ქვეყანაში, სადაც ბავშვების 6,8 პროცენტი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, 27,6 კი — ზოგადი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, წესით, მთავრობისა და პარლამენტის წევრებს საერთოდ უნდა ერიდებოდეთ საუბარი წარმატებებზე. არადა, ეს შოკისმომგვრელი დასკვნა გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) 2017 წლის ივლის-აგვისტოში ჩაატარა. საერთაშორისო ორგანიზაცია 2009 წლის შემდეგ, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ატარებს საქართველოში „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევას“.
კვირიკაშვილის მთავრობის უკიდურესად მემარჯვენე ხედვების გამო, შესაძლოა, ეს შედეგები სულაც არ მიიჩნეოდა კატასტროფულად, მაგრამ ახალი პრემიერის, მამუკა ბახტაძის ხედვები და განცხადებები იმედს იძლევა, რომ 2019 წლის ივლის-აგვისტოში ჩატარებული მომდევნო გამოკითხვისას უკეთეს შედეგებს ვაჩვენებთ.
პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ჭარბვალიანობის, როგორც სიღარიბის გამომწვევი უმთავრესი ფაქტორის შესახებ ისაუბრა. „ჩვენი მოსახლეობიდან დაახლოებით 630 000 ადამიანი დღეს არის ე.წ. შავ სიაში და ის მოკლებულია შესაძლებლობას, განახორციელოს სრულფასოვანი ეკონომიკური ცხოვრება. ამ ადამიანთა რიცხვში არიან ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ საინტერესო ბიზნესპროექტები, არიან მცირე მეწარმეები, მაგრამ ვერ ავითარებენ თავიანთ პოტენციალს, ვერ ასაქმებენ ხალხს, იქიდან გამომდინარე, რომ მათ შორის უპასუხისმგებლო დაკრედიტების სისტემამ გამოიწვია მათი ჩამოშორება ეკონომიკური ცხოვრებიდან. ეს რას ნიშნავს, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 25-30 პროცენტი მოკლებულია იმ საშუალებას, რომ იყოს ჩართული ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში“, — განაცხადა მან.
და მაინც, რა წერია Unicef-ის ყბადაღებულ დასკვნაში, რომელმაც წინა მთავრობა „ამოატრიალა?“ კვლევის ფარგლებში 2017 წლის ზაფხულში 4000-ზე მეტი ოჯახი გამოიკითხა და მისი შედეგები, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან სავალალოა ქართული საზოგადოებისავის. დასკვნა მეცნიერული კვლევის საფუძველზე ამბობს, რომ საქართველოში 50 ათასზე მეტი ბავშვი, ფაქტობრივად, შიმშილობს და მოკლებულია ჯანდაცვის, განათლებისა და მომავლის შექმნის პერსპექტივას…
სახარბიელო მდგომარეობა არც სხვა მხრივ გვაქვს. სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი მისია ასაკობრივი, მიზერული პენსიის გაცემაა. პენსიონერთა რაოდენობა კი ჩვენი საზოგადოების მეხუთედს შეადგენს. ანუ 3 მილიონ ნახევარი ადამიანიდან 700 000-ზე მეტი პენსიონერია, რომლებიც როგორ ირჩენენ თავს 180 ლარით, ალბათ, მსოფლიოს ერთ-ერთ საოცრებას წარმოადგენს.
დასკვნის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში ყველაზე დიდი წილი სოციალური დაცვის ხარჯებს უკავია. სოციალური პენსიების წილი სოციალური დაცვისათვის გამოყოფილი მთლიანი ხარჯების 62%-ს უდრის. ხანდაზმულობის პენსიამ, 2017 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 4.2% შეადგინა. 2017 წლის სექტემბრის მდგომარეობით, ხანდაზმულობის პენსია 729162 ადამიანმა მიიღო და მისმა მთლიანმა თანხამ 132,268,484 ლარი შეადგინა.
2017 წლის მდგომარეობით, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში 324,177 შინამეურნეობა ანუ 977,055 ადამიანი იყო. სოციალური დახმარება მიიღო 132 051-მა ოჯახმა, ანუ 459.699-მა ადამიანმა, ანუ შინამეურნეობების 12,4%-მა.
დასკვნაში პოზიტიური ფაქტორებიცაა აღნიშნული. „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის შედეგების მიხედვით, ბოლო ორი წლის განმავლობაში შინამეურნეობების რეალური შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზარდა — საშუალოდ 608 ლარიდან 771 ლარამდე.
მიუხედავად ამისა, კვლევის მიხედვით, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები გაიზარდა და 2017 წლის სექტემბრისათვის მოსახლეობის 5%, ბავშვების 6,8 პროცენტი და პენსიონერების 3,7 პროცენტი უკიდურესი სიღარიბის ქვემოთ ცხოვრობს. (უკიდურესი სიღარიბის ზღვრად მიჩნეულია 1,25 აშშ დოლარი დღეში, რაც თვეში 82,8 ლარს შეადგენს). ღარიბ შინამეურნეობებში მცხოვრები ბავშვების რაოდენობა 26.8-დან 31,6%-მდე გაიზარდა.
ზოგადი სიღარიბის ზღარს ქვემოთ კი მოსახლეობის 21,7%, ბავშვების 27,6% და პენსიონერების 17,6% ცხოვრობს. (2,5 აშშ დოლარი დღეში). ამ კვლევის მიხედვით, საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ბავშვების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. დღეს საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი ისეთ შინამეურნეობაში ცხოვრობს, რომლის წევრთა მინიმალური მოთხოვნილებები დაუკმაყოფილებელია.
კვლევაში მრავლადაა დადებითი შეფასებებიც. ნათქვამია, რომ არა მთავრობის მიზნობრივი პროგრამები, სიღარიბის დონე გაცილებით მაღალი იქნებოდა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ საყოველთაო ჯანდაცვით დაზღვეულია მოსახლეობის 82%, თუმცა 11%-მა არაფერი იცის ამის შესახებ. თუ საყოველთაო ჯანდაცვა ხელმისაწვდომია, კატასტოფულად მაღალია მედიკამენტების ფასები და მედიკამენტებზე ჯიბიდან გაწეული ხარჯები. ადამიანები ხშირად ექიმის დანიშნულებას სწორედ იმიტომ ვერ ასრულებენ, რომ წამლის ფული არ აქვთ. ქვეყანას კი სააფთიაქო მონოპოლიები ყვლეფენ.
საბავშვო ბაღების არ რსებობის გამო, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ვერ დადის 14 ათასი ბავშვი. 15-დან 18 წლამდე ყოველი მეხუთე ღარიბი ბავშვი აღარ იღებს განათლებას.
კვლევის შედეგები, როგორც ხედავთ, არც თუ ისე სახარბიელოა და არცაა გასაკვირი, რომ მას ასეთი რეაქციები მოჰყვა, თუმცა არამეცნიერულად ქუჩაში გავლა და მეტროში ჩასვლაც საკმარისია, შეამჩნიო ხალხის განწყობა და მდგომარეობა…