თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში 8 კილო და 500 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკის უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა, განაცხადა შსს–ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე.
„თეთრი ხმაური“ სასწრაფო განცხადებას ავრცელებს: MDMA-ს ნაცვლად სინთეზური ოპიოიდი იყიდება>>>
მისი განმარტებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე სასაზღვრო–საკონტროლო გამშვები პუნქტ „სადახლოს“ ტერიტორიაზე ირანის მოქალაქე დააკავეს.
როგორც გამოძიებით დადგინდა, ირანის მოქალაქემ საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარი „სადახლოს“ გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოკვეთა. სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკისას, დაახლოებით, 8 კილო და 500 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება, ასევე, „ბუპრენორფინის“ შემცველი 10 აბი და ერთი შეკვრა „მეტამფეტამინი“ ამოიღეს.
შსს–ში გამოძება, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 344-ე მუხლით, 260-ე მუხლით და 262-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნარკოდანაშაულისთვის ირანის კიდევ ერთი მოქალაქეა დაკავებული, რომლიც სამართალდამცველებმა „სარფის“ საბაჟო–გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა 13 შეკვრად დაფასოებული, 600 გრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს.
ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ასევე დაკავებულია თურქეთის მოქალაქე, რომელიც პოლიციამ ბათუმის პარკში დააკავა.
სამართალდამცველებმა მისი პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 480 აბი „ექსტაზი“ ამოიღო. დაკავებულს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის კიდევ ერთი პირი - 1975 წელს დაბადებული მ.რ. თბილისში დააკავეს.
დაკავებულის მიერ მითითებული სამალავიდან, სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ,,ბუპრენორფინის” შემცველი 130 აბი ,,სუბოტექსი” ნივთმტკიცებად ამოიღეს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ორივე ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.