საქართველოში ბავშვთა სიკვდილიანობა 26%-ით შემცირდა

© photo: Sputnik / Sergey Krasnoukhov / გადასვლა მედიაბანკშიორსულობის ულტრაბგერითი კვლევა. არქივის ფოტო
ორსულობის ულტრაბგერითი კვლევა. არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში 2016 წელს დაბადებულ ბავშვთა რაოდენობა 4,5%-ით შემცირდა და 56 500-ზე მეტი შეადგინა

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 26%-ით შემცირდა, ნათქვამია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დედათა და ახალშობილთა სტრატეგიის მიმდინარეობის ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 28 დღემდე ასაკის ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 33%-ით შემცირდა.

ანგარიშის პრეზენტაციაზე საუბარი იყო დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მდგრადი განვითარების მიზნებზე. ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს თქმით, სწორედ ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება პირველი და მთავარი შედეგია, რომელიც აღნიშნული სტრატეგიის ფარგლებშია მიღწეული.

ორსული - Sputnik საქართველო
საგანგაშო სტატისტიკა: საქართველოში სიკვდილიანობამ შობადობას გადააჭარბა

ანგარიშში დიდი ადგილი ეთმობა სამშობიარო სახლების რეფორმას, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. სამშობიარო სახლებში მშობიარეთა და ახალშობილთათვის მაღალი დონის პირობების შექმნის მიზნით ჯანდაცვის სამინისტრო 2016 წელს თბილისის სამშობიარო სახლების მონიტორინგს შეუდგა და მათი სამ კატეგორიად დაყოფა გადაწყვიტა.

ორსულობის მიმდინარეობის პერიოდში განისაზღვრება, თუ რომელი კატეგორიის სამშობიაროში უნდა მოთავსდეს ქალი მშობიარობის დაწყებისას.

პირველი კატეგორიის სამშობიარო სახლებმა მშობიარეები უნდა დააკმაყოფილონ ფიზიოლოგიური მშობიარობისათვის აუცილებელი ყველა პირობით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, საკეისრო კვეთაც უნდა ჩაატარონ.

მეორე კატეგორიის საავადმყოფოები უფრო რთული შემთხვევებით იქნებიან დაკავებული.

მესამე კატეგორიის საავადმყოფოები — ეს სპეციალიზებული, მრავალპროფილიანი სამედიცინო დაწესებულებებია, რომლებმაც ურთულეს შემთხვევებსაც კი უნდა გაართვან თავი. ეს უკანასკნელი მოემსახურება იმ პაციენტებს, რომლებსაც გარდა გინეკოლოგიური და სამეანო მომსახურებისა, ასევე ესაჭიროებათ სხვა დარგის სპეციალისტების მომსახურებაც, მაგალითად, კარდიოქირურგის, ნეიროქირურგის და სხვ.

ეს სისტემა თანდათან მთელ საქართველოში დაინერგება.

გაგუას კლინიკა - Sputnik საქართველო
თბილისში კიდევ ერთი სამშობიარო გაიხსნა

საქართველოში წელს პირველად შემუშავდა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც მშობიარეთა და ახალშობილთა შორის სიკვდილიანობის რიცხვის შემცირებისკენ არის მიმართული. 

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 2016 წელს დაბადებულ ბავშვთა რაოდენობა 4,5%-ით შემცირდა და 56 500-ზე მეტი შეადგინა. აქედან ნახევარზე მეტი — 28 900 ბიჭი დაიბადა. ბავშვთა შორის სიკვდილიანობის ძირითად მიზეზებს წარმოადგენს ნაადრევი მშობიარობა, თანდაყოლილი ანომალიები და რისკების არასათანადო შეფასება.

დედათა და ახალშობილთა სტრატეგია სლოგანით „სიცოცხლის ჯანსაღი საწყისი“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ტექნიკური მხარდაჭერით შემუშავდა. 

სტრატეგიის ფარგლებში საქართველოში კლინიკური აუდიტის წარმოება დაიწყო, იმ პრობლემების გამოვლენის მიზნით, რომლებმაც ლეტალური შედეგი გამოიწვია.


ყველა ახალი ამბავი
0