თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ჩინეთში, ქალაქ შანხაიში საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე ქართული აგროსასურსათო პროდუქციაც არის წარდგენილი, იუწყება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
„ისტორიული შანსი": საქართველოს ჩინეთში ექსპორტის გაზრდა სურს>>>
გამოფენის გახსნის ცერემონიას ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და საქართველოს სამთავრობო დელეგაციის სხვა წევრები ესწრებოდნენ. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართულ მხარეს ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა უმასპინძლა.
პავილიონი, სადაც ქართული აგროსასურსათო პროდუქციაა წარდგენილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო იმპორტის გამოფენის (China International Import Expo – CIIE) ფარგლებში გახსნა.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, ჩინეთის ხელისუფლება გეგმავს მნიშვნელოვნად გაზარდოს ქვეყანაში იმპორტი, რაც ქმნის შესაძლებლობას, რომ საქართველომ, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებმა, საკუთარი საექსპორტო შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზაცია მოახდინონ.
„ამ რეალობის გათვალისწინებით კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს კომპანია Greenland Holding Group-ის მიერ ინიცირებული პლატფორმა, რომელიც ათეულობით ქვეყანას საშუალებას აძლევს საკუთარი პროდუქცია გააცნოს დამთვალიერებელს. ჩვენ მიერ გახსნილი ქართული პავილიონი ჩვენი პროდუქციის ექსპორტის ზრდის მნიშვნელოვან წინაპირობას ქმნის“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
უწყების ცნობით, პავილიონი ქართულ მხარეს სამი წლით საქართველოს საგარეო ვაჭრობის ასოციაციასა (GFTA) და უმსხვილეს ჩინურ კომპანიას (Greenland Holding Group) შორის თანამშრომლობის ფარგლებში გადაეცა.
რა შემოსავალი მიიღო საქართველომ ღვინის ექსპორტისგან ათ თვეში>>>
პავილიონში წარმოდგენილია ქართული აგროსასურსათო პროდუქცია, რაც ჩინეთის უმსხვილეს ბაზარზე მათი ცნობადობის გაზრდასა და, შესაბამისად, ექსპორტის პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებას შეუწყობს ხელს.
საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში, რომელიც შანხაიში 5–10 ნოემბრის პერიოდში იმართება, 50-ზე მეტი ქართული კომპანია, მათ შორის, ღვინისა და სხვა აგროსასურსათო პროდუქციის მწარმოებელი კომპანიები მონაწილეობენ, რომლებიც დამთვალიერებელს საქართველოში არსებულ ბიზნეს-გარემოს და საექსპორტო პოტენციალს აცნობენ.
საქართველო ჩინეთთან ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ვაჭრობს. ჩინეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების სამეულში შედის. 2017 წლის ცხრა თვეში სავაჭრო ბრუნვამ 640,6 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა. ჩინეთში გააქვთ სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სპირტიანი სასმელები და, რა თქმა უნდა, ღვინო.
საქართველო არის რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები ერთდროულად გაფორმებული აქვს ჩინეთთან და ევროკავშირთან, რაც ქართულ კომპანიებს, ისევე, როგორც საქართველოში ინვესტირებით დაინტერესებულ ბიზნესმენებს, მრავალრიცხოვან ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს.