საქართველო და ევროკავშირი უფრო მეტი დაახლოების გზაზე - საგზაო რუკის კონცეფცია მზადაა

© FB / MFA of Georgiaდავით ზალკალიანი და იოჰანეს ჰანი
დავით ზალკალიანი და იოჰანეს ჰანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იოჰანეს ჰანმა საქართველოს ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორი უწოდა და ბრიუსელში მომავალი მოლაპარაკებების მნიშვნელობა აღნიშნა.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. საგზაო რუკის კონცეფცია, რომელიც საქართველოს და ევროკავშირის კიდევ უფრო მეტ დაახლოებას გულისხმობს, უკვე შემუშავებულია, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პრესკონფერენციაზე, რომელზეც ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრის შედეგები შეჯამდა.

ევროპა საქართველოს ფინანსურ დახმარებას გაუწევს >>

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით ორშაბათს ჩამოვიდა. თბილისში ის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლის გახსნას აპირებს.

„ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ წარმატებით ასრულებს საქართველო ასოცირების შეთანხმებას. ამასთან, ვისაუბრეთ რომ საქართველოს აქვს უფრო ამბიციური გეგმა კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი გადადგას ასოცირების ფარგლებს მიღმა გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით", — განაცხადა ზალკალიანმა.

საქართველოს ბიომეტრიული პასპორტი - Sputnik საქართველო
ამბიციური პასპორტი - საქართველოს მოქალაქეობის მიღება გართულდა

2014 წლის ივნისში საქართველომ და ევროკავშირმა მოაწერეს ხელი ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველი ზონის შესახებ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა, რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის საგზაო რუკა.

„უკვე შემუშავებულია საგზაო რუკა, რომელიც ერთგვარად საშინაო საქმიანობაა საქართველოს ევროკავშირში ფუნქციურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით და ევროკავშირის სხვადასხვა პროექტში საქართველოს აქტიურ ჩართვას გულისხმობს. დონე, რომელიც გვაქვს ევროკავშირთან, ახალი ფორმატები განაპირობებს იმას, რომ ასოცირების დღის წესრიგის შესრულება უაღრესად წარმატებულად მიმდინარეობს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს ორგანიზაციასთან დაახლოებისთვის ახალი ფორმატების შეთავაზებისთვის და დააანონსა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლის შეხვედრა ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან, რომელიც ბრიუსელში ნოემბერში გაიმართება.

ზალკალიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ქვეყანა წარმატებულად უმკლავდება დასმულ ამოცანას და უვიზო რეჟიმი არის ისეთი მიღწევა, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება.

ევროკავშირი საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მომხრეა >>

„ჩვენ ასევე განვიხილეთ ნაბიჯები, რომლებიც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გზაზე გადავდგით. აღინიშნა, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია არის საქართველოს უმნიშვნელოვანესი მიღწევა და ამ მიღწევას გაფრთხილება უნდა, რასაც საქართველო აკეთებს კიდეც. რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები აფასებენ და პოზიტიურ შეფასებებს აძლევენ იმ ნაბიჯებს, რომლებსაც საქართველო სავიზო ლიბერალიზაციის შესრულებასთან დაკავშირებით დგამს“, — განაცხადა ზალკალიანმა.

2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მოკლევადიანი ვიზიტების (180-დან 90 დღე) უფლება მოიპოვეს. ბოლო მონაცემებით, უვიზო რეჟიმით 192 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა. 

იოჰანეს ჰანმა საქართველოს ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორი უწოდა და ბრიუსელში მომავალი მოლაპარაკებების მნიშვნელობა აღნიშნა.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი - Sputnik საქართველო
მერკელი: საქართველოსთვის სამუშაო კვოტებს შევქმნით

„ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ მოვნახეთ გზები, რათა შეგვექმნა სპეციალური ფორმატი, რომელიც მოიცავს განსაკუთრებულ ურთიერთობებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის. აღნიშნული ღონისძიება გაიმართება 31 ნოემბერს, ბრიუსელში, კომისიასა და საქართველოს მთავრობას შორის. ჩვენ გვინდა განვსაზღვროთ ის მიმართულებები, სადაც შემდგომში შეგვიძლია მოვახდინოთ ინვესტირება. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო არის ძირითადი სტრატეგიული პარტნიორი“, — განაცხადა ჰანმა.

2019 წელს საქართველო და ევროკავშირი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის შექმნის 10-წლისთავს აღნიშნავენ. ზალკალიანის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მომავალი წელი დატვირთული იყოს ქართულ-ევროპულ ურთიერთობათა მრავალმხრივი მიმართულებებით.

ევროკომისიისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შერჩევით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლა საწყის ეტაპზე განთავსდება კერძო „ახალი სკოლის" ბაზაზე. ევროპული სკოლისთვის ახალი შენობა აშენდება ნაკვეთზე, რომელიც საქართველოს მთავრობის თბილისის მერიასთან თანამშრომლობით იქნა გამოყოფილი.

ჟან-კლოდ იუნკერი: ევროკავშირი ერთიანი უნდა დარჩეს >>

მოსწავლეებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვსი ქვეყნიდან კონკურსის საფუძველზე შეარჩევენ. 2018-2019 სასწავლო წლისთვის უკვე 30 მოსწავლე შეირჩა.

საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების განვითარება 2006 წელს დაიწყო. ეს ურთიერთობა 2009 წლისთვის ბევრად მჭიდრო გახდა, როდესაც საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამას შეუერთდა. პროგრამა მიმართულია ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციაზე ექვს ქვეყანასთან: აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან.


ყველა ახალი ამბავი
0