თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. საქართველოში გრიპით გამოწვეული გართულებების გამო 42 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
საქართველოში გრიპის ვირუსი H1N1 მძვინვარებს. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ვირუსის გართულების გამო უკვე 15 ადამიანი დაიღუპა. ამასთან დაკავშირებით გადაიდო სასწავლო პროცესი საჯარო სკოლებში და თბილისის საბავშვო ბაღებში. სწავლის დაწყება რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელშიც გადაიდო.
ამ დროისათვის გრიპით გამოწვეული გართულებების გამო სტაციონარში მკურნალობას 660 პაციენტი გადის, მათგან 42-ის მდგომარეობა მძიმეა. ისინი რეანიმაციულ განყოფილებებში იმყოფებიან.
ბოლო სტატისტიკა აჩვენებს, რომ 100 ათას ადამიანზე გრიპით 253 არის ავად. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში აღნიშნავენ, რომ ახალი სტატისტიკური მონაცემები ორშაბათს, 14 იანვარს გახდება ცნობილი.
რაც შეეხება ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუს“, მისი ახალი მარაგი მთელ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი და ყველა პირი პრეპარატ „ტამიფლუს“ უფასოდ სააფთიაქო ქსელებში რეცეპტის, ხოლო საოჯახო მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში - ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა #100-ის წარდგენის შემთხვევაში მიიღებს. სულ საქართველოში 13 000 კოლოფი „ტამიფლუ“ შემოიტანეს.
გრიპის ვაქცინის დამატებითი მარაგს საქართველოში უახლოეს დღეებში შემოიტანენ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში არ გამორიცხავენ გრიპის ვირუსის ახალ აფეთქებას თებერვალ-მარტში. სპეციალისტები მოსახლეობას გრიპის აცრის გაკეთებას ურჩევენ.
„ვაქცინაცია ძირითადად ოქტომბერ-ნოემბერში კეთდება, თუმცა, როდესაც ავადობის მაჩვენებელი მცირდება, სწორედ ამ პერიოდში მნიშვნელოვანია, რომ რისკ-ჯგუფებმა ჩაიტარონ აცრა, რადგან ევროპაში ჩვენთან შედარებით ავადობის მაჩვენებელი გაზრდილია. ამიტომ არსებობს ვარაუდი, რომ მოგზაურობის დროს ვირუსის ჩამოტანა მოხდება. ამის გათვალისწინებით, თებერვლის ბოლოს ჩვენთან იქნება შედარებით მცირე პიკი, რომელსაც აცრილი ადამიანები მომზადებულები დახვდებიან“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ტელეარხის ეთერში.
იაშვილის კლინიკის მთავარმა ექიმმა გრიპთან დაკავშირებულ სიტუაციაზე ისაუბრა >>
საქართველოში გრიპის ეპიდემია არ არის, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრო ურჩევს მოსახლეობას დაავადების პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე ექიმს მიმართონ.