MADE IN GEORGIA... ანუ როდიდან გველიან ოკეანის გაღმა?

© photo: Sputnik / Stringerაშშ-სა და საქართველოს დროშები
აშშ-სა და საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სიღარიბე – ჩვენი დროების მთავარი გამოწვევა და საქართველოს ეკონომიკის რესურსი... რას ფიქრობენ ექსპერტ-ანალიტიკოსები, რა უნდა იყოს ხელისუფლების სტრატეგიული ამოცანა და რა შანსი აქვს საქართველოს, რომ გადაიქცეს რეგიონულ სამრეწველო ჰაბად?

მონანიება ახლა ჩვენში მოდაშია და წინამდებარე სტატიას მეც მობოდიშებით დავიწყებ. ასეთი რა დააშავეთ? − შესაძლოა, ჩამეძიოს მკითხველი. განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ ფაქტია, რომ საპრეზიდენტო სავარძლისთვის გავეშებული ბრძოლის შემხედვარემ ჯეროვანი ყურადღება ვერ დავუთმე მნიშვნელოვან გზავნილს, რომელიც ოკეანის გაღმა ჩვენი მისამართით გაისმა.

კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე ტეხასის შტატის რესპუბლიკელი კონგრესმენი, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე ტედ პო ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების დაჩქარების ინიციატივით გამოვიდა. კონგრესმენმა ოფიციალური წერილით მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელს რობერტ ლაიტჰაიზერს. მისი თქმით, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია, რომელმაც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების სფეროში შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია და კავკასიის რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ძირითად როლს ასრულებს.

ფოთის პორტი - Sputnik საქართველო
საქართველო წარმატებით ვაჭრობს: საგარეო ბრუნვა 21 პროცენტით გაიზარდა

„სავაჭრო ბარიერების შემცირება ხელს შეუწყობს ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებას“, − განაცხადა კონგრესმენმა.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების რეკომენდაცია ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივნისში გახმოვანდა. ის 28 კონგრესმენს ეკუთვნის. მკითხველს შევახსენებ, რომ ამავე საკითხზე სულ ცოტა ხნის წინ თბილისში ვიზიტით ყოფნისას ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა.

ერთი სიტყვით, ოფიციალური ვაშინგტონი სულ უფრო აქტიურად განიხილავს საქართველოსთან ვაჭრობის გამარტივებას. ამ ვითარებაში ექსპერტ-ანალიტიკოსთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ხელისუფლების სტრატეგიული ამოცანა უნდა იყოს უახლოეს მომავალში მსოფლიოს პირველ ეკონომიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება. დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ხვედრითი წილი სავაჭრო ბრუნვაში ძალიან დაბალია, სულ 4 პროცენტს შეადგენს და ამ მაჩვენებლით ათ წამყვან სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას შორის მხოლოდ მეშვიდეა, მაშინ, როცა ევროკავშირის ხვედრითი წილი გაცილებით მაღალია.

თბილისი - Sputnik საქართველო
სამოთხე ინვესტორებისთვის: საქართველოს პოზიცია კონკურენტუნარიანობის რეიტინგში გაუმჯობესდა

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ამოქმედებით საქართველოსთვის გაიხსნა მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც აერთიანებს ოცდარვა ქვეყანას და ხუთას მილიონზე მეტ მომხმარებელს. მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის საერთო მოცულობა 417.7 მილიონი ამერიკული დოლარით განისაზღვრა, რაც 20.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 22.3 პროცენტს შეადგენს. იმპორტმა 1 536.1 მილიონ ამერიკულ დოლარს მიაღწია და მთლიანი იმპორტის 29.7 პროცენტი შეადგინა, ანუ ევროკავშირი პირველ ადგილზეა საგარეო სავაჭრო ბრუნვაში.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში სიღარიბის დაძლევის უალტერნატივო გზა ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე გადის. ადგილობრივი წარმოების განვითარების მთავარი პრობლემა დღეს გასაღების ბაზრებია. სწორედ თავისუფალი დაბეგვრის რეჟიმი არის მთავარი წინაპირობა ევროპიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან საწარმოო სიმძლავრეების აქ გადმოსატანად. პატარა ეკონომიკას ჰაერივით სჭირდება საგარეო ბაზრების დივერსიფიკაცია, რაც შესაძლებელია სწორედ გლობალურ ბაზრებზე შესვლით. ანალიტიკოსების განმარტებით, განვლილმა წლებმაც გვიჩვენა, რომ მხოლოდ მომსახურების სერვისების განვითარებით და ვაჭრობის დაფინანსებით ეკონომიკის ინკლუზიური ზრდა და სიღარიბის დაძლევა შეუძლებელი იქნება.

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველომ ეკონომიკისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მაღალი შეფასება მიიღო

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე: „გლობალურ ბაზრებზე გასვლით საქართველოს ეკონომიკას აქვს პოტენციალი, რომ შეამციროს ეკონომიკის მაღალი იმპორტდამოკიდებულება და გავიდეს უფრო მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე. მომსახურების ექსპორტის ზრდასთან ერთად გავზრდით  სასაქონლო საექსპორტო ჯგუფების ასორტიმენტს აქ წარმოებული პროდუქციის ექსპორტის გასაზრდელად. მით უმეტეს, რომ თუნდაც ე.წ. ბიზნესის კეთების გლობალურ რეიტინგში ჩვენი პოზიციები ყოველწლიურად უმჯობესდება და ბოლო მონაცემებით სულაც წამყვანი ქვეყნების პირველ ექვსეულში შევდივართ. საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილება ხელს შეუწყობს საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ზრდას. საქართველო მიმზიდველი გახდება ინვესტორებისთვის, ეს კი გამოიწვევს ქვეყანაში საინვესტიციო ნაკადების ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას...“

ექსპერტ-ანალიტიკოსთა უმრავლესობის შეფასებით, ადგილობრივი წარმოების სტიმულირებით საწარმოების დიდი ნაწილი ექსპორტზე იქნება ორიენტირებული. ეს ფაქტორი კი არა მხოლოდ ექსპორტის ზრდას შეუწყობს ხელს, არამედ შეამცირებს უმუშევრობას. ხოლო რაც შეეხება სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას, ეს შესაძლებელია ეკონომიკის მაღალი იმპორტდამოკიდებულების და, ზოგადად, დოლარიზაციის შემცირებით და ექსპორტის ზრდით, რასაც ისევ ადგილობრივი წარმოების სტიმულირებისკენ მივყავართ.

ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
ჩინეთში საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე ქართული სასურსათო პროდუქციაც გამოჩნდა

ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე: „განვითარებული ეკონომიკური ქვეყნების მაგალითები ნათლად ადასტურებს, რომ საექსპორტო პოტენციალი თანაბრად უნდა მოიცავდეს როგორც მომსახურების, ასევე საქონლის ექსპორტსაც. ამას ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვისაც ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაღრმავება გამოწვეული იყო იმით, რომ გასულ წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება დიდწილად ხდებოდა საგარეო ვაჭრობასთან კავშირის არმქონე სექტორებში – მშენებლობასა და მომსახურების სექტორში და არა წარმოებაში...“

რამდენად დივერსიფიცირებულია ჩვენი ექსპორტი? თუ თვალს გადავავლებთ ექსპორტის ბოლო ათწლეულის სტატისტიკას, დავინახავთ, რომ საექსპორტო პროდუქციის ზრდის პარალელურად უფრო დივერსიფიცირებული გახდა საექსპორტო ბაზრებიც. ნიშანდობლივია, რომ ეს ძირითადად გამოწვეული იყო პოსტსაბჭოთა სივრცის ბაზრებზე ექსპორტის შემცირებით და სამაგიეროდ ევროკავშირის და სხვა მიმართულებით ექსპორტის გააქტიურებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ბაზრის გახსნის შემდეგ ექსპორტის და, პირველ რიგში, ღვინო-მასალების ნაწილმა ამ მიმართულებით გადაინაცვლა. აქედან გამომდინარე, როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, უნდა ვიზრუნოთ დივერსიფიკაციაზე, რაც გაზრდის ექსპორტის წილს მთლიან შიდა პროდუქტში სულ მცირე 65 პროცენტამდე და გლობალური შოკებისას შეამცირებს მის გავლენას ეკონომიკაზე.

ჰონგ-კონგი - Sputnik საქართველო
საქართველო ჰონგ-კონგთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას მოახდენს

და, ბოლოს, რა თქმა უნდა, მსოფლიოს წამყვან ეკონიმიკებთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ხელს შეუწყობს ქვეყნის სავალუტო რეზერვების შევსებას. დღეს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოში სავალუტო რეზერვები ე.წ. ადეკვატურობის მინიმალურ დონესთან შედარებით დაბალ ნიშნულზეა. კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან საქართველო ერთადერთია, რომელიც ფონდის დადგენილ მინიმალურ სტანდარტს ვერ პასუხობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0