თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვების დახმარება ხუთჯერ გაიზრდება და ბავშვიანი ოჯახები ამჟამად არსებული 10-ლარიანი დახმარების ნაცვლად მიიღებენ 50-ლარიან დახმარებას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე.
ამჟამად ოჯახი, რომელსაც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 100 000 ქულამდე აქვს, თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად 10 ლარის ოდენობის დახმარებას იღებს.
Unicef-ის საგანგაშო დასკვნა - საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს>>>
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) 2017 წლის კვლევების თანახმად, საქართველოში ღარიბების რაოდენობა ბოლო ორ წელიწადში 2,1%-დან 5%-მდე გაიზარდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში თითქმის ყოველი მეხუთე ბავშვი ცხოვრობს ოჯახში, სადაც საარსებო ელემენტარული პირობები არ არის.
UNICEF-ის ექსპერტებმა საქართველოში ზოგადი სიღარიბის ზრდის მიზეზად ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპი, უმუშევრობა და გაზრდილი სამომხმარებლო ფასები დაასახელეს.
„UNICEF-ის რეკომენდაციის საფუძველზე ჩვენ ახალი სისტემა შევიმუშავეთ და ის შესაბამისად აისახება მომავალი წლის ბიუჯეტშიც. სოციალურად დაუცველი ოჯახების 16 წლამდე ბავშვების დახმარება ხუთჯერ გაიზრდება. ჩვენ მხარდაჭერას 50 ლარამდე გავზრდით და ამით 140 ათასამდე ბავშვს დავეხმარებით", – აღნიშნა ბახტაძემ.
მან აქვე დაამატა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებული არ არის და იგი უბრალოდ ბავშვების მზრუნველობისკენაა მიმართული.
„ჩვენ ვსაუბრობთ არა ოჯახების, არამედ ბავშვების დახმარებაზე და ეს არჩევნებთან არაფრით არაა დაკავშირებული. საუბარი ეხება ორ და სამშვილიან ოჯახებს, რომლებიც 100-150 ლარს მიიღებენ და ეს ოჯახების დახმარება კი არა, ეს ბავშვების დახმარებაა", – განაცხადა ბახტაძემ.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ უკვე მიიღო საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან ბიუჯეტის ცვლილებაზე თანხმობა.
„ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბავშვები ჩვენ ქვეყანაში ყველაზე მეტად დაცული იყვნენ. ეს ინიციატივა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებულია", – განაცხადა პრემიერმა.