„ეს არის ტყუილი ჩემი შვილის წინააღმდეგ შეთითხნილი. რასაც უნდათ იმას ათქმევინებენ. როცა დაკითხეს ადვოკატის გარეშე და წინასწარ ნიმუშები აუღეს, მაშინ იყო ჩემს შვილზე ზეწოლა, აღიარებინეს, რაც უნდოდათ“ — განუცხადა მწყემსის დედა მარიამ მარტიაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ —ს.
ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, რომელიც ბრალდებულის ადვოკატებსაც გადაეცათ, მწყემსმა მალხაზ კობაურმა ლორა სმიტი გააუპატიურა, მისი 4 წლის შვილი ქელებ ისმატ სმიტი კი თოფის მიბჯენით მოკლა.
ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორა, ასევე, მათი ოთხი წლის ვაჟი ქელებ ისმატ სმიტი დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში 8 ივლისს გარდაცვლილები იპოვეს. სამართალდამცველებმა აღნიშნულ ფაქტზე დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული მალხაზ კობაური დააკავეს. თავდაპირველად დაკავებულმა ჩადენილ დანაშაული აღიარა, თუმცა მოგვიანებით უარყო.