გახარია: დიდი ბოდიში და მადლობა პოლიციას

გამოწერა
მინისტრის განცხადებით, მიუხედავად სტატუსისა და თანამდებობისა, შესაბამისი პასუხი ყველას მოეთხოვება

თბილისი, 16 დეკემბერი - Sputnik. პოლიციამ დღეს სრულად გამოიყენა თმენის ის ვალდებულება, რომელიც გააჩნია, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ველისციხეში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას.

დღეს თელავში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართა. ინაუგურაციის პარალელურად ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდა.

შსს-ს თანამშრომლები სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე - Sputnik საქართველო
სესიაშვილი: ოპოზიციას საქართველოში რევოლუციის მოწყობა არ გამოუვა

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები თელავში ჩასვლას ცდილობენ, თუმცა საპატრულო პოლიციამ მათი კოლონა ჯერ გომბორის გზაზე არ გაატარა, მოგვიანებით კი გურჯაანის სოფელ ველისციხეში გზა ავტობუსებით ჩაუხერგა, რასაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, სადაც იქნება სისხლის სამართლის შემადგენლობა, მიუხედავად სტატუსისა და თანამდებობისა, შესაბამისი პასუხი ყველას მოეთხოვება.

„გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში არის სრულად თავისუფალი და ამას ვადასტურებთ. დღეს იმ პარალელური, ე.წ აქციის პირობებში, მინდა, დიდი ბოდიში მოვუხადო და დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს. ვპირდები მათ, დღეს საღამოდან, ხვალინდელი დღიდან ყველა პროვოკაციული ქმედება, რომელიც განხორციელებული იყო სხვადასხვა წერტილში, სამართლებრივად იქნება გაანალიზებული“, - აღნიშნა  გახარიამ.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია - Sputnik საქართველო
ზურაბიშვილი: დღეიდან ვიღებ პასუხისმგებლობას, ვიყო ყველას პრეზიდენტი

არსებული ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირების დროს  საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საპოლიციო ტრანსპორტი და ტექნიკა დააზიანეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ კახეთის მიმართულებით და ქალაქ თელავში საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდებოდა. ამ გზაზე მხოლოდ სპეციალური საშვის მქონე პირებს უშვებდნენ, რომლებიც ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე დასასწრებად სტუმრის სტატუსით მიემგზავრებოდნენ.

უწყების განცხადებით,  საპროტესტო მსვლელობის და აქციების მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნებოდა აღკვეთილი.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მიერ მხარდაჭერილმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების მეორე ტურში ხმების 59,52% მოიპოვა. მისი კონკურენტი ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გრიგოლ ვაშაძე იყო, რომელიც კანდიდატად ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია" დაასახელა.

ყველა ახალი ამბავი
0