თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დიღომში „გაგუას კლინიკის" კიდევ ერთი კორპუსი — დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი გახსნეს.
100-საწოლზე გათვლილი ახალი კორპუსი 10 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზეა აშენებული. შენობა თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი და ენერგოეფექტურია.
„ეს არის კლინიკა, რომლის სტრატეგია ყველა სოციალური ფენის წარმომადგენლების მომსახურებაა. და რაც განსაკუთრებით მახარებს ისაა, რომ კლინიკა შშმ პირებზეა ადაპტირებული და აქ სრული კომფორტია ჩვენი ყველა მოქალაქისთვის. ეს კლინიკა მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელების შედეგად აშენდა", — განაცხადა პრემიერმა კვირიკაშვილმა.
ახალ კლინიკაში 300 ადამიანი დასაქმდება, რომელთაგან 30 — მეცნიერებათა დოქტორი იქნება. აღნიშნულ მომენტში „გაგუას კლინიკას" წელიწადში 4 ათასი ახალშობილის მიღება შეუძლია, ახალი კორპუსის დამატებით კი მათი რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება.
კლინიკის ახალი კორპუსი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში აშენდა.
„გარდა იმისა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ მოქალაქეებს დიდი შეღავათი მისცა, მან კერძო კლინიკებს ახალი შესაძლებლობები მისცა. ბოლო სამი წლის განმავლობაში აღნიშნული პროექტის ფარგლებში 50 ახალი კლინიკა გაიხსნა", — განაცხადა დავით სერგეენკომ.
ცენტრს სასწავლო დაწესებულების ფუნქციაც ექნება. აქ პრაქტიკას გაივლიან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები.