მუქარა და სიძულვილის ენა მიუღებელია - წინასაარჩევნო გარემოს შეფასება

© Sputnik / Alexander Imedashviliპრეზიდენტის სასახლე
პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ წინასაარჩევნო გარემო გააკრიტიკა

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის კრიტიკაზე, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ წინასაარჩევნო გარემოს ეხებოდა, საპარლამენტო მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კომენტარით გამოვიდნენ.

მეორე ტურის ჩატარების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. არჩევნები არა უგვიანეს 2 დეკემბრისა უნდა გაიმართოს. მეორე ტურში პრეზიდენტობისთვის იბრძოლებენ დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მმართველი პარტია უჭერს მხარს და გრიგოლ ვაშაძე - ოპოზიციური გაერთიანების კანდიდატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი.

„უარყოფითად ვუყურებთ საკმაოდ ნეგატიურად განვითარებულ წინასაარჩევნო კამპანიას. აქვე, უნდა ავღნიშნო, რომ ესეც არჩევანია, არჩევანი კანდიდატებისა, რომლებიც კამპანიაში მონაწილეობენ. მიუღებელია სიძულვილის ენა და ის მუქარები, რომელიც სხვადასხვა მიმართულებიდან და სხვადასხვა კანდიდატის მიმართ ისმის. ჩვენ იმედი გვაქვს, გამოძიება, რომელიც უკვე დაწყებულია მუქარასთან და სიძულვილის ენასთან დაკავშირებით, წარმატებით დასრულდება და უწყება ამას გამოიძიებს", - განუცხადა ჰარცელმა ჟურნალისტებს.

ევროკავშირის ელჩს მხარი დაუჭირა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

ბანერი სალომე ზურაბიშვილის გამოსახულებით - Sputnik საქართველო
ზურაბიშვილს უკრაინაში მებრძოლი სამხედრო ემუქრება - ადვოკატის სკანდალური განცხადება

„ჩვენ სრულად ვიზიარებთ ევროკავშირის ელჩის სულისკვეთებას. ნამდვილად შემაშფოთებელი და აღმაშფოთებელია ის აგრესია, რომელსაც ჩვენ ვხედავთ საარჩევნო აგიტაციის პროცესში. ერთადერთი საარჩევნო კანდიდატი, რომელიც არ გამოირჩეოდა ამ კამპანიის მსვლელობისას სიძულვილით, აგრესიის ენით, იყო ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. დანარჩენი, თქვენ ხედავდით, რომ აბსოლუტურად გამსჭვალული იყო ეს წინასაარჩევნო აგიტაცია და კამპანია სიძულვილის ენით, ბილწსიტყვაობითაც კი, რაც არის სრულიად აღმაშფოთებელი და შემაშფოთებელი", - განაცხადა კობახიძემ.

ამჟამად საქართველოს შსს სწავლობს მუქარებს ზურაბიშვილისა და მისი შვილების მიმართ. მათ გაუგზავნეს ხმოვანი შეტყობინებები ფრაზებით "შუბლს გაგიხვრიტ", „თქვენს სისხლს დავლევ!". სისხლის სამართლის საქმე აღძრულია „მუქარისა" და „კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის" მუხლებით.

„ბუნებრივია, რაც შეიძლება სწრაფად უნდა წარიმართოს გამოძიება მუქარის საქმეებთან დაკავშირებით. ეს არის სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობა და ჩვენ დავინტერესდებით, რამდენად სწრაფად წარიმართება გამოძიება", - დასძინა პარლამენტის თავმჯდმარემ.

ოპოზიციამ, თავის მხრივ, მმართველი პარტიის ბრალზე მიუთითა.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
ირაკლი კობახიძე მუქარის საქმეებთან დაკავშირებით დროულ გამოძიებას ითხოვს

დეპუტატმა „ნაცმოძრაობიდან" სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დარჩენილ დროში წინასაარჩევნო კამპანიამ მშვიდ და ცივილიზებულ გარემოში ჩაიაროს. არა მარტო ახლა, არამედ წინა წლებშიც ხელისუფლებამ არ მიიღო ადეკვატური ნაბიჯები იმისთვის, რომ დაესაჯა დამნაშავეები და ამით უზრუნველყო არჩევნების ისეთი გარემო, რომელიც იქნებოდა თავისუფალი ძალადობისა და ძალადობის ენისგან.

„ქართულ ოცნებას" ასევე გაუხსენეს ინციდენტი ახალქალაქში, სადაც 30 ოქტომბერს გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია" საარჩევნო შტაბის წევრები სცემეს. შსს უკვე იძიებს აღნიშნულ საქმეს.

„ქართული ოცნება", რომელმაც ბოლო 6 წლის განმავლობაში დაამკვიდრა ძალადობა, სიძულვილის ენა და ძალადობრივი ქმედებები, როგორიც იყო ახალქალაქში. ქართული საზოგადოება, ოპოზიცია და ასევე არასამთავრობოები ვართ გარანტი ამ ქვეყანაში იმისა, რომ იქნება სტაბილურობა", - განაცხადა ჟურნალისტებთან დეპუტატმა პარტიიდან „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" სერგო რატიანმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0