საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური ავღანეთიდან დაიწყება

გამოწერა
არჩევნების პირველი ტურის შედეგებით ავღანეთში ზურაბიშვილმა 398 ხმა მიიღო, ვაშაძემ – 261 ხმა.

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური პირველად ავღანეთში ჩატარდება, სადაც „მტკიცე მხარდაჭერის" სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროები საკუთარ პოზიციას 26 ნოემბერს დააფიქსირებენ, ნათქვამია ცესკოს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება>>>

საქართველოში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" უჭერს და გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, რომელიც ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრია.

პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
მუქარა და სიძულვილის ენა მიუღებელია - წინასაარჩევნო გარემოს შეფასება

ავღანეთში 26 ნოემბერს, 08:00 საათზე ორი საარჩევნო უბანი გაიხსნება – ბაგრამის ავიაბაზასა და მარმალის ბაზაზე (მაზარ-ი-შარიფი). უბნები 20:00 საათზე დაიხურება.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ საარჩევნო ურნები დაილუქება და თბილისში ჩამოვა. ხმების დათვლა უშუალოდ საქართველოში საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ მოხდება.

არჩევნების პირველი ტურის შედეგებით ავღანეთში ზურაბიშვილმა 398 ხმა მიიღო, ვაშაძემ – 261 ხმა.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ისევე, როგორც უცხოეთის 40-მდე ქვეყანაში, საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა. ამომრჩევლის აქტივობამ დაახლოებით 47% შეადგინა. ცესკოში პრეზიდენტობის 25 კანდიდატი იყო რეგისტრირებული, რომელთაგან 19 პოლიტიკური პარტიის, ხოლო ექვსი – საინიციატივო ჯგუფის მიერ იყო წარდგენილი.  

არჩევნების პირველი ტურის შედეგების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38,64% მოიპოვა, ხოლო მისმა მთავარმა ოპონენტმა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 37,74%.

საქართველოს მოსახლეობა 28 ნოემბერს ექვსი წლის ვადით რიგით მეხუთე პრეზიდენტს აირჩევს. ეს ბოლო არჩევნებია, როდესაც საქართველოს მოქალაქეები სახელმწიფო მეთაურს პირდაპირი წესით აირჩევენ. ამის შემდეგ ქვეყანა მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადადის და პრეზიდენტსაც საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

 

ყველა ახალი ამბავი
0