თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. მოძრაობა „თეთრი ხმაური“ სასწრაფო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნარკოტიკების მომხმარებლებს მოუწოდებს, სასწრაფოდ შეწყვიტონ ნებისმიერი სუბსტანციის მიღება, ვინაიდან ვრცელდება ინფორმაციები სინთეზური ოპიოიდით — ფენტანილით მოწამვლის შესახებ.
„დღეს გავრცელდა ინფორმაცია მოქალაქეების ინტოქსიკაციის შესახებ, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს სინთეზური ოპიოიდით — ფენტანილით. მისი მოქმედება ბევრად აღემატება ჰეროინის მოქმედებას“, — აღნიშნულია განცხადებაში.
„თეთრი ხმაურის“ ინფორმაციით, ეს ნივთიერება მოქალაქეებმა შეიძინეს როგორც ნარკოტიკული საშუალება MDMA, რომლის მიღების შედეგად გამოუვლინდათ სიმპტომები: ძილიანობა, არეული ცნობიერება, ჰალუცინაციები, ეიფორია, კუნთების რიგიდულობა და კომატოზური მდომარეობა.
„მოგიწოდებთ ყველა ადამიანს, ვინც მოიხმართ ნარკოტიკულ საშუალებებს, შეწყვიტოთ და ნებისმიერ ფასად თავი შეიკავოთ ნებისმიერი სუბსტანციის მიღებისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.
მოძრაობა აფრთხილებს ნარკოტიკების მომხმარებლებს, რომ ქვეყანაში შექმნილია ნალოქსონის დეფიციტი, „რომელიც ოპიოიდური ზედოზირების დროს ადამიანის სიკვდილისგან ხსნის ერთადერთი საშუალებაა“.