, პანკისის ხეობაში უკვე აშენებულია ორი ჰესი და კიდევ ერთის მშენებლობა მათთვის მიუღებელია.

„ყოველი ჩარევა ბუნებაში, თავისთავად ცხადია, გამოიწვევს ეკოლოგიურ არასასიამოვნო ფაქტებს, მაგრამ თუ სახელმწიფო იმდენად დაინტერესებულია, რომ მაინც გააკეთებენ, ამ შემთხვევაში რაც შეიძლება მეტი სარგებელი უნდა ვნახოთ“, – განაცხადა უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარემ ხასო ხანგოშვილმა ტელეარხ Rustavi2-ის ეთერში.

ადგილობრივებსა და პოლიციას შორის კონფლიქტში სპეცრაზმის ჩარევამ სიტუაცია უფრო გაამძაფრა, მიიჩნევს უხუცესი და აღნიშნავს, რომ საკითხის გადაჭრა დიალოგის გზით შესაძლებელი იყო.

ჰესის ბედი ადგილობრივების ხელშია

მიუხედავად იმისა, რომ ჰესის სიმძლავრე სულ 5,4 მეგავატი უნდა ყოფილიყო, მოსახლეობა შიშობს, რომ ჰესის აშენების მიზნით მდინარის ნაწილის მილში გატარება სოფელს უწყლოდ დატოვებს და გარემოს იმხელა ზიანს მიაყენებს, რომ მათ საკუთარი სახლების დატოვება მოუწევთ.

რაც შეეხება დიალოგს, იორდანიშვილის თქმით, მშენებლობის პროცესი დაიწყო თებერვალში და ადგილობრივების მხრიდან პროტესტი არავის გამოუთქვამს.

„ფაქტი იყო, რომ გასული წლის თებერვლიდან, როდესაც დავიწყეთ მილების შეტანა, მოსახლეობა აბსოლუტურად ინფორმირებული იყო და თვეების განმავლობაში არავის პროტესტი არ გამოუთქვამს. შეიქმნა 30-კაციანი საბჭო, რომლებიც მოწინააღმდეგენი იყვნენ და მათი აბსოლუტური უმრავლესობის თანხმობის გარეშე გადაწყვეტილება არ მიმიღია“, – განაცხადა იორდანიშვილმა.

Плотина Ингури ГЭС - Sputnik საქართველო
ბიზნესი vs ეკოლოგია: რა უხეში შეცდომები დაუშვეს პანკისში ჰესის მშენებლობის პროექტში

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ პროექტის განხორციელება მხოლოდ სოფელ ბირკიანის მოსახლეობის უმრავლესობის თანხმობით გაგრძელდება.

„ჩვენ არაერთხელ დავაფიქსირეთ და გუშინაც გავიმეორე, რომ სამინისტროს კარი ღიაა. კაბინეტში, პროფესიონალებთან ერთად გვექნება განხილვები მოსახლეობის ჩართულობით იმისათვის, რომ თუ რაიმე კითხვები კიდევ არსებობს, მოსახლეობამ მიიღოს პასუხები. თუ მოსახლეობის უმრავლესობა იქნება მხარდამჭერი, ამ შემთხვევაში გაგრძელდება ეს პროექტი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან, „ფერიმ“ და მისმა შვილობილმა კომპანია „ალაზანი ენერჯიმ“, რომლებიც ჰესს აშენებენ, გაავრცელეს განცხადება, რომლის თანახმად, ახალი ჰიდროელექტროსადგური გარემოზე რაიმე განსაკუთრებულ გავლენას არ მოახდენს. ამასთან ისინი საკუთარ თავზე იღებენ ვალდებულებას გადაჭრან წყალმომარაგებასთან დაკავშირებით ყველა წამოჭრილი პრობლემა.

ყველა ახალი ამბავი
0