„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონი ჩავარდა – უმრავლესობამ სიტყვა შეასრულა

© Parliament of Georgiaპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეკა ბესელია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ დატოვების შესახებ

საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა პარლამენტის დეპუტატ ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრეების ინიციატივას საქალაქო, რაიონული და სააპელაციო მოსამართლეების უვადო წესით  დანიშვნის  2025 წლამდე გადადების შესახებ.

 პარლამენტში „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ და ლევან გოგიჩაიშვილმა შეიმუშავეს და  11 თებერვალს წარადგინეს.

ვნებები პარლამენტში: ბესელიას „პრინციპულობა" კანონპროექტის ბედზეა დამოკიდებული>>>

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 45 დეპუტატმა, წინააღმდეგ  ხმა მისცა 17–მა, ამასთან, მინიმუმ 76 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.

მანამდე ინიციატივა იურიდიულმა კომიტეტმა ჩააგდო, რომელმაც განაცხადა, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ქვეყნის განახლებულ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ქვეყნის მთავარ კანონში წერია, რომ საერთო სასამართლოების მოსამართლეები უვადოდ ინიშნებიან.

მომხდარით აღშფოთებულმა ბესელიამ უკვე გააჟღერა, რომ ამით მმართველ პარტიაში მისი ყოფნა სრულდება. ბესელია ერთ–ერთი მათგანია, რომელმაც 2011 წელს, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებამდე ერთი წლით ადრე,  პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ დააფუძნა.

ბობოქარი განხილვები და ბრალდებები

საპარლამენტო უმრავლესობამ, უფრო სწორად „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ჯერ კიდევ თანაპარტიელების ბესელია–ფოფხაძე–გოგიჩაიშვილის ინიციატივას არაკონსტიტუციური უწოდეს. 

ეკა ბესელია - Sputnik საქართველო
ბესელია: ყურში ჩურჩულით ვერ გადაწყდება ისეთი საკითხები, რომელიც ყველა მოქალაქეს ეხება

 „მე ვსვამ კითხვას და მივმართავ საზოგადოებას: რამდენად სამართლიანი ვიქნებით და გვაქვს კი ჩვენ ლეგიტიმაცია მივიღოთ კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის მთავარ კანონს–კონსტიტუციას, რომელიც ქვეყნის ნებას გამოხატავს? კონსტიტუცია უზენასი კანონია, რომელსაც უნდა შეესაბამებოდეს ყველა საკანონმდებლო აქტები, რომელთაც პარლამენტი იღებს“, – განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.
სასამართლოს საკითხის შემდგომი განხილვისთვის მზად არის პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

 „ჩვენი პოლიტიკური პოზიცია იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ მზად ვართ ეს საკითხი მოქმედი კონსტიტუციის ფარგლებში განვიხილოთ... არის შემთხვევები, როდესაც კანონის კონსტიტუციურობის დადგენას სერიოზული სამართლებრივი, მეცნიერული წიაღსვლებიც კი სჭირდება, მაგრამ ჩვენ გვაქვს ინიციატივის ტექსტობრივი  შეუსაბამობა კონსტიტუციასთან“, – განაცხადა კობახიძემ.

მან აღნიშნა, რომ თავის დროზე კონსტიტუციაში ცვლილებები ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე შევიდა.

კობახიძემ პარლამენტის ტრიბუნიდან კანონპროექტის ავტორები ყოფილ მმართველ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ გარიგებაში დაადანაშაულა. 

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
„ბესელიას განცხადება გაუგებარია" - ივანიშვილი მოსამართლეების ირგვლივ აჟიოტაჟს აფასებს

პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვებმა ბესელია ძალზე გააღიზიანა. „ირაკლი კობახიძის გამოსვლა შეურაცხმყოფელი იყო. მან კოლეგები იმ პოლიტიკურ ძალასთან ალიანსში დაადანაშაულა, რომელსაც ამ დროის განმავლობაში იცავს თავად“, – განაცხადა მან.

 „როცა ჩვენ „ნაცმოძრაობას“ ვებრძოდით და ტყვიების ზუზუნში ვიდექით, ამ სიტყვების ავტორი (კობახიძე – რედ.) გოგლი–მოგლს მიირთმევდა და ჭუჭრუტანიდან გვიყურებდა გავუძლებდით და გადავრჩებოდით თუ არა... ყველა დავინახავთ როგორ პასუხს მიიღებს იგი და  ამ ნაბიჯების შემდეგ პარლამენტის როგორი თავმჯდომარე იქნება“, – განაცხადა ბესელიამ.

ამასთან, მან პარლამენტის თავმჯდომარისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

 „პარლამენტის თავმჯდომარე ან ბოდიშს მოიხდის იმ სიტყვებისთვის, რომლის გამოც  მე მის მაგივრად მოვუხადე ბოდიში კოლეგებს, ან  იმ ადამიანების მიერ იქნება უარყოფილი, ვინც იმ იდეალებისთვის იბრძოდა და იბრძვის დღესაც, რომლითაც ირაკლი კობახიძე გახდა სწორედ ამ თანამდებობაზე განწესებული.  თუ მან არ იცის, ეს რას ნიშნავს, ჩვენ ვაჩვენებთ, ეს როგორ ხდება“, – განაცხადა ბესელიამ.

ამასთან, ბესელიას ინიციატივას „ნაცმოძრაობამ“ მხარი დაუჭირა.

შურისძიება დაუმორჩილებლობისთვის თუ ბოლომდე არმიყვანილი საქმე – აგორდა ახალი სკანდალი>>>

„დღეს ისტორიული შანსია, რომლის გამოყენებაც აუცილებელია. კანონპროექტი უნდა იქნას მიღებული, რათა სასამართლოში მეტასტაზების გავრცელების პროცესი შეჩერდეს“, – განაცხადა „ნაცმოძრაობის“ ერთ–ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ.

ხოლო პარტიამ „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ გადაწყვიტა ცვლილებების საკუთარი ვარიანტი წარმოედგინა, რომელიც დეპუტატმა ოთარ კახიძემ გაახმოვანა.

 „გთავაზობთ შემდეგ მოდელს: დაინიშნონ ახალი მოსამართლეები, მაგრამ  მოქმედი მოსამართლეების გადანიშვნა გადავადდეს დროებით, ვიდრე რეფორმა არ ჩატარდება“, – განაცხადა ოთარ კახიძემ პარლამენტის სხდომაზე.

თუმცა, „ევროპულმა საქართველომ“ მაინც დაუჭირა მხარი ბესელიას ინიციატივას.

 „ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ კანონპროექტს, რადგანაც ჩვენი ალტერნატივა ულტიმატუმი არ არის და ჩვენ გვინდა პროგრესი ქვეყანაში“, – განაცხადა პარტიის წევრმა ელენე ხოშტარიამ.

წავა თუ არა ბესელია

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ინფორმაციით, ფოფხაძე და გოგიჩაიშვილი საპარლამენტო უმრავლესობას კვირის ბოლომდე დატოვებენ. 

დეპუტატები - Sputnik საქართველო
ახალი ფრაქცია თუ სხვა გაერთიანება – ვინ დადგება ბესელიას გვერდით

ადრე ბესელიამ ღიად განაცხადა, რომ მისი მომავალი პოლიტიკური გეგმები – „ქართულ ოცნებაში“ დარჩება თუ არა – დამოკიდებული იქნება იმაზე, პარლამენტი საერთო სასამართლოების მოსამართლეების უვადო დანიშვნის შესახებ მის საკანონმდებლო ინიციატივას  მხარს დაუჭერს თუ არა.

ბესელიასა და მმართველ პარტიას შორის ურთიერთობა 2018 წლის ბოლოს გაფუჭდა. დეკემბერში ბესელიამ, ყველასათვის მოულოდნელად, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა.

მიზეზად კი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სიის მიუღებლობა დაასახელა. ეს განმარტება გაუგებარი აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის, რადგან, მისი თქმით, ბესელიას გადადგომა ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში იგეგმებოდა და ის პარლამენტის ვიცე-სპიკერი უნდა გამხდარიყო.

რაც შეეხება მოსამართლეებს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს მოსამართლეების 10 კანდიდატისგან შემდგარი სია წარუდგინა დასამტკიცებლად. კანდიდატები არ მოეწონა როგორც  ოპოზიციას, ისე მმართველ პარტიის ნაწილს. სიაში იმ კანდიდატების სახელები იყო, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებდნენ. ბესელიამ განაცხადა, რომ იგი არასდროს დაუჭერს მხარს იმ მოსამართლეებს, რომლებიც იმ პოლიტიკურ გუნდს ემსახურებოდნენ, რომლის წინააღმდეგაც მრავალი წლის განმავლობაში,  2012 წელს ხელისუფლების შეცვლამდე იბრძოდა.

ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლების  საპროტესტო ტალღის შემდეგ პროცესი შეჩერდა. გადაწყდა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის მკაფიო კრიტერიუმები შემუშავდეს, რათა მისი დამოუკიდებლობა და ობიექტურობა იყოს უზრუნველყოფილი. სასამართლო სკანდალი თითქოს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ „ქართულ ოცნებაში“ ვნებათაღელვა არ ცხრებოდა. ბესელიასა და პარტიის სხვა ლიდერებს შორის ურთიერთობა ყოველდღიურად უარესდებოდა. უფრო მეტიც, ბესელიამ უკვე განაცხადა, რომ შეიძლება პარტია დატოვოს და პარლამენტში ახალი ფრაქცია შექმნას, რომელიც მისი თანამოაზრეებით დაკომპლექტდება.

ყველა ახალი ამბავი
0