ვნებები პარლამენტში: ბესელიას „პრინციპულობა" კანონპროექტის ბედზეა დამოკიდებული

გამოწერა
საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ეკა ბესელია მოსამართლეების უვადო დანიშვნის წინააღმდეგია და საქალაქო, რაიონული და სააპელაციო მოსამართლეების უვადო წესით დანიშვნის 2024 წლის 31 დეკემბრამდე გადადების ინიციატივით გამოდის

საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტში  „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი წარადგინა, რომელმაც მასსა და საპარლამენტო უმრავლესობის სხვა ლიდერებს შორის უთანხმოების ახალი ტალღა ააგორა.

შეუცვლელი არავინ არის - „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრის შედეგები>>>

ბესელია საქალაქო, რაიონული და სააპელაციო მოსამართლეების უვადო წესით დანიშვნის 2024 წლის 31 დეკემბრამდე გადადების ინიციატივით გამოდის. მან  მიზეზად მოსამართლეების შერჩევის სისტემის გაუმჯობესება დაასახელა, რათა სასამართლოები პროფესიონალი და მაღალი პიროვნული თვისებების მქონე პირებით დაკომპლექტდეს.

ამასთან, საქართველოს განახლებული კონსტიტუციის თანახმად, 2018 წლის ბოლოდან საერთო სასამართლოების მოსამართლეები უვადოდ ინიშნებიან. სწორედ ამ შეუსაბამობამ გამოიწვია იურისტებს შორის უკმაყოფილება.

სასამართლო აურზაური

ბესელიამ, რომელიც საქართველოში სასამართლო რეფორმის ერთ-ერთი ინიციატორია, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი 2018 წლის 27 დეკემბერს დატოვა. 

ეკა ბესელია - Sputnik საქართველო
ბესელიას ვიდეოს გამავრცელებელი სომხეთის ციხეში სასჯელს იხდის

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად დეპუტატმა დაასახელა ის, რომ მისთვის მიუღებელი იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცედურის ნაჩქარევად ჩატარება. ეს განცხადება „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილისთვის გაუგებარი აღმოჩნდა, რადგანაც მისი სიტყვებით, ბესელიას გადადგომა ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში იყო დაგეგმილი – მას პარლამენტის ვიცე–სპიკერის პოსტი უნდა დაეკავა.

რაც შეეხება მოსამართლეებს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს მოსამართლეების 10 კანდიდატისგან შემდგარი სია წარუდგინა დასამტკიცებლად. კანდიდატები არ მოეწონა როგორც  ოპოზიციას, ისე მმართველ პარტიის ნაწილს. სიაში იმ კანდიდატების სახელები იყო, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებდნენ. ბესელიამ განაცხადა, რომ იგი არასდროს დაუჭერს მხარს იმ მოსამართლეებს, რომლებიც იმ პოლიტიკურ გუნდს ემსახურებოდნენ, რომლის წინააღმდეგაც მრავალი წლის განმავლობაში,  2012 წელს ხელისუფლების შეცვლამდე იბრძოდა.

შურისძიება დაუმორჩილებლობისთვის თუ ბოლომდე არმიყვანილი საქმე – აგორდა ახალი სკანდალი>>>

ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლების  საპროტესტო ტალღის შემდეგ პროცესი შეჩერდა. გადაწყდა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის მკაფიო კრიტერიუმები შემუშავდეს, რათა მისი დამოუკიდებლობა და ობიექტურობა იყოს უზრუნველყოფილი. მანამდე კი სასამართლოში მოსამართლეების ნაკლებობაა  – 28 ადგილიდან ჯერ კიდევ ვაკანტური 18 ადგილია.

სასამართლო სკანდალი თითქოს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ „ქართულ ოცნებაში“ ვნებათაღელვა არ ცხრებოდა. ბესელიასა და პარტიის სხვა ლიდერებს შორის ურთიერთობა ყოველდღიურად უარესდებოდა. უფრო მეტიც, ბესელიამ უკვე განაცხადა, რომ შეიძლება პარტია დატოვოს და პარლამენტში ახალი ფრაქცია შექმნას, რომელიც მისი თანამოაზრეებით დაკომპლექტდება.

ბესელიას სიტყვებით, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, პარლამენტი საერთო სასამართლოების მოსამართლეების უვადო დანიშვნის შესახებ მის საკანონმდებლო ინიციატივას მხარს დაუჭერს თუ არა. კანონპროექტს მხარი დაუჭირეს დეპუტატებმა გედევან ფოფხაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ალექსანდრე არქვანიან, ზვიად კვაჭანტირაძემ, კობა ნარჩემაშვილმა, ლევან კობერიძემ, დავით ჭიჭინაძემ და ოთარ ჩრდილელმა.

საკამათო ცვლილებები

პარლამენტის ბიურომ უკვე დაარეგისტრირა ბესელიას ინიციატივა. თუმცა, როდესაც მან ცვლილებების დაჩქარებულ ვადაში განხილვა ითხოვა, კობახიძემ, რომელთანაც მას ღია დაპირისპირება აქვს, დეპუტატს იურიდიულ კომიტეტზე მიუთითა.

 „ეს საკითხი – იურიდიული კომიტეტის პრეროგატივაა და თქვენ შეგიძლიათ კონსულტაციები კომიტეტთან გაიაროთ“, – განაცხადა პარლამენტის თვმჯდომარემ. 

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
კობახიძე: საჭიროა ახალი სისხლი გუნდში

იურიდიული კომიტეტის ამჟამინდელი თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ბესელიასთან კონსულტაციების დაწყებას დასთანხმდა, თუმცა, იგი გააფრთხილა, რომ არ აჩქარდება.

 „ჩვენ შეგვიძლია საკითხი  ვადების დაცვით  განვიხილოთ. ჩვენ კონსულტაციებისთვის მზად ვართ. მე არ ვფიქრობ, რომ ამისთვის ბიუროს ფორმატია  საჭირო“, – განაცხადა ოხანაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

თუმცა ამაზე კომენტარები არ დასრულებულა.

 „ჩვენ კანონის სიღრმეებში  უნდა ჩავიხედოთ და განვსაზღვროთ სასამართლო სისტემაში ამ კანონპროექტს რა შედეგი მოყვება. ახლა სასამართლოებში 300 მოსამართლეა და ეს საკმარისი არაა. საქმეებს დიდხნს იხილავენ. თუ ამ კანონპროექტის მიღების შემდეგ მოსამართლეების რაოდენობა კატასტროფულად შემცირდება, ჩვენ ვერ შევძლებთ ამ კანონის მიღებას“, – განაცხადა კობახიძემ.

ეკა ბესელიას განცხადებით, მისი ინიციატივა სასამართლო სისტემის გაუმჯობესებისკენაა მიმართული.

 „ეს ინიციატივა მნიშვნელოვანია როგორც სამართლებრივი, ისე სახელმწიფო მნიშვნელობის თვალსაზრისით. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რეფორმები და რეფორმები ისე უნდა განხორციელდეს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჩვენ არ აღმოვაჩინოთ სრულიად დახურული სასამართლო სისტემა, რომელიც წინა ხელისუფლების მოსამართლეებით იქნება დაკომპლექტებული“, – აღნიშნა ბესელიამ.

როდის დაიწყება კანონპროექტის განხილვა, ჯერჯერობით უცნობია. ამ დროისთვის საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტი, რომელიც წამყვანი კომიტეტია, სხვა კანონპროექტებს იხილავს.

ყველა ახალი ამბავი
0