სასამართლო რეფორმის ბედი: საქართველოში ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდებიან

© Supreme Court of Georgiaსაქართველოს უზენაესი სასამართლო
საქართველოს უზენაესი სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომისიის დელეგაცია სასამართლო რეფორმის საკითხზე მოსაზრებათა მთელ სპექტრს ეცნობა

თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს გააცნეს დაგეგმილი ცვლილებები კანონში „საერთო სასამართლოების შესახებ“, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებს განსაზღვრავს.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტმა მარტში პირველი მოსმენით მიიღო.

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
მზადაა თუ არა „ქართული ოცნება“, სასამართლოებს სრული თავისუფლება მისცეს?

დელეგაციის წარმომადგენლებმა პირველი შეხვედრა გამართეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან, რომელმაც სტუმრებს დეტალურად გააცნო კანონპროექტით გათვალისწინებული სიახლეები და პროცედურები.

დელეგაციის წარმომადგენლების თქმით, ხელისუფლებისა და ვენეციის კომისიის საერთო მიზანია სასამართლოს დამოუკიდებლობის გაუმჯობესება და პოლიტიკური ზეგავლენისგან მისი გათავისუფლება. დელეგაციამ მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდნენ. „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს გააცნეს კანონპროექტის ძირითადი პრინციპები, რომელიც მოსამართლეთა უვადო დანიშვნას ეხება.

„ჩვენ მივმართეთ ვენეციის კომისიას, რომ შეეფასებინა ეს საკანონმდებლო ინიციატივა, რაც საპარლამენტო უმრავლესობას აქვს უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებით“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, ვენეციის კომისიის შეფასება საჭიროა, რათა გამოირიცხოს კანონპროექტთან დაკავშირებული ყველა სუბიექტური შეკითხვა და პოლიტიკური სპეკულაცია.

„უახლოეს პერიოდში ველოდებით რეკომენდაციებსა და დასკვნებს ვენეციის კომისიის მხრიდან. მათ გვითხრეს, რომ შეეცდებიან, რაც შეიძლება მოკლე ვადებში წარმოადგინონ შეფასებები. ბუნებრივია, როდესაც წარმოდგენილი იქნება შესაბამისი დასკვნა, ჩვენ ამას განვიხილავთ ყურადღებით და ყველა რეკომენდაციას, რომელიც კონსტიტუციასთან იქნება შესაბამისობაში, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ოპოზიცია ფუნდამენტური ცვლილებების მომხრეა

ვენეციის კომისიის ექსპერტებმა ინიცირებული კანონპროექტთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა თვალსაზრისიც მოისმინეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებთან შეხვედრაზე დელეგატებმა გამოთქვეს უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ ფორსირებულ რეჟიმში კანონპროექტის მიღება სასამართლო სისტემისთვის ზიანის მომტანი იქნება.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
საქართველოში სასამართლოები მცირე დავებისგან გათავისუფლდებიან

„ჩვენ ვენეციის კომისიას გავაცანით ჩვენი ხედვა, მაგრამ მთავრობა არ აძლევს ვენეციის კომისიას როგორც ჩანს, საერთოდ საკმარის დროს იმისთვის, რომ მათ რაიმე მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღონ ამ პროცესში", - განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ სალომე სამადაშვილმა.

კანონპროექტთან დაკავშირებით ნეგატიური პოზიცია დააფიქსირეს პარლამენტის ოპოზიციური ფრაქცია „პატრიოტთა და სოციალ-დემოკრატთა ალიანსის“ წარმომადგენლებმაც. როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა აღნიშნა, ფრაქციის წევრები უმრავლესობის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს მხარს არ უჭერენ.

„მხარს არ ვუჭერთ „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს, რადგან ის ფრაგმენტულ ცვლილებებზეა გათვლილი და ფუნდამენტურ ცვლილებებს ვერ განაპირობებს მართლმსაჯულების სისტემაში, ვერც მოსამართლეების შერჩევის პროცესში. სწორედ იმაზე ვისაუბრეთ, რომ ფუნდამენტური რეფორმა უნდა განხორციელდეს, ასევე იმაზე, რომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა უნდა გაუქმდეს“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონი ჩავარდა – უმრავლესობამ სიტყვა შეასრულა >>

დეპუტატმა გამოთქვა იმედი, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ძალიან მკაფიო და მკაცრი იქნება.

კანონპროექტის ნაკლოვანებები

ვიზიტის ფარგლებში ვენეციის კომისიის ექსპერტები ასევე დამოუკიდებელ დეპუტატებს შეხვდნენ. მათ შორის იყო პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია, რომელმაც წლის დასაწყისში „ქართული ოცნება“ სკანდალის ფონზე დატოვა. თავისი წასვლის მიზეზად მან სწორედ „სასამართლო სკანდალი“ დაასახელა.

შურისძიება დაუმორჩილებლობისთვის თუ ბოლომდე არმიყვანილი საქმე – აგორდა ახალი სკანდალი >>

დელეგაციასთან შეხვედრაზე ბესელიამ მკვეთრად გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კანონპროექტი და ექსპერტებს გაუზიარა თავისი მოსაზრებები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესებსა დ კრიტერიუმებთან დაკავშირებით.

„მე ავუხსენი მათ, რატომ მიმაჩნია, რომ ირაკლი კობახიძის მომზადებული პროექტი საფრთხეს შეიცავს. მოსამართლეთა შერჩევის კონკურსი რეალურად არის ჩაკეტილი და მხოლოდ მოქმედი მოსამართლეებისთვის არის შესაძლებელი მასში მონაწილეობა და სასამართლო ხელისუფლებაში გარედან ვერავინ შემოვა ამ ვერსიით. კენჭისყრის ეს მოდელი - ხუთდონიანი ფილტრი ნიშნავს, რომ პრაქტიკულად უნდა დაიჩეხოს სია პარლამენტისთვის, რაც არის ცუდი ვერსია“, - აღნიშნა ბესელიამ.

ეკა ბესელია - Sputnik საქართველო
ვნებები პარლამენტში: ბესელიას „პრინციპულობა" კანონპროექტის ბედზეა დამოკიდებული

ბესელია სასამართლო რეფორმის ერთ-ერთი ინიციატორი და ავტორი იყო. ის „ქართული ოცნების“ დაარსების სათავეებთან იდგა და სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე იყო. სწორედ ის გახდა ამჟამინდელი სასამართლო სკანდალის მთავარი წამომწყები, მაშინ როდესაც პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სია შევიდა.

ბესელიამ განაცხადა, რომ არასდროს დაუჭერს მხარს იმ მოსამართლეებს, რომლებიც ემსახურებოდნენ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ის მრავალი წელი ებრძოდა, და „ქართული ოცნების“ რიგები დემონსტრაციულად დატოვა. ბესელია არ შეაჩერა იმანაც, რომ პარტიის ლიდერები დათანხმდნენ, როგორც ის ამას მოითხოვდა, შეეჩერებინათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი და შეემუშავებინათ შერჩევის მკაფიო კრიტერიუმები, რათა მოსახლეობას მათ ობიექტურობაში ეჭვი არ შეჰპარვოდა.

ამასობაში კი უზენაეს სასამართლოში მუშახელის კატასტროფული დეფიციტია - 28 ადგილიდან 18 ვაკანტურია.

რას სთავაზობს „ქართული ოცნება“

„ქართულ ოცნებაში“ ამტკიცებენ, რომ ისინი გაითვალისწინებენ ვენეციის კომისიის შენიშვნებს, რომელმაც ცვლილებების მიხედვით დასკვნა უნდა მოამზადოს. მანამდე კი კენჭისყრა მეორე მოსმენით არ შედგება.

ცვლილებების თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევა ხუთ ეტაპად ჩატარდება.

პირველ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო აცხადებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიაზე განაცხადების მიღებას. განცხადების შეტანა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა ასაკი არის 30 წელზე მეტი, რომელთაც აქვთ იურიდიული განათლება და მაგისტრის ხარისხი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის სტატუსის შესაფერისი მუშაობის გამოცდილება და ფლობენ სახელმწიფო ენას.

ცვლილებების თანახმად, კონკურსში მონაწილება შეუძლიათ: მოქმედ მოსამართლეს ხუთწლიანი პროფესიული გამოცდილებით, ასევე ყოფილ მოსამართლეს პროფესიული მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილებით, მაგრამ მისი სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 წელი არ უნდა იყოს გასული. ასევე კონკურსში ჩართვის უფლება ექნება სამართლის დარგის გამორჩეული კვალიფიკაციის სპეციალისტს, რომელსაც სპეციალობით მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება აქვს და ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

ქართული ოცნების ოფისი - Sputnik საქართველო
ქართული პოლიტიკური გოგლიმოგლი და მოსამართლის გაცვეთილი მანტია...

მიღებული განცხადებების განსახილველად, კანდიდატების სიისა და მათი ბიოგრაფიების გამოსაქვეყნებლად და დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ექნება ხუთი დღე. უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელი იქნება უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში.

მეორე ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჩაატარებს ფარულ კენჭისყრას კანდიდატების შესარჩევად. მათი რაოდენობა ვაკანსიების რაოდენობას სამჯერ უნდა აღემატებოდეს. შერჩეული კანდიდატების სიაც უნდა გამოქვეყნდეს.

მესამე ეტაპი გულისხმობს კანდიდატებთან საჯარო გასაუბრებას. გასაუბრების შემდეგ გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფარული კენჭისყრა, რომელზეც კანდიდატთა რაოდენობა შემცირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ვაკანსიების რაოდენობამდე. ეს სიაც უნდა გამოქვეყნდეს.

მეოთხე ეტაპი ითვალისწინებს ცალკე კენჭისყრას თითოეული კანდიდატის ასარჩევად. თუ კანდიდატი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ 2/3 ხმას მიიღებს, მას დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენენ.

კანდიდატების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე უნდა გამოქვეყნდეს. ამის შემდეგ ერთ კვირაში კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ ქონებრივი დეკლარაცია და ცნობა ნარკოლოგიური უწყებიდან.

მეხუთე, ანუ ბოლო ეტაპი ეხება შემთხვევებს, როდესაც პარლამენტი უარს ამბობს ამა თუ იმ კანდიდატის დამტკიცებაზე. ამ შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უნდა წარუდგინოს ისეთი კანდიდატი, რომელიც კანდიდატების შერჩევის მესამე ეტაპამდე ვერ მივიდა.

შესწორების თანახმად, პირველი ეტაპი უნდა დაიწყოს შესწორებების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს ერთი თვის შემდეგ.

ცვლილებები ძალაში შევა მას შემდეგ, რაც პარლამენტი მათ მეორე და მესამე მოსმენით დაამტკიცებს.

ყველა ახალი ამბავი
0