მიხეილ სააკაშვილის ყოფილი თანამოაზრე, ყოფილი თავდაცვის მინისტრი ღიად უპირისპირდება მმართველ პარტიას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და მის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს - თავისი გეგმების შესახებ ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეარხ Rustavi2-თვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ივანიშვილის მისამართით განსაკუთრებით კრიტიკული ბოლო რვა თვეში გახდა, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე ღიად გამოუცხადა მხარდაჭერა ოპოზიციური გაერთიანების კანდიდატს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გრიგოლ ვაშაძეს.
„Или мы его в ЗАГС, или он нас к прокурору. მილიონ კაცს ის პროკურორთან ვერ წაიყვანს, იმ მილიონ კაცს, ვინც მის წინააღმდეგ მისცა ხმა. გაზაფხულზე დაედება გარკვეული სათავე პროცესებს, რომლითაც მას მმაჩის ბიუროში აუცილებლად მივიყვანთ“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ვაშაძემ წააგო, ხოლო „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 59,52% მოიპოვა. ოპოზიციამ არჩევნების შედეგები არ აღიარა და ხელისუფლება გაყალბებაში დაადანაშაულა.
„ახლა მიდის საუბარი გარკვეული ძალის გეგმაზე. არ მინდა ვისაუბრო დეტალებზე - არ იქნება სწორი სხვა ადამიანთან შეთანხმების გარეშე ამ ყველაფრის გამოტანა გარეთ. ეს ყველაფერი, რაც საპრეზიდენტო არჩევნებზე მოხდა, უკვალოდ არ ჩაივლის. ამ ყველაფრის ასე გაგრძელდება, რაც ქვეყანაში ახლა ხდება, შეუძლებელია“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.
ოქრუაშვილის მტკიცებით, მისი აქტიურობა არ მოეწონა ხელისუფლებას, რომელსაც მის წინააღმდეგ 19 წლის ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმის გამოყენება შეუძლია.
სალომე ზურაბიშვილმა თავისი პრიორიტეტები დაასახელა >>
რობაქიძე საპატრულო პოლიციამ 2004 წლის ნოემბერში მოკლა, იმ დროს კი ოქრუაშვილი შს მინისტრის პოსტს იკავებდა. საქმემ დიდი რეზონანსი გამოიწვია, ოპოზიციამ ის „ხელისფლების მიერ გაყალბებული საქმეების“ სიაში შეიტანა.
რამდენიმე დღის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმის ხუთივე ფიგურანტი ბრალდებულად ცნო. განაჩენის გამოცხადებისთანავე ბუტა რობაქიძის დედამ, ის მეტრეველმა განაცხადა, რომ პროკურატურამ ახალი საქმე წამოიწყო და ბრძანების გამცემი ყველა პირი დაისჯება. გარდა ამისა, ბუტას მამა, სოსო რობაქიძე ადასტურებს, რომ ოქრუაშვილი დასაკავებელი ადამიანების „შავ სიაშია“.
„ისინი უკვე პროკურატურაში დაწერილი შპარგალკების ენით საუბრობენ. ეს უკვე ცხადია. მინდა მივმართო პროკურატურას და ხელისუფლებას. ამ საქმეში ჩემს წინააღმდეგ არაფერი არ არსებობს, არანაირი უმცირესი სამხილიც კი არ არსებობს. და შანტაჟის ენით ნუ მელაპარაკებიან. მესმის, რომ ეს გზავნილია - ან გაჩუმდი, ან შეწყვიტე გარკვეული აქტიურობა, თუ პრობლემები არ გინდა“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.
2004 წლის იანვარში სააკაშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ოქრუაშვილი გენერალური პროკურორი გახდა.
2004 წელს ის შს მინისტრი გახდა, დეკემბერში - თავდაცვის. 2006 წელს ის თავდაცვის მინისტრის პოსტიდან მოხსნეს და ეკონომიკური განვითარების მინისტრად დანიშნეს, ხოლო ერთ კვირაში ის გადადგა.
2007 წელს ოქრუაშვილმა შექმნა ოპოზიციური პარტია „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ და ხელისუფლებას ბრალდებები წაუყენა. მან დაადანაშაულა სააკაშვილი თავისი ოჯახის ინტერესების ლობირებაში მსხვილი ფინანსური გარიგეგების დადებისას, ცხინვალის რეგიონში თავდასხმის მომზადებაში, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის განხეთქილების გეგმის შემუშავებაში და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციის განზრახვაში.
ამ განცხადების შემდეგ ოქრუაშვილი დააპატიმრეს. მას სსკ-ის ოთხი მუხლით წაუყენებს ბრალდება - გამოძალვა, სამსახურებრივი გულგრილობა, ფულის გათეთრება და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. დაკითხვაზე ოქრუაშვილმა პრეზიდენტის მიმართ გამოთქმული ბრალდებები უკან წაიღო და თავი ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო. მან განაცხადა, რომ „ხმამაღალი“ ბრალდებები მას პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად დასჭირდა. ოქრუაშვილის აღიარების ვიდეოკადრები ტელევიზიით გავრცელდა.
მოგვიანებით ოქრუაშვილი 10 მილიონი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. „იმედის“ პირდაპირ ეთერში მან განაცხადა, თავის სიტყვებზე უარის თქმა ზეწოლის ქვეშ მოუწია და მან კვლავ დაადასტურა ბრალდებები სააკაშვილის მისამართით. პროკურატურამ განაცხადა, რომ მისი განცხადებები სიცრუეს წარმოადგენს. ის მალევე გაემგზავრა სამკურნალოდ მიუნხენში, შემდეგ კი ხელისუფლებამ მასზე ძებნა გამოაცხადა. 2008 წელს ოქრუაშვილს დაუსწრებლად 11 წლით პატიმრობა მიესაჯა. 2008 წლის აპრილში მან საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.
საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 2012 წელს ის სამშობლოში საფრანგეთიდან დაბრუნდა, სადაც პოლიტიკური დევნილის სტატუსით ცხოვრობდა. ის პირდაპირ აეროპორტში დააპატიმრეს. მის მიმართ სხვადასხვა საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა.
2013 წელს პროკურატურამ განაცხადა, რომ ოქრუაშვილს ფულის გათეთრებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდება მოეხსნა. შემდეგ კი სააპელაციო სასამართლომ გააუქმა 2008 წლის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ოქრუაშვილს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა. საპატიმროდან ოქრუაშვილი 11 იანვარს 25 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. იანვრის ბოლოს მას ყველა ბრალდება მოეხსნა.
2016 წელს ოქრუაშვილი დარეგისტრირდა გორის მერობის კანდიდატად, თუმცა აპრილში ცესკო-მ მისი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება ბათილად ცნო.
2016 წლის აგვისტოში ოქრუაშვილმა გადაწყვიტა კენჭი ეყარა პარლამენტში მაჟორიტარ დეპუტატად გორის საარჩევნო ოლქიდან. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ამომრჩევლებთან შეხვედრაზე მასზე თავდასხმა მოხდა. სროლის შედეგად დაიჭრნენ ოქრუაშვილის დაცვის წევრი და ადგილობრივი მკვიდრი. თავად ოქრუაშვილი არ დაშავებულა.
ოქრუაშვილმა თავდასხმის ორგანიზებაში დაადანაშაულა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, კონკრეტულად კი „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, კახა კალაძის ცოლის ძმა — გიორგი არეშიძე. მან ასევე დაასახელა მსროლელის ვინაობა - არაერთგზის ნასამართლევი ალექსანდრე ინდუაშვილი.