თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. სააკაშვილის მმართველობის პერიოდის თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა გადაწყვიტა, საქართველოს პარლამენტში გორის მაჟორიტარად იყაროს კენჭი, რომლის კანდიდატურაც საინიციატივო ჯგუფმა წამოაყენა.
ოქრუაშვილს დაპირისპირება ამჟამინდელი ხელისუფლების ასევე თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, ირაკლი ალასანიასთან მოუწევს.
„ირაკლი ალასანიას მე კონკურენტად ვერ აღვიქვამ. არა იმის გამო, რომ არ მიმაჩნია მძიმეწონიან ფიგურად, არამედ იმის გამო, რომ ზოგადად არ ვიცი, რა დგას მისი ამ გადაწყვეტილების უკან. წარმატებები მინდა ვუსურვო ყოველგვარი ირონიის გარეშე, მაგრამ წინასწარ ვიზიარებ მწუხარებას, რომ დამარცხებისთვის არის განწირული“, — განაცხადა ოქრუაშვილმა ბრიფინგზე.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გორში სხვა პარტიების მიერ დასახელებულ კანდიდატებსაც არ დააკლო კრიტიკა და განაცხადა, რომ მსგავსი ადამიანების გორის მაჟორიტარად დასახელება — ეს „გორისადმი უდიერი დამოკიდებულებააა“.
„ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა მის მიერ წარდგენილი კანდიდატებით გამოხატა გარკვეული უდიერი დამოკიდებულება გორისადმი“, — აღნიშნა ოქრუაშვილმა.
მისი თქმით ამ ადამიანებს არც გამოცდილებით, არც პროფესიითა თუ ცოდნით არაფერი აქვთ საერთო პარლამენტარიზმთან და არანაირი სიკეთის მოტანა არ ძალუძთ ქალაქისთვის.
შეგახსენებთ: საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერსაა დანიშნული.