თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. სექტემბერიდან საქართველოში ბავშვებსა და მოზარდებს სისხლში ტყვიის შემცველობაზე კვლევებს ჩაუტარებენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებაზე დაყრდნობით.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით დღეს სემინარი "ბავშვებსა და მოზარდებში სისხლში ტყვიის შემცველობის შეფასება" გაიმართა.
„საყურადღებო სურათია ქვეყანაში ტყვიასთან მიმართებაში. აუცილებელია გავაანალიზოთ, რაც გვაქვს, დავგეგმოთ რას ვაკეთებთ და შემდეგ შესაბამისი გადაწყვეტილებები მივიღოთ. დღევანდელი შეხვედრა ეძღვნება ამ საკითხს", — განაცხადა სემინარზე ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის თქმით, ბავშვებსა და მოზარდებში სისხლში ტყვიის შემცველობის კუთხით საქართველოში საგანგაშო მდგომარეობა არ არის, თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით დიდი კვლევა არ ჩატარებულა.
„სექტემბრიდან გაერო-ს ბავშვთა ფონდთან და იტალიის ჯანდაცვის ინსტიტუტთან ერთად ტარდება დიდი კვლევა ბავშვებში. ეს მოგვცემს, თუ რასთან გვაქვს საქმე ქვეყანაში. აქამდე ჩატარებული კვლევები მხოლოდ ცალკეულ ჯგუფებზე იყო, ხოლო მთლიანად ქვეყანაში რა ხდება და მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინფორმაცია წლის ბოლოს, ამ კვლევის შემდეგ გვექნება", — განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა.
მიმდინარე წლის თებერვალში, 2017 წლის მუშაობის შეჯამებისას და 2018 წლის გეგმებზე საუბრისას, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ უახლოეს დროში გახდება ცნობილი, როგორ აპირებს ჯანდაცვის სამინისტრო ტყვიასთან, როგორც უწყების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევასთან ბრძოლას. 2017 წელს გავრცელდა ინფორმაცია მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების სისხლში ტყვიის მომატებული შემცველობის შესახებ.
როგორც მაშინ სერგეენკომ განაცხადა, ტყვიის რაოდენობის გაზრდა სისხლში მთელი მსოფლიოს პრობლემას წარმოადგენს. მისი თქმით, მიიჩნეოდა, რომ იმ ქვეყნებმა, რომლებმაც ბოლო ათი წლის განმავლობაში გარემოს დაცვის კუთხით გარკვეული ნაბიჯები გადადგეს და მოხმარებიდან ეთილირებული ბენზინი ამოიღეს, ტყვიის პრობლემა გადაჭრეს. თუმცა, 2017 წელს ჯანმო-ში აღნიშნულ თემაზე დიდი სემინარი ჩატარდა და გაირკვა, რომ სისხლში ტყვიის შემცველობის კუთხით არც ერთი ქვეყანა თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს.
ტყვია მცირე რაოდენობით ადამიანის ორგანიზმს არ ვნებს, თუმცა მისი მაღალი შემცველობა სისხლში და თან დიდი ხნის განმავლობაში — ორგანიზმს წამლავს. ტყვიის მაღალი შემცველობა არღვევს ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, იწვევს კომას, კრუნჩხვებსა და სიკვდილსაც კი. ის განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, რადგან მოქმედებს ტვინის განვითარებაზე. ტყვიის ზემოქმედება ასევე იწვევს ანემიას, ჰიპერტენზიას, თირკმელების უკმარისობასა და სხვა.