თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებიდან ექვსი კერძო ბიზნესშია დასაქმებული, ხუთი კი დროებით უმუშევარია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაცია დასრულდა>>>
ცესკოს მონაცემებით, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში 25 კანდიდატია რეგისტრირებული. მათგან 19 წარმოდგენილია პოლიტიკური პარტიების, ხოლო 6 - საინიციატივო ჯგუფების მიერ.
პრეზიდენტობის კანდიდატებიდან ხუთი კანდიდატი დროებით უმუშევარია:
ზვიად ბაღდავაძე („სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველო")
ირაკლი გორგაძე („მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“)
გრიგოლ ვაშაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)
ზვიად იაშვილი („ეროვნულ–დემოკრატიული პარტია“)
თეიმურაზ შაშიაშვილი (საინიციატივო ჯგუფი).
პრეზიდენტობის ექვსი კანდიდატი კი კერძო სექტორშია დასაქმებული:
საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი ბესარიონ თედიაშვილი შპს „თფ ქონსტრაქშენსის“ დამფუძნებელი და ასევე საქართველოს გოლფისა და მინიგოლფის ფედერაციების პრეზიდენტია; „ახალი ქრისტიან-დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან ჩხეიძე შპს იურიდიული ფირმა „ჩხეიძე და პარტნიორების“ დირექტორია; პარტია „თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზის“ კანდიდატი თამარ ცხორაგაული მეწარმეა, თუმცა სამუშაო ადგილი მითითებული არ აქვს; საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ვლადიმერ ნონიკაშვილი შპს გამომცემლობა „პარაგრაფის“ დირექტორია; კერძო ბიზნესით არის დაკავებული პრეზიდენტობის კანდიდატი კახაბერ ჭიჭინაძეც – მას ინდივიდუალური მეწარმის სტატუსი აქვს; სასტუმრო „ბოჰო ტიფლისშია“ დასაქმებული „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი კანდიდატი ოთარ მეუნარგია.
რამდენიმე კანდიდატი საგანმანათლებლო დაწესებულებაშია დასაქმებული:
პარტია „გირჩის“ კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე „საქართველოს უნივერსიტეტის“ პროფესორია, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ კანდიდატი მიხეილ ანთაძე „კავკასიის უნივერსიტეტის“ პროფესორი, გიორგი ანდრიაძე კი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქრისტიანული თეოლოგიისა და რელიგიის ისტორიის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარის მოადგილეა.
პარტიული თანამდებობები უკავიათ შემდეგ კანდიდატებს:
შალვა ნათელაშვილი („ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე), მიხეილ სალუაშვილი („სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ თავმჯდომარე), ზვიად მეხატიშვილი („საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის“ კომიტეტის წევრი), ვახტანგ გაბუნია („ქრისტიან–დემოკრატიული პარტიის“ რეგიონული მდივანი), დავით უსუფაშვილი („შენების მოძრაობის“ ლიდერი), აკაკი ასათიანი („ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის“ თავმჯდომარე), გელა ხუციშვილი („საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი), კახა კუკავა („თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე).
პარტია „საქართველოს“ თავმჯდომარე, პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი ოთხ ადგილზეა დასაქმებული – არის საქართველოს ეროვნული აკადემიის ვიცე–პრეზიდენტი; ეროვნული სამხედრო სამედიცინო აკადემიის რექტორი; გ. ლილუაშვილის ფონდის პრეზიდენტი და თბილისის 81-ე საჯარო სკოლის ექიმი.
კანდიდატებიდან ყველაზე ხანდაზმული თემურ შაშიაშვილია (დაბადების თარიღი 01.04.1951), ყველაზე ახალგაზრდა კი – ზვიად ბაღდავაძე (დაბადების თარიღი 22.02.1980).
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა.
არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციის მოთხოვნით ცენტრალური საარჩევნო კომისიას მთლიანობაში 46-მა სუბიექტმა მიმართა, აქედან 20 პოლიტიკურმა პარტიებმა წარადგინეს, 26 კი საინიციატივო ჯგუფებმა.