თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. გრიპის შემთხვევების რაოდენობა მცირდება, განაცხადა პრესკონფერენციაზე იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკური საავადმყოფოს დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
საქართველოში გრიპის ვირუსი H1N1 მძვინვარებს. ვირუსის გართულების გამო უკვე 15 ადამიანი დაიღუპა. ამასთან დაკავშირებით გადაიდო სასწავლო პროცესი საჯარო სკოლებში და თბილისის საბავშვო ბაღებში. ეპიდემია არ არის, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრო ურჩევს მოსახლეობას დაავადების პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე ექიმს მიმართონ.
„გრიპი არ მაქვს“ - საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტები დაამშვიდა >>
იაშვილის კლინიკა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბავშვთა კლინიკაა. ჩხაიძის თქმით, ამ მომენტისთვის კლინიკაში გრიპისგან ან გრიპის მსგავსი დაავადებისგან 63 პაციენტი მკურნალობს. გუშინ ეს ციფრი 72-ს აღწევდა.
„დეკემბრის ბოლო კვირას იაშვილში ჯამური მომართვიანობა 483 პაციენტს შეადგენდა, იანვრის პირველ კვირაში ჯამური მომართვა 405 პაციენტი იყო. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი დეკემბრის ბოლო კვირას 205, იანვრის პირველ კვირას 160 იყო“, - განაცხადა ჩხაიძემ.
ჩხაიძემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ გასულ წელთან შედარებით გრიპის ვირუსით დაინფიცირების მონაცემები მნიშვნელოვნად გაიზარდა.
„გასულ წელთან შედარებით მონაცემები მკვეთრადაა გაზრდილი. გასულ წელს, ჩვენ A გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებული არ გვქონია, მხოლოდ B გრიპის ორი შემთხვევა იყო. წელს A გრიპის ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული უკვე 52 შემთხვევაა. H1N1 არის A გრიპის ვირუსის 99%-ში, სულ სამი პაციენტია, სადაც დადასტურდა H3N2“, – განაცხადა ჩხაიძემ.
მედიკოსთა თქმით, გრიპის დროს ყველაზე ხშირი გართულებაა ფილტვების ანთებაა. ჩხეიძის განცხადებით, დეკემბრის ბოლოს ფილტვების ანთებით იაშვილში 32 პაციენტია გოსპიტალიზებული, იანვრის პირველ კვირაში - 20.
რაც შეეხება პაციენტთა რაოდენობას, რომლებიც მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში გადიან, მათი რაოდენობა უცვლელია და სამ ადამიანს შეადგენს. ორ მათგანს დაუდასტურდა გრიპი გართულებული ფილტვების ანთებით, ხოლო ერთ პაციენტს გრიპი ფილტვების ანთების გარეშე აქვს. სამივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. სავარაუდოდ, ორი პაციენტი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტს დატოვებს, მკურნალობას ერთი პაციენტი გააგრძელებს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გამოძახებები შემცირდა, მაგრამ კლინიკებში მიმართვიანობა გაიზარდა.
თსუ-სა და ილიაუნში სწავლის პროცესი გადაიდო >>
გამყრელიძის განცხადებით, გრიპის გავრცელების კუთხით საქართველო საშუალო დონეზეა და 500 ლაბორატორიულად შემოწმებული შემთხვევიდან 270 - გრიპის ვირუსია, აქედან 98% H1N1 ტიპისაა, ხოლო H3N2 ტიპი ექვს პაციენტს დაუდგინდა.