სტრასბურგის სასამართლომ მაგდა პაპიძის საჩივრის განხილვაზე უარი თქვა

© AP Photo / Christian Lutzსტრასბურგის სასამართლო
სტრასბურგის სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეუღლისა და შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა მაგდა პაპიძემ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადები დაარღვია

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უარი თქვა მაგდა პაპიძის საჩივრის განხილვაზე, რომელსაც მეუღლისა და 5 წლის შვილის — ომარ და თორნიკე ქაფიაშვილების მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა შეეფარდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მაგდა პაპიძემ სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი შეიტანა >>

თბილისის საქალაქო სასამართლომ პაპიძეს განაჩენი 2016 წლის ივლისში გამოუტანა. საზარელი მკვლელობა თბილისში 2015 წლის 19 დეკემბერს მოხდა.

სასამართლო მოსმენებზე მან არაერთხელ განაცხადა, რომ პოლიციელებმა მის მიმართ ძალადობა გამოიყენეს და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. პაპიძის თქმით, ამის შედეგად მას მუცელი მოეშალა. ის ამტკიცებს, რომ დაირღვა მისი უფლებები, რომლებიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 და მე-14 მუხლებით არის გათვალისწინებული („წამების აკრძალვა“ და „დისკრიმინაციის აკრძალვა“).

„საქმე სტრასბურგში 2018 წლის ივნისში გაიგზავნა. რა თქმა უნდა, ვითხოვდით, ევროპული კონვენციის მე-3 და მე-14 მუხლებზე დადგენილიყო დარღვევა. ეს ეხებოდა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას. კერძოდ, თავად მაგდა პაპიძემ 4 პოლიციელი დაასახელა, ვინც უშუალოდ ახორციელებდა წამებას და არაადამიანურ მოპყრობას, რასაც მოჰყვა ორსულობის შეწყვეტა. ასევე, ეს იყო დისკრიმინაცია. ზუსტად, ამ მიმართულებით გაიგზავნა ეს საჩივარი. მაგდა პაპიძის დაკავება 2015 წლის 19 დეკემბერს მოხდა. როგორც თავად ამბობდა, სწორედ ამ დროს განხორიციელდა წამება“, - აცხადებს იურისტი მარიამ ზაქარეიშვილი, რომელიც პაპიძეს სარჩელის შედგენაში ეხმარებოდა.

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
სასამართლომ მაგდა პაპიძის განაჩენის გადახედვაზე უარი განაცხადა

მიზეზი, რომლის გამო სტრასბურგის სასამართლომ პაპიძის საჩივრის განხილვაზე უარი თქვა - მიმართვის ექვსთვიანი ვადის დარღვევაა.

„2016 წელს, ცემა-წამების საქმეზე საქართველოში გამოძიება შეწყდა. 6-თვიანი ვადა სწორედ აქედან უნდა ათვლილიყო. მათ (პაპიძეების ოჯახი) გვიან, 2018 წელს მოგვმართეს. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ სტრასბურგმა საჩივარი წარმოებაში არ მიიღო“, - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

იურისტის თქმით, პაპიძემ სტრასბურგის უარის წერილი უკვე მიიღო.

რაც შეეხება მკვლელობის დეტალებს, პროკურორებმა დაამტკიცეს სასამართლოში, რომ მაგდა პაპიძემ თავის ბინაში, მძინარე ქმარს რამდენჯერმე ჩაარტყა თავში ურო. მიღებული ჭრილობების შედეგად ომარ ქაფიაშვილი ადგილზე გარდაიცვალა. შემდეგ კი პაპიძემ დაახრჩო თავისი 5 წლის შვილი.

ცხედრების თავიდან მოცილების მიზნით, პაპიძემ ისინი ქუჩაში გამოიტანა და ცდილობდა ოჯახის მანქანაში ჩაედო. იგი ვერ მოერია ცხედრებს და ქუჩაში დატოვა.

თბილისში მომხდარი ორმაგი მკვლელობის ისტორია >>

მოგვიანებით პროკურატურამ საქმის ახალი მასალები გამოაქვეყნა. გამოძიების ვერსიით, მკვლელობის იარაღი — ურო, რომელიც ეზოში, ნაგვის ურნაში აღმოაჩინეს, პაპიძემ წინასწარ ერთ-ერთ ბაზრობაზე შეიძინა. ეს განცხადება პროკურატურამ ვიდეომასალითაც გაამყარა, სადაც ჩანს როგორ მოდის ქუჩაში პაპიძე ბავშვთან ერთად უროთი ხელში.

ყველა ახალი ამბავი
0