თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. საქართველოსთვის და დასავლეთ ბალკანური ქვეყნებისთვის სამუშაო კვოტებს შევქმნით დასაქმების ლეგალური გზების შექმნის მიზნით, განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
კანცლერის განცხადებით, დარგის სპეციალისტებთან ერთად მუშავდება კანონპროექტი იმ პროფესიებისთვის, რომლებზეც გერმანულ ბაზარზე დიდი მოთხოვნაა.
„ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, მათ შორის, საქართველოსთვის და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის შევქმნით კვოტებს, რათა დასაქმების ლეგალური, სამართლებრივად მოწესრიგებული გზები არსებობდეს, მათ შორის, გაძლიერდეს პროფესიული სკოლები მრავალი მიმართულებით", – განაცხადა მერკელმა.
ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე. გრძელვადიანი, სამუშაო ან სასწავლო ვიზიტებისთვის საქართველოს მოქალაქეებს ვიზების მიღება სჭირდებათ.
უვიზო რეჟიმის უსიამოვნო შედეგი გახდა ის, რომ ევროკავშირის ქვეყნებში გაიზარდა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა. თავიანთი შეშფოთება ამასთან დაკავშირებით გამოხატეს გერმანიამ, საფრანგეთმა, შვედეთმა, ისლანდიამ.
ბოლო სტატისტიკური მონაცემების თანახმად, რომელიც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა, თავშესაფრის მაძიებელთა უმრავლესობა გერმანიაშია. ქვეყნის ხელისუფლებას 2018 წელს საქართველოს დაახლოებით 2,5 ათასმა მოქალაქემ მიმართა. თანხმობა მხოლოდ 1%-მა მიიღო.
ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის წესების დარღვევის გამო გერმანიიდან საქართველოში ბოლოს 51 ადამიანის დეპორტაცია მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისში მოხდა.
ანგელა მერკელი თბილისს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვია. ის უკვე შეხვდა ქვეყნის პირველ პირებს, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. მისი ვიზიტი დღეს დასრულდება.