ლარის „შავი“ პერსპექტივა და სამომავლო ხარჯები...

© photo: Sputnik / Stringerლარის კუპიურები
ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი, შეცვლილი მთავრობა და უცვლელი მიდგომები, წინასაარჩევნოდ გამხელილი საბიუჯეტო პარამეტრები... ვინ და რატომ "გაწირა" ლარი და რას გვიქადის ეროვნული ვალუტის ახალი "სიმაღლე"?

ახალი წლის მოახლოებას სულ პირველად პარლამენტში გაიგებ... ეს როგორ? - შესაძლოა ჩამეძიოს მკითხველი და მეც მარტივად გავცემ პასუხს. როგორც წესი, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ყოველი წლის ოქტომბრის თვის პირველ რიცხვებში მომდევნო წლის ბიუჯეტის განხილვას იწყებს. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა დღითიდღე მატულობს და ქვეყანა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება, ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა.

მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი პარლამენტშია და ხალხის რჩეულების ვერდიქტს ელოდება. სავარაუდოდ, საპარლამენტო კომიტეტებსა და ფრაქციებში გამართული განხილვების შემდეგ ცალკეული პარამეტრები საბოლოოდ დაზუსტდება.

ამერიკული დოლარი - Sputnik საქართველო
ფულის შოვნის „შემოვლითი გზა“, ანუ სესხიც საოცნებო გახდა...

ბიუჯეტის პროექტის პირველი ვერსიით გაირკვა, რომ მომავალ წელს დასახარჯი სულ 12 729 მილიონი ლარია. ბევრია ეს თუ ცოტა? გააჩნია „აპეტიტს“, ბრძანებს მკითხველი და მართალიც იქნება. ფაქტია, რომ 2019 წლის ბიუჯეტი თითქმის 270 მილიონი ლარით იზრდება. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს მთავრობა კვლავაც 4.5 პროცენტის ფარგლებში პროგნოზირებს. ინფლაციის მაჩვენებელი 3 პროცენტია. მთავრობა ვალის აღებასაც აპირებს, ამჯერად 2 160 მილიონი ლარის ოდენობით. როგორც ჩანს, მთავრობას საკუთარი ე.წ. ჭარბვალიანობა ნაკლებად ადარდებს. რატომ? სავარაუდოდ, გადახდის უნარიც აქვს და იმიტომ, თუმცა გვახსოვდეს, რომ ბიუჯეტში ჩვენი მოქალაქეების ფულია და ვალსაც ისინი ისტუმრებენ. ბიუჯეტის პროექტით, მომავალ წელს უკვე არსებული ვალის დასაფარად გათვალისწინებულია 930 მილიონი ლარი. ასე რომ, ვალის წმინდა ზრდა 1 230 მილიონ ლარს შეადგენს.

ბენზინგასამართი სადგური - Sputnik საქართველო
მოძრაობის ფასი, ანუ როცა საწვავს „ცეცხლი უკიდია“...

უცვლელია ხელისუფლების პრიორიტეტები. ეს არის ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა და განათლება. 2018 წელთან შედარებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 239.5 მილიონი ლარით იზრდება  და შეადგენს 3 863 მილიონ ლარს. ეს მოცულობა მთლიანი ბიუჯეტის 30.3 პროცენტია. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილია 1 965 მილიონი ლარი, რაც 139.8 მილიონი ლარით აღემატება მიმდინარე წლის მაჩვენებელს. ხოლო განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს დაფინანსება 23.7 მილიონი ლარით იზრდება და 1 485 მილიონ ლარს შეადგენს.

გიხაროდენ! ბიუჯეტის პროექტში ასახულია 2019 წლის 1 იანვრიდან პენსიის 20 ლარით მატებასა და ე.წ. დაგროვებითი საპენსიო სისტემის შემოღებასთან დაკავშირებული ხარჯები... 

სავალუტო ჯიხური თბილისში - Sputnik საქართველო
გაძვირებული ცხოვრება და საშემოდგომოდ დათვლილი სიღარიბე...

საბიუჯეტო პარამეტრებზე ბევრი შეიძლება ითქვას, თუმცა თქვენ ყურადღებას ერთ კონკრეტულ მოცემულობაზე გავამახვილებ. წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტით, მთავრობა, სხვა მრავალ სიკეთესთან ერთად, 2019 წელს ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო გაუფასურებას გეგმავს. ლარის გაცვლითი კურსი ამერიკული დოლარის მიმართ მომავალ წელს 2.63-ის ნიშნულზე იქნება. საყურადღებოა, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტში კურსი 2.59-ის ნიშნულზეა. შესაბამისად, წელს კურსი 2.40-სა და 2.60-ს შორის მერყეობდა. აქედან გამომდინარე, როგორც სპეციალისტები და ანალიტიკოსები აღნიშნავენ, მომავალ წელს ლარი-დოლარის კურსი 2.60-დან 2.75-ის ფარგლებში იტრიალებს. ეს მოსახლეობისა და ბიზნესისთვის საგრძნობი დარტყმა იქნება. გაძვირდება საწვავი, პროდუქტები, მედიკამენტები და, ბოლოს, კომუნალური გადასახადები.

მოსახლეობისთვის ეს საგანგაშო კურსი ანალიტიკოსთა ერთ ნაწილს ოპტიმისტურად მიაჩნია და თვლის, რომ საუკეთესო შედეგი იქნება, თუ მთავრობა და ეროვნული ბანკი შეძლებენ ბიუჯეტის პროექტით პროგნოზირებული კურსის დაცვას.

ანალიტიკოსების უმრავლესობა ეჭვის თვალით უყურებს მთელი მომავალი წლის განმავლობაში ლარი-დოლარის გაცვლითი კურსის 2.63-ის ნიშნულზე შენარჩუნებას. 

ფული  - Sputnik საქართველო
საკრედიტო შიმშილი, ანუ თანამედროვე თამასუქები და ვექილი პლევაკოს რეპლიკა...

ანალიტიკოსი პაატა შეშელიძე: „როგორც წესი, საპროგნოზო მაჩვენებელი მხოლოდ ვარაუდია და ის არასოდეს ემთხვევა ხოლმე ზუსტ რეალობას, რომელიც შემდეგ წელს დგება. მათ მოლოდინი აქვთ, რომ ლარი შენარჩუნდება 2.63-ნიშნულზე. პრინციპში, ახლა ეს მდგომარეობაა. მოდი, ვთქვათ ასე, თუ ლარი შენარჩუნდება იმ ნიშნულზე, რაც საპროგოზო მაჩვენებლით ეროვნულმა ბანკმა და ფინანსთა სამინისტრომ ერთობლივად გვითხრეს, ეს იქნება ძალიან კარგი, ე.ი. მომავალ წელს ჩვენ გვექნება სტაბილური ლარი, მაგრამ მიზნობრივ მაჩვენებელს ეროვნული ვალუტის გაუფასურების ტემპი ყოველთვის აჭარბებს. მთავრობა ლარის კურსს ადგენს იმის მიხედვით, თუ რა ოდენობის შემოსავლის მიღებას ელოდება და როგორ აქვს დაგეგმილი ეკონომიკური ზრდა. მართალია, გათვლები იშვიათად მართლდება, მაგრამ ის ნამდვილად არის საორიენტაციო მთელი წლის განმავლობაში. ეგზოგენური და შიგა ფაქტორების გამო ეროვნული ვალუტა მეტად უფასურდება ხოლმე, ვიდრე ეს ოფიციალურ მაჩვენებლებშია ასახული. ასეთ პირობებში კი, რა თქმა უნდა, ინფლაციური რისკი საკმაოდ მაღალი იქნება და ამ დროს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ წარიმართება ქვეყანაში ეკონომიკური პროცესი...“ 

ლარის კურსი - Sputnik საქართველო
საზაფხულო „საქანელა“, ანუ საშემოდგომო გამოცდის მოლოდინში

ანალიტიკოსთა კიდევ ერთი ნაწილის აზრით, მომავალი წლის ბიუჯეტში ლარი-დოლარის კურსის გათვლა 2.63-ის ნიშნულზე ამყარებს იმ ვარაუდს, რომ მთავრობის ეკონომიკურ გუნდს არა აქვს ლარის გამყარების იმედი. საბანკო საქმის ექსპერტებიც თვლიან, რომ ლარი ერთხანს დაღმავალ ტრენდს შეინარჩუნებს.

ექსპერტი მიხეილ თოქმაზიშვილი: „მთავრობამ ბიუჯეტის პროექტით ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი 2.63-ის ნიშნულზე დააფიქსირა. ეს ნიშნავს, რომ ლარი წონასწორობის ახალ პარამეტრზე გადადის და უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ეროვნული ვალუტის კურსი დოლარის მიმართ 2.72–2.75-ის ფარგლებში იქნება. სტაბილურობის შენარჩუნება დეკემბრის თვის ბოლოს დაიწყება, ხოლო იანვრიდან ისევ გაუფასურების ტენდენციაა მოსალოდნელი...“

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტმა დეკემბრის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს. მანამდე კი ხალხის რჩეულებმა შენიშვნები უნდა ჩამოაყალიბონ და მთავრობას მიაწოდონ. რეგლამენტის თანახმად, ეს პროცესი 22 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს. შენიშვნები და მოსაზრებები ალბათ უხვად იქნება, ამთავითვე ცნობილია, რომ საპარლამენტო უმცირესობა ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერს და პასუხისმგებლობის აღება მმართველ გუნდს მოუწევს...

 

ყველა ახალი ამბავი
0