თბილისში მომხდარი ორმაგი მკვლელობის ისტორია

© Pixabay / WilliamChoკანონი და მართლმსაჯულება
კანონი და მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაგდა პაპიძემ ვერ დაუმტკიცა ნაფიც მსაჯულებს თავისი უდანაშაულობა. სასამართლომ მას ქმრისა და შვილის მკვლელობისათვის უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძემ მაგდა პაპიძეს, რომელიც ნაფიცმა მსაჯულებმა ქმრის — ომარ ქაფიაშვილისა  და შვილის — თორნიკე ქაფიაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ სცნეს, უვადო პატიმრობა მიუსაჯა. 

მსაჯულებს სამი საათი დასჭირდათ საბოლოო ვერდიქტის გამოსატანად. 

სასამართლო სხდომები რამდენიმე თვე გრძელდებოდა. ამ დროის მანძილზე 16 სხდომა ჩატარდა, დაკითხეს ბრალდების 57 და დაცვის 2 მოწმე. 

საქმე იმდენად რეზონანსული გახდა, რომ სოციალურ ქსელებში მისი განხილვა ხშირად ქვეყნის სხვა მთავარ მოვლენებს ფარავდა. პაპიძის საქმე მუდმივად გაზეთების პირველ გვერდებზე ხვდებოდა, მისით იწყებოდა წამყვანი ტელეარხების საინფორმაციო გამოშვებები. 

მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
მაგდა პაპიძეს უვადო პატიმრობა შეეფარდა

მოვლენების კვალდაკვალ

ახალ წლამდე სულ რამდენიმე დღე რჩებოდა…

2015 წლის 20 დეკემბერს შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია დედაქალაქის დიღმის რაიონში მომხდარი საშინელი დანაშაულის შესახებ.  თბილისში ფერაძის ქუჩაზე N16-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში მამაკაცისა და ბავშვის ცხედრები აღმოაჩინეს. ეს ომარ და თორნიკე ქაფიაშვილები იყვნენ. 

იმავე დღეს დაკითხვაზე წაიყვანეს ომარის მეუღლე — მაგდა პაპიძე. რამდენიმე საათის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ იგი დაკავებულია როგორც ქმრისა და 5 წლის შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი. 48 საათში სასამართლომ მას ბრალი წარუდგინა და  წინასწარ პატიმრობა მიუსაჯა. 

თავდაპირველად პაპიძემ აღიარა დანაშაული, თუმცა მოგვიანებით, სასამართლო სხდომების დასრულებამდე იგი ყველაფერს უარყოფდა. 

მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
მსაჯულებმა პაპიძე ქმრისა და შვილის მკვლელობაში დამნაშავედ სცნეს

ვერსია

შსს-ს ინფორმაციით, 2015 წლის 19 დეკემბერს, მაგდა პაპიძემ თავის ბინაში, მძინარე ქმარს რამდენჯერმე ჩაარტყა თავში ურო. მიღებული ჭრილობების შედეგად ომარ ქაფიაშვილი ადგილზე გარდაიცვალა. შემდეგ კი პაპიძემ დაახრჩო თავისი 5 წლის შვილი.

ცხედრების თავიდან მოცილების მიზნით, პაპიძემ ისინი ქუჩაში გამოიტანა და ცდილობდა ოჯახის მანქანაში ჩაედო. იგი ვერ მოერია ცხედრებს და ქუჩაში დატოვა. 

მოგვიანებით პროკურატურამ საქმის ახალი მასალები გამოაქვეყნა. გამოძიების ვერსიით, მკვლელობის იარაღი — ურო, რომელიც ეზოში, ნაგვის ურნაში აღმოაჩინეს, პაპიძემ წინასწარ ერთ-ერთ ბაზრობაზე შეიძინა. ეს განცხადება პროკურატურამ ვიდეომასალითაც გაამყარა, სადაც ჩანს როგორ მოდის ქუჩაში პაპიძე ბავშვთან ერთად უროთი ხელში. 

უროს გარდა ნაგვის ურნაში აღმოაჩინეს გასისხლიანებული ზეწრები და ბალიშები. პროკურატურის განცხადებით, პაპიძე ასე ცდილობდა დაეფარა ბინაში ჩადენილი დანაშაულის კვალი. 

ნივთმტკიცებად ამოიღეს ასევე პაპიძეს პირადი დღიური, რომელშიც მას გაწერილი ჰქონდა დანაშაულის გეგმა. მოგვიანებით ბრალდებულმა განაცხადა, რომ ჩანაწერები მას არ ეკუთვნის, მაგრამ ექსპერტიზამ კალიგრაფიის აუთენტურობა დაადასტურა. 

სასამართლო - Sputnik საქართველო
ადვოკატი მაგდა პაპიძის გირაოთი გამოშვებას ითხოვს

მოტივი

პაპიძემ ქმრისა და შვილის მოკვლის გადაწყვეტილება საყვარლის გამო მიიღო, რათა მასთან ახალი ცხოვრება დაეწყო — ამტკიცებს პროკურატურა. სწორედ ის გახდა ბრალდების ძირითადი მოწმე. 

გამოძიების ვერსიით, პაპიძემ ოთარ ბერძენიშვილი მკვლელობამდე ორი თვით ადრე გაიცნო. ისინი ერთ რაიონში ცხოვრობდნენ. მათ შორის რომანი გაჩაღდა. ბერძენიშვილი ხშირად აკითხავდა საღამოობით პაპიძეს ბენზინგასამართ სადგურზე მდებარე მაღაზიაში, სადაც პაპიძე მუშაობდა და წყვილი ერთად მიდიოდა. 

ბერძენიშვილი სასამართლოს მეორე მოსმენაზე დაკითხეს. სხდომა მედიისათვის დახურული იყო, რადგან საქმე პირად ცხოვრებას ეხებოდა. როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, პროკურატურაში დაკითხვაზე ბერძენიშვილმა დაადასტურა, რომ პაპიძესთან ურთიერთობები ჰქონდა, ამასთან მან კატეგორიულად უარყო, რომ მაგდა პაპიძის ცოლად მოყვანას აპირებდა და მას „ჩვეული, მორიგი ქალი“ უწოდა. 

ხელბორკილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პროკურატურა: პაპიძემ მოკლა თავისი შვილი და ქმარი

აბრძანდით, სასამართლო მოდის

ჯერ კიდევ წინასწარი მოსმენებისას, მაგდა პაპიძემ მოითხოვა, რომ მისი საქმე ნაფიც მსაჯულებს განეხილათ. პირველი არსებითი განხილვა 2016 წლის 10 ივნისს შედგა. 

სასამართლოს დაწყებას, წინ ახალი ინფორმაცია უძღოდა — პაპიძემ განაცხადა, რომ დაკავების დროს ფეხმძიმედ იყო და პოლიციელები ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა, რის შედეგადაც მან ბავშვი დაკარგა. 

ის რომ პაპიძე ნამდვილად ფეხმძიმედ იყო, სასამართლოზე ექიმმა-გინეკოლოგმა დაადასტურა. ფეხმძიმობა 23 დეკემბერს დადგინდა, ხოლო განმეორებითი შემოწმებისას — 26 დეკემბერს ფეხმძიმობა შეწყვეტილი იყო. ღუდუშაური სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის თანამშრომელმა დაკითხვისას განაცხადა, რომ კვლევისას, პაპიძის სხეულზე ძალადობის კვალი არ აღმოჩნდა. ბავშვის მოწყვეტის მიზეზი დღემდე გაურკვეველია. ასევე გაურკვეველი დარჩა ვისგან იყო ფეხმძიმედ პაპიძე. ბერძენიშვილმა უარყო მისი მამობის შესაძლებლობა. 

დაკავება - Sputnik საქართველო
თბილისში ქალი ქმრისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

ბოლო სიტყვის უფლება

სასამართლომ საბოლოო ვერდიქტი ოთხშაბათს გამოიტანა.

"ადამიანი, რომელიც ყველაზე ძვირფას ადამიანს კლავს, საკუთარი შვილი საკუთარი ხელით მოკლა, ის იზოლირებული უნდა იყოს საზოგადოებისგან და მოვითხოვ უვადო თავისუფლების აღკვეთას", — განაცხადა პროკურორმა დავით  ნეფარიძემ ბოლო სასამართლო სხდომის მსვლელობისას.  

უვადო პატიმრობას ითხოვდა მაგდა პაპიძისათვის ომარ ქაფიაშვილის დედაც: "ამ ადამიანმა ორი ადამიანი დაუნდობლად მოკლა, ის არის საშიში ყველასთვის, არა მარტო ჩემი ოჯახისთვის, ვითხოვ უვადო პატიმრობას".

ამის შემდეგ ადვოკატი მარიკა ფახალაძეზე გამოვიდა სიტყვით: "მიჭირს საუბარი იმიტომ, რომ ვიცავდი პაპიძის ინტერესებს, თუმცა ვერ დავიცავი, იგი ნაფიცმა მსაჯულებმა საკუთარი შვილის მკვლელობაში დაადანაშაულეს. მეც დედა ვარ, და ნამდვილად ვერ შევძლებდი მის დაცვას დარწმუნებული რომ არ ვყოფილიყავი იმაში, რომ მას შვილი არ მოუკლავს, ვთხოვ სასამართლომ გაიზიაროს იმ მოწმეთა ჩვენებები, თუ როგორ ახასიათებდნენ მაგდას, როგორც დედას, რომ ის იყო გიჟი დედა და საკუთარი შვილის თვალზე ცრემლს ვერ იტანდა, ის ცდილობდა დაეცვა თავისი შვილი სხვა ბავშვებისგან, თქვენ მოისმინეთ ფსიქოლოგის ჩვენება, რომ მაგდა არის პიროვნება, რომელიც უკმაყოფილობის გრძნობას განიცდის სითბო-სიყვარულის ნაწილში, გთხოვთ მას სასჯელის მინიმალური ზომა განუსაზღვროთ“.

საკმაოდ გრძელი აღმოჩნდა ბრალდებულის ბოლო სიტყვა, რომელმაც მაინც არ აღიარა დანაშაული:

"მე თუ ამ დანაშაულში ეჭვმიტანილი ვიქნები, არ მაქვს სიცოცხლის პრეტენზია. არ მაქვს პრეზენტაცია არც უვადო პატიმრობაზე. მე დენის სკამისთვისაც მზად ვარ. გააკეთოს ეს სახელმწიფომ ჩემთვის. მზად ვარ ერმა მომიშვიროს ტყვია. არ მაქვს პრეტენზია ვიბრძოლო სიცოცხლისთვის, რადგან ეს საშუალება არ მომეცა. დაკავების დღიდან ვიბრძვი სიმართლისთვის, მაგრამ ამას ვერ მივაღწიე. გთხოვთ, ასეთი საშიში მოქალაქე არ დატოვოთ ცოცხალი. გთხოვთ ზემდგომ ორგანოებს, ვთხოვ ჩემს პრეზიდენტს, გასცეს ბრძანება, რომ ასეთი ადამიანი არ დატოვოს ცოცხალი", — განაცხადა მაგდა პაპიძემ. 

საბოლოოდ სასამართლომ მაგდა პაპიძეს უვადო პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა შესაძლოა საქმე ამაზე არ დასრულდეს. პაპიძეს აქვს სასამართლოს განაჩენის გასაჩივრების უფლება. 


ყველა ახალი ამბავი
0