სალომე ზურაბიშვილმა თავისი პრიორიტეტები დაასახელა

© photo: Sputnik / Stringerსალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციაზე
სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზურაბიშვილმა გაიხსენა პირველი რესპუბლიკის მთავრობა და ყველა თავისი წინამორბედი - ზვიად გამსახურდია, ედუარდ შევარდნაძე, მიხეილ სააკაშვილი და გიორგი მარგველაშვილი.

თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. ყველას პრეზიდენტი ვიქნები და მოქალაქეების უფლებებსა და თავისუფლებებს დავიცავ, განაცხადა თავის საინაუგურაციო მიმართვაში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში ბატონის ციხეში გაიმართა. ზურაბიშვილი საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.

„დღეიდან, კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით ვიღებ პასუხისმგებლობას, ვიყო ყველას პრეზიდენტი, საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი. ეს დემოკრატიის მთავარი პრინციპია. ამ პასუხისმგებლობასა და ცნობიერებაზე დგას თანამედროვე სახელმწიფო“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: დიდი ბოდიში და მადლობა პოლიციას

ამასთან მან თავისი მთავარი მოვალეობები დაასახელა.

„მე დავიცავ მოქალაქის უფლებებსა და თავისუფლებებს, ვიქნები კანონის უზენაესობის გარანტი; ვიზრუნებ იმისათვის, რომ გავაძლიეროთ სამოქალაქო საზოგადოება და ავამაღლოთ პოლიტიკური კულტურა“, - განაცხადა მან.

მეხუთე პრეზიდენტმა ასევე თავისი სამუშაოს მთავარი პრიორიტეტები დაასახელა.

„თელავიდან კარგად ჩანს გასავლელი გზა: ქვეყნის გაერთიანება, საზოგადოების დამშვიდება, გაძლიერება და ევროპაში ჩვენი ადგილის დამკვიდრება. ეს არის ჩემი უმთავრესი მიზანი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მან თავისი პოსტის სიმბოლურობა აღნიშნა.

„ნიშანდობლივია, რომ სწორედ ახლა, როდესაც ჩვენ დამოუკიდებლობის აღდგენის ასი წლისთავს ვზეიმობთ, მე, ემიგრაციაში დაბადებული, გავხდი საქართველოს პრეზიდენტი. ამით შეიკრა ერთგვარი წრე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან მან სიამაყის საგანი უწოდა იმ ფაქტს, რომ საქართველოს პრეზიდენტის პოსტი მან მშვიდობიანი გზით გადაიბარა.

„დღეს, როდესაც გავხდი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, ვამაყობ იმით, რომ ჩვენ შევძელით პრეზიდენტის თანამდებობის გადაბარება მშვიდობიანი და ცივილიზებული ფორმით. ამით კიდევ ერთი დემოკრატიული ნაბიჯი გადაიდგა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
ზურაბიშვილი ავღანეთში გამგზავრებას აპირებს

მან ასევე დამოუკიდებელი და დემოკრატიული ქვეყნის აღმშენებლობაში საქართველოს თითოეული პრეზიდენტის შეტანილი წვლილი აღნიშნა.

მან გაიხსენა პირველი რესპუბლიკის მთავრობა და ყველა თავისი წინამორბედი - ზვიად გამსახურდია, ედუარდ შევარდნაძე, მიხეილ სააკაშვილი და გიორგი მარგველაშვილი.

მოკლედ საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტზე - ზურაბიშვილი ინაუგურაციისათვის ემზადება >>

„ჩემი მიზანია, ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ ჩვენი სახელმწიფოს განვითარება, მისი ევროპული მომავალი გახდეს შეუქცევადი და ვერაფერმა ვერ შეაფერხოს ჩვენი მთავარი მიზნის მიღწევა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, მისთვის ყველა რეგიონის განვითარება პრიორიტეტს წარმოადგენს და თელავის არჩევანი ამ პრინციპითაც არის განპირობებული.

თავის პირველ სიტყვაში საქართველოს პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი დაინახოს რაც შეიძლება მეტი დაბრუნებული ემიგრანტი და საქართველო აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან გაერთიანებული იხილოს.

გარდა ამისა, მეხუთე პრეზიდენტმა თავისი საქმიანობის მნიშვნელოვან მიმართულებად საქართველოს ევროკავშირში მისწრაფება დაასახელა და აღნიშნა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და რეფორმების ჩატარების აუცილებლობა, თვითმყოფადობის შენარჩუნებასთან ერთად. გარდა ამისა, მან საქართველოს შეიარაღებული ძალების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეებზე ზრუნვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ყველა ახალი ამბავი
0