სმიტების ოჯახის მკვლელი ნასვამი იყო: საქმის ახალი დეტალები გაჩნდა

© photo: Ryan Smith / FBსმიტების ოჯახი
სმიტების ოჯახი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ახალგაზრდა მწყემსმა ამერიკელი ოჯახი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მოკლა

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. პროკურატურის ვერსიით, 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური, რომელსაც სმიტების ოჯახის სასტიკი მკვლელობა ედება ბრალად, დანაშაულის ჩადენის მომენტში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ბრალდებულის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

სმიტების ოჯახის მკვლელობა – ბრალდებული სქესობრივი უძლურების შესახებ აცხადებს >>

რაიან სმიტის, მისი მეუღლის, ლარას და მათი 4 წლის შვილის ცხედრები ივლისის დასაწყისში ხადას ხეობაში იპოვეს. ოფოციალური მონაცემებით, ბავშვის სამარხზე პოლიციას თავად კობაურმა მიუთითა, რომელიც ცოლ-ქმრის ცხედრების აღმოჩენიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.

„საბრალდებო დასკვნაში წერია, რომ ის მთვრალი იყო, მაგრამ ეს არაფრით მტკიცდება. გარდა ამისა, არ შეესაბამება რეალობას დადგენილებაში მოყვანილი სხვა გარემოებებიც, რომლებიც სმიტების ოჯახთან მისი შეხვედრის დროსა და ადგილს ეხება. ეს ადამიანი საერთოდ არ სვამს“, — განაცხადა კობაიძემ.

საქმის მორიგი მოსმენა ორშაბათს შედგა. დაცვის მხარე მოითხოვდა კობაურის გათავისუფლებას, თუმცა სასამართლომ თხოვნა არ გაითვალისწინა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

ციხე თბილისში - Sputnik საქართველო
სმიტების მკვლელობა: ბრალდებული შერაცხადია

სხდომა დახურული იყო, რაც იმით აიხსნა, რომ საქმეში არასრულწლოვანი ბავშვი ფიგურირებს, თანაც ადგილი აქვს ფაქტებს, რომლებიც სექსუალურ სცენას აღწერს.

საქმე ისაა, რომ ივლისის ბოლოს გავრცელდა ცხედრების ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად ლორა სმიტს სიკვდილის წინ კობაურთან სქესობრივი კონტაქტი ჰქონია. ამის შემდეგ მედიაში ქალის გაუპატიურების შესახებ ალაპარაკდნენ.

მომდევო სხდომა 26 ოქტომბერს არის ჩანიშნული.

თავისი შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებულია კობაურის დედა მარიამ მარტიაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ სმიტები სხვა ადამიანმა დახოცა.

„იპოვონ ნამდვილი მკვლელი. ისინი (სამართალდამცველები — რედ.) თვითონ არიან მკვლელები. თვითონ მოიგონეს ყველაფერი. მათ გაანადგურეს ერთადერთი დოკუმენტი, რომლის იმედი გვქონდა. მათ გაანადგურეს „112“-დან ამონაწერი“, — განუცხადა მარტიაშვილმა ჟურნალისტებს.

ბრალდებულის დედა აცხადებს, რომ მისი ოჯახი ეძებდა კობაურს, დარეკეს „112“-ში, თუმცა ამონაწერი გამქრალია.

კანონისა და მართლმსაჯულების სიმბოლოები - Sputnik საქართველო
სმიტების მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი საქმეს ჩამოშორდა

პროკურატურის მონაცემებით, მიმდინარე წლის 4 ივლისს, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას 19 წლის მწყემსმა სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რაიან სმიტს. ამის შემდეგ მწყემსმა გადაწყვიტა მოეკლა ბავშვი და ლორა სმიტი, რომელიც შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა. მაშინ ბრალდებულმა ბავშვს მიბჯენით ესროლა და მოკლა. მკვლელობაში ბრალდებულმა რაიან სმიტის ცხედარი და მასრები მდინარეში გადაყარა, ხოლო ბავშვის ცხედარი და მათი პირადი ნივთები პატარა ქვაბულში გადამალა.

მალხაზ კობაურის დედას ექსპერტიზის შედეგების არ სჯერა >>

ლორა და რაიან სმიტები საქართველოში აშშ-დან ექვსი წლის წინ გადმოვიდნენ. ისინი მარნეულის რაიონში ცხოვრობდნენ. 2012 წელს ამერიკულ მოქალაქეობასთან ერთად, მათ საქართველოს მოქალაქეობაც მიიღეს. დუშეთში ოჯახი დასასვენებლად და ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების სანახავად გაემგზავრა.

კობაურის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მუხლით, რაც განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თავად მწყემსი აცხადებს, რომ უდანაშაულოა.


ყველა ახალი ამბავი
0