თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. ქართული ღვინის ექსპორტი 12%-ით, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება კი 20%-ით გაიზარდა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 68,3 მლნ-მდე ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 12%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.
ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 162 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20% შეადგინა.
ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: იაპონია – 50% (199997 ბოთლი), პოლონეთი – 30% (2788029), დიდი ბრიტანეთი – 50% (103724) და აშშ – 1% (399054).
ასევე შეინიშნება ზრდა ევროპის მიმართულებით: რუმინეთი - 477% (99774), ჩეხეთი - 70% (33450), ნიდერლანდები - 39% (63951), საფრანგეთი - 15% (113297), ესტონეთი - 12% (464792), ლატვია - 12% (1427836), ლიეტუვა - 7% (366552), გერმანია - 3% (378954) და ა.შ.
ასევე გაზრდილია ექსპორტი ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებით: თურქმენეთი - 102% (135294), მონღოლეთი - 44% (162390), ყირგიზეთი - 37% (179610), უკრაინა - 34% (8346700), ყაზახეთი - 16% (3112202), რუსეთი - 10% (42344328), ბელარუსი - 3% (1353042) და სხვა.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველ ხუთეულში არიან: რუსეთი (42344328), უკრაინა (8346700), ჩინეთი (5410667), ყაზახეთი (3112202) და პოლონეთი (2788029).
ამასთან, იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან მსოფლიოს 22 ქვეყანაში ექსპორტირებულია 15,7 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 15%-ით აღემატება გასული წლის 10 თვის მონაცემებს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 32,2 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, ზრდამ 8% შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 25 ქვეყანაში ექსპორტირებულია 322 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ზრდამ შეადგინა 47%. სულ ექსპორტირებულია 915 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ჭაჭა, რაც 38%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
ქართული ქარვისფერი ღვინო The Washington Post-ის ყურადღების ცენტრში მოექცა >>
სულ ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 252,1 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 13%-ით აღემატება გასული წლის იანვარ-ოქტომბრის მაჩვენებელს.