თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილისა და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მისამართით მუქარის ფაქტებს გამოეხმაურა და აღნიშნა რომ, აგრესია, რომლის ფონზეც წინასაარჩევნო კამპანია ტარდება, შემაშფოთებელია.
ზურაბიშვილი: შვილების მოკვლით მემუქრებიან>>>
დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი შეტყობინებების თაობაზე ორშაბათს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
საპრეზიდენტო კანდიდატის სიტყვებით, ზურაბიშვილისა და მისი შვილების მისამართით მუქარის შემცველი სიტყვები გაჟღერდა - „შუბლს გაგიხვრიტავ", "თქვენს სისხლს დავლევ!". ზურაბიშვილის განცხადებით, მუქარის ავტორები „ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული სამხედრო პირები არიან. შსს-მ მუქარის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა „მუქარისა" და „კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის" მუხლებით.
„ბუნებრივია, რაც შეიძლება სწრაფად უნდა წარიმართოს გამოძიება მუქარის საქმეებთან დაკავშირებით. ეს არის სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობა და ჩვენ დავინტერესდებით, რამდენად სწრაფად წარიმართება გამოძიება", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ერთი სნაიპერი შენზე ალალია" - ვინ ემუქრება ნინო ლომჯარიას>>>
სალომე ზურაბიშვილის შემდეგ, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამაც გაავრცელა განცხადება იმის შესახებ , რომ ჩაგვრისა და მუქარის ობიექტი თავადაც არაერთხელ გამხდარა. მან სოციალურ ქსელში მუქარის შემცველი შეტყობინებებიც გაასაჯაროვა და საგამოძიებო უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდა - „ერთი სნაიპერი შენზე ალალია", - ასეთი იყო ლომჯარისთვის გაგზავნილი ერთ-ერთი შეტყობინების შინაარსი.
შსს-ში ომბუდსმენი უკვე დაკითხეს, თუმცა, უცნობია აღნიშნულ ფაქტზე აღიძრება თუ არა სისხლის სამართლის საქმე.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მომხდარის დროული გამოძიება შესაბამისი უწყებების პრეროგატივაა, საკანონმდებლო ორგანო კი გამოძიების მიმდინარეობას დააკვირდება.
„ეს არის სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობა და ჩვენ დავინტერესდებით, რამდენად სწრაფად წარიმართება გამოძიება", – აღნიშნა კობახიძემ.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არაუგვიანეს 2 დეკემბრისა გაიმართება. გადამწყვეტ ბრძოლაში ერთმანეთს სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია" კანდიდატი, ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდებიან.