თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. პოპულარულმა ამერიკულმა ვებ-გამოცემა The Thrillist-მა ქართული სამზარეულოს რესტორანი Kargi Gogo, რომელიც ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდში მდებარეობს, აშშ-ში „2018 წლის საუკეთესო ახალი რესტორნების“ რეიტინგში შეიტანა.
გამოცემა წერს სამზარეულოზე, მოგზაურობაზე და გართობაზე.
სტატიის ავტორები დარწმუნებულნი არიან, რომ „ზოგჯერ დეფიციტი საუკეთესო იდეებს ბადებს“. საქმე ისაა, რომ პორტლენდში კავკასიური სამზარეულოს რესტორნის გახსნა ამერიკელმა წყვილმა გადაწყვიტა, რომელსაც ეს სამზარეულო საქართველოში „მშვიდობის კორპუსში“ მსახურობის დროს შეუყვარდა.
თავიდან წყვილმა პორტლენდში პატარა სასურსათო მაღაზია გახსნა. შემდეგ კი Kargi Gogo ქალაქის მშვიდ უბანში აგურის შენობაში გადასახლდა.
„1920 წლებში აშენებულ შენობაში ხის კედლებია, რომლებიც მასპინძლებს იმ ქართულ სახლს მოაგონებს, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ. დეკორს წარმოადგენს ბროლის ჭაღები და მაქმანიანი ფარდები, რომელიც ძალიან ალამაზებს ფანჯრებს“, - ნათქვამია The Thrillist-ის სტატიაში.
გამოცემა დეტალურად აღწერს ქართული სამზარეულოს რესტორნის მენიუს და ფავორიტებად ასახელებს აჭარულ ხაჭაპურსა და ლობიანს. ვიდეოში სტატიის ავტორი შონ ფრედერიქსი პორტალის მკითხველს უამბობს ქართული ვეგეტარიანული კერძების შესახებ და ყურადღებას ასევე ხინკალს უთმობს.
Euronews-ი: ქართული ხინკალი როგორც ხელოვნების ნიმუში >>
The Thrillist ახსენებს რესტორნის სასმელებს, სადაც საპატიო ადგილს იკავებენ გაზიანი სასმელები, რომლებიც, მზარეულის თქმით, ტარხუნის ამ „მარწყვის მოჰიტოს“ გემოს გვაგონებს.
„რესტორნის საფირმო ნიშანს მაინც ქართული ღვინოების არჩევანი წარმოადგენს, რომელის მოიცავს ისეთ ექსპონატებს, რომელთა შოვნა არამარტო პორტლენდში, არამედ ზოგადად ამერიკაში რთულია“, - წერს Thrillist.
აღსანიშნავია, რომ The Thrillist-ი საქართველოსა და ქართულ სამზარეულოს ყურადღებას პირველად არ უთმობს. 2016 წელს ამერიკულმა გამოცემამ საქართველო ყველაზე გემრიელი ეროვნული სამზარეულოს მქონე ევროპის ქვეყნების ტოპ-ლისტში შეიყვანა, 2017 წელს დაბა სტეფანწმინდა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პატარა და ლამაზ ქალაქად დასახელდა.