თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, პარლამენტის ყოფილ დეპუტატ დავით კირკიტაძეს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
არჩევნებთან დაკავშირებით პოლიციამ პასუხისგებაში 26 პირი მისცა>>>
დავით კირკიტაძე გურჯაანში, სოფელ ველისციხესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 17 დეკემბერს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
16 დეკემბერს ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია", რომელშიც ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შედის, თელავში საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდა. ოპოზიციონერები პოლიციის მოთხოვნას მარშრუტის შემოვლითი გზით გაგრძელების შესახებ არ დაემორჩილნენ და პოლიციის რამდენიმე კორდონი გაარღვიეს. დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის პოლიციელები დაშავდნენ.
გამოძიების მონაცემებით, კირკიტაძე პოლიციის ავტობუსში შეღწევას ფანჯრიდან ცდილობდა და ტრანსპორტში მჯდომ პოლიციელს დაარტყა. თავად კირკიტაძე ბრალს არ აღიარებს და დაკავებას პოლიტიკურ დევნად აფასებს.
დავით კირკიტაძეს ბრალი ოფიციალურად 19 დეკემბერს წარუდგინეს. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას, დაცვის მხარე კი ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა.
თავად დავით კირკიტაძემ პროცესზე აღნიშნა, რომ შსს-ს უნდობლობას უცხადებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდობლობას ვუცხადებ. ის დაინტერესებული მხარეა, მაგრამ მზად ვარ, სასამართლოსთან ვითანამშრომლო", – განაცხადა ბრალდებულმა.
სასამართლო პროცესს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ესწრებოდნენ.
დილიდანვე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული გურჯაანის სასამართლოსთან, სადაც დავით კირკიტაძის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება.
როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პოლიციის მობილიზება მოქალაქეთა უსაფრთხოებას და წესრიგის დაცვას უკავშირდება.
დავით კირკიტაძეს ბრალი საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს თანამშრომლებმა 16 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს სოფელ ველისციხესთან მომხდარი არეულობის საქმეზე სულ ოთხი ადამიანი დააკავეს. მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ძალადობისა და პოლიციელზე თავდასხმის მუხლებითაა აღძრული.