თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. საქართველოს დედაქალაქში, სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ორ წელიწადში ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობა აღიმართება, განაცხადა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლებს ახლა აუტანელ პირობებში უწევთ მუშაობა, შენობაში საშინელი ანტისანიტარიაა, შენობის შემძენი კერძო კომპანია კი არანაირი სარემონტო სამუშაოს ჩატარების უფლებას არ იძლევა.
საავადმყოფოს ახალი შენობა 5 ათას კვადრატულ მეტრზე განთავსდება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება.
აგვისტოს შუა რიცხვებში საავადმყოფოს მედპერსონალმა საპროტესტო აქცია გამართა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით.
აღსანიშნავია, რომ ცენტრი С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში მონაწილე პაციენტების ნახევარზე მეტს ემსახურება.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, სახელმწიფომ ინფექციურ საავადმყოფოს სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა, მაგრამ მედპერსონალს მისი გამოყენების საშუალება არ აქვს.
მინისტრმა გამოთქვა იმედი, რომ ახალი შენობის მშენებლობის დასულებამდე ტერიტორიის მფლობელი დათმობებზე წავა და ინფექციურ საავადმყოფოს პაციენტების მიღებაში ხელს არ შეუშლის.