თითქმის უკვე ორი წელიწადია, რაც ვიზალიბერალიზაცია გვაქვს, თქვენ კი ისევ თქვენი მეგობრების სელფებს იწონებთ როგორ ერთობიან დაივინგით იტალიაში, ან კიდევ ფინჯან ყავასთან ერთად როგორ მიირთმევენ კრუასანებს ეიფელის კოშკთან...
საოცარი ისაა, რომ არც თქვენი მეგობრები არიან მილიონერები, ყოველ თვე რომ მოგზაურობენ.
ნუ დაიწყებთ მოგზაურობას „ორშაბათიდან“, დაიწყეთ შემდეგი ხელფასიდან და გაანაწილეთ ბიუჯეტი სწორად. ვის გინდათ უცხო ქვეყნიდან ჩამოსვლის შემდეგ თვეების განმავლობაში სესხის გადახდა მოგიწიოთ?
ინტერნეტი ყველას გვაქვს, ხო და აქვე გთავაზობთ საიტებს, სადაც გადახვალთ და იპოვით ტრენინგებს, დებატებს, სეზონურ ბანაკებს, ლექციებს საერთაშორისო უნივერსიტეტებსა თუ სხვადასხვა აქტოვობებს სრული დაფინანსებით. აქ ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა თქმა უნდა პენსიის წინა დღე თუ არ გაქვთ:
http://eyp.org/sessions/all-events
მთავარია აპლიკაციის სწორად შევსება. ეს ის საიტებია, სადაც მოგზაურობას + ცოდნა იდეალურ მოგონებებს ქმნის.
იცოდით, რომ უნივერსიტეტი მხოლოდ საგნების სასწავლებლად არ გამოიყენება? თუ კი, მაშინ რატომ არასდროს გიფიქრიათ გრძელვადიან გაცვლით პროგრამებზე? დავიჯერო, არ გხიბლავთ კრაკოვის ულამაზესი მოედანი, ან ბერლინის კლუბები? მესმის... სტუდენტის შემოსავალი (თუ ამას შემოსავალი ჰქვია) ნაცნობი თემაა, რომელიც ახლა ტკბილ მოგონებად მექცა. თქვენ ფიქრობთ, რომ სანამ დანიშნულების ადგილამდე ჩააღწევთ აღარც ევროები ჩაგყვებათ და აღარც ხალისი. მგზავრობა, საცხოვრებელი, კვებაო...
მნიშვნელობა არ აქვს თქვენ სტუდენტი ხართ, თუ არა, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, პუბლიკაციის ბოლოს, თუ ისევ თქვენს აზრზე დარჩებით, მზად ვარ თითოეული დახარჯული ცენტი აგინაზღაუროთ.
ვიწყებთ ავიაკომპანიის შერჩევით
ჩვენ გთავაზობთ დაბალბიუჯეტიან უნგრულ ავიაკომპანიას WizzAir. ავიაკომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ამ დროისთვის 21 მიმართულებით ასრულებს. 2018 წლის მონაცემებით, ავიაკომპანია საქართველოს ბაზრის ლიდერი იყო – 587 179 გადაყვანილი მგზავრით. ხშირ შემთხვევაში კი ქუთაისიდან ევროპის ქალაქებში გადაფრენა იგივე ჯდება რაც თბილისიდან ბათუმში ავტომობილით ჩასვლა.
ასევე, ყველა ავია კომპანიის ყველაზე იაფი ბილეთები შეგიძლიათ ნახოთ საიტზე: www.skyscanner.com .
თუ ოდესმე ბილეთების მოძებნა გიცდიათ, დიდი ალბათობით, რამდენიმე დღის შემდეგ ფასები კატასტროფულად მომატებული დაგხვედრიათ. ეს იმიტომ, რომ თქვენი ძიების ისტორიის მონიტორინგი ავიახაზებსაც შეუძლიათ. ვინ ვის აჯობებსო თქვეს მოგზაურობაზე დამოკიდებულებმა და მიმართეს უმარტივეს გზას - ინკოგნიტო ბრაუზერი (CTRL+SHIFT+N), რათა ავიახაზების სისტემამ ვერ ამოიცნოს თქვენი მეორე სტუმრობა ვებ-გვერდზე.
თუ მაინც გაგიძვირდათ მგზავრობა, არც მაშინ ხართ ამ წურბელების ანაბარა - დაზოგეთ ფული და იმოგზაურეთ არაპირდაპირი რეისით. გზად ერთი ან რამდენიმე გაჩერება მოგიწევთ. ამ შემთხვევაში, ზოგჯერ რეისებს შორის ხანგრძლივი ლოდინი გჭირდებათ. შესაძლებლობა გექნებათ უცხო ქალაქიც მოინახულოთ, მაგრამ თუ ეს თქვენი პირველი მოგზაურობაა, რისკი იმისა, რომ სანამ დანიშნულების ადგილამდე ჩახვალთ დაიკარგებით ან რეისზე დააგვიანებთ, უფრო იზრდება.
მოგზაურობისთვის ჩვენთვის ყოველთვის სეზონია, მაგრამ როდის არის საუკეთესო დრო ბილეთის ყიდვისთვის? შუა კვირა (სამშაბათი, ხუთშაბათი) უფრო ხშირად ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია ბილეთების იაფად შესაძენად.
მოკლედ რომ ვთქვათ, მგზავრობა მოვაგვარეთ
არც საცხოვრებლის თანხების ანაზღაურებას ვაპირებ თქვენთვის, ამიტომ გეტყვით: თუ სასტუმროს ცივ კედლებში დარჩენა თქვენი ჰობი არ არის.
შეგიძლიათ ისარგებლოთ www.couchsurfing.org. ეს არის საიტი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურების გაერთიანებად იქცა. სულით მონათესავეებმა იციან მოგზაურობის ეშხი და უფასო მასპინძლებიც არიან. სიკეთე მოითხოვს ჩვენც იგივე გავაკეთოთ და შევთავაზოთ საცხოვრებელი ჩვენს ქალაქში. ანუ ეს საიტი საცხოვრებლის მარტივი გაცვლა და ბარტერი გამოდის. სანამ ვინმესთან დარჩენას გადაწყვეტთ, თუ არ გსურთ თქვენი მოგზაურობა ზედმეტად საინტერესო გახდეს, შეამოწმეთ მასპინძლის რეიტინგი საიტზე, რომლის შეფასებასაც სტუმრები ტოვებენ.
ჰეი, თქვენ რა, სახლში დარჩენას აპირებთ? აიღეთ თქვენი რუკა და შედით www.blablacar.com ზე. იდეალურია... ამ საიტზე დარეგისტრირებული მომხმარებლები წერენ, როდის გადაადგილდებიან A პუნქტიდან B პუნქტისკენ და რამდენი მგზავრის ადგილი აქვთ ავტომობილში. შედარებისთვის: თუ FlixBus-ის ავტობუსი 75 ევრო ღირს, თქვენ შეგიძლიათ 15-20 ევროდ იმგზავროთ.
ეგეც რომ არა, მოგზაურობა ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ფულის ხარჯვით მდიდრდები.
უამრავი მიზეზი არსებობს, რის გამოც მოგზაურობა სასარგებლო და საინტერესოა. მეტსაც გეტყვით, არავინ ბრუნდება ისეთი, როგორიც მოგზაურობამდე იყო...
მართალია, ხშირ შემთხვევაში სულაც არ არის ადვილი, ჩაალაგო ნივთები და წახვიდე, მაგრამ ზოგჯერ ეს აუცილებელიცაა.