თბილისი, 4 იანვარი— Sputnik. მეუღლისა და შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ მაგდა პაპიძის ადვოკატის საჩივარი საქმის გადახედვის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად სცნო, იუწყება ტელეარხი PALITRATV.
პაპიძეს უვადო პატიმრობა 6 ივლისს მიესაჯა. ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო იმაში, რომ მან 2015 წლის 20 დეკემბერს ჯერ მეუღლე მოკლა, შემდეგ კი მცირეწლოვანი შვილი გაგუდა.
პაპიძის ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ მსაჯულთა სასამართლოს განაჩენის გაუქმება და საქმის ახალი მოსმენის დანიშვნა მოითხოვა, თუმცა სასამართლომ მისი საჩივარი განსახილველად არ მიიღო.
ამგვარად, ქართული კანონმდებლობის თანახმად, პაპიძე მხოლოდ 20 წლის შემდეგ შეიძლება გათავისუფლდეს იმ შემთხვევაში, თუ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო ჩათვლის, რომ პატიმრობის ვადა მისთვის საკმარისი იყო.