თბილისში რეგიონში პირველი სახლის ტიპის სამშობიარო გაიხსნა

გამოწერა
ახალი სამშობიარო სახლის კონცეფცია მშობიარეების მინიმალურ სტრესულ პირობებში ყოფნას ითვალისწინებს.

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. იმისთვის, რომ მშობიარეებმა თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნონ, საქართველოში სახლის ტიპის პირველი სამშობიარო გაიხსნა, რომელიც დედებს მშობიარობის ახალ კონცეფციას სთავაზობს.

ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველოს დემოგრაფიული ანექსიის საშიშროება ემუქრება

PINEO Luxury თბილისის მეოთხე სამშობიარო სახლის ბაზაზე შეიქმნა. ახალი კონცეფციის სამშობიარო სახლში საცხოვრებელი გარემოა შექმნილი. მომავალი დედებისთვის, პალატების ნაცვლად, ოთახებია გამოყოფილი, სამედიცინო ხელსაწყოები კი შეუმჩნეველ ადგილზეა შენახული. ახალი სამშობიარო სახლი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სამედიცინო დაწესებულების დირექტორ ზაზა სინაურიძესთან ერთად გახსნა.

 „აქ არის განსხვავებული კონცეფცია, რომელიც ორსულს მინიმალურ სტრესულ პირობებს უქმნის. სამედიცინო დაწესებულებასთან ასოცირება გარკვეულ სტრესთანაა დაკავშირებული. ასეთ ოჯახურ პირობებთან მიახლოებული და სრულყოფილი სამედიცინო აღჭურვილობით დაკომპლექტებული სამშობიარო მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მომავალი დედისთვის იყოს უსაფრთხო გარემო“, — განაცხადა სერგეენკომ.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მშობიარობის პროცესში ქირურგიული ჩარევის რაოდენობის შემცირება.

საავადმყოფო - Sputnik საქართველო
თბილისს ორ წელიწადში ახალი ინფექციური საავადმყოფო ექნება

„ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული კონცეფცია, რომელიც მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას. ესაა უსაფრთხოება, ზრუნვა და კომფორტი… შეგვიძლია თვეში დაახლოებით ასი, წელიწადში — ათასი მშობიარე ვამშობიაროთ. თქვენ ხედავთ, რომ ეს კონცეფცია ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ აღქმა არ უნდა იყოს საავადმყოფოსი, ეს უნდა იყოს აღქმა, რომ შენ მშობიარობ დაცულ სახლში“, — აღნიშნა სინაურიძემ.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სამშობიარო სახლში განთავსებულია ნევროლოგიის, ქირურგიის, კარდიოლოგიის განყოფილებები, ასევე არის რეანიმაციული ბლოკები როგორც ჩვილთა, ისე დედებისთვის.

სამშობიარო სახლი ახალი კონცეფციით პირველია რეგიონში. ის ჩართულია საყოველთაო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში. სახელმწიფო საკეისრო კვეთას აფინანსებს 800 ლარით, ხოლო ფიზიოლოგიურ მშობიარობას — 500 ლარით.

ყველა ახალი ამბავი
0