დამეთანხმებით, რომ თანამედროვეობის ეს აუცილებელი ნივთი მაქსიმალურად უსაფრთხოდ და ზომიერად უნდა გამოვიყენოთ. რა შეიძლება მოიმოქმედოს მშობელმა, როცა ბავშვი დროის უმეტეს ნაწილს კომპიუტერთან ატარებს? ამის შესახებ მედიცინის აკადემიური დოქტორი, ავერსის კლინიკის პედიატრიული სამსახურის უფროსი თამარ ობგაიძე საუბრობს.
- დასაწყისშივე შევთანხმდეთ, მე, როგორც ექიმი და ვთვლი, პროგრესული ადამიანიც, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ვიქნები პროგრესის მოწინააღმდეგე, მაგრამ საკითხი, რომელიც უნდა განვიხილოთ, ნამდვილად დასაფიქრებელია.
დიდი ხანია, გავიდა ის დრო, როცა ტელევიზორი ერთადერთი ეკრანიანი საყოფაცხოვრებო ნივთი იყო ჩვენს სახლებში. ციფრული მედია სულ უფრო ღრმად იჭრება ჩვენს ცხოვრებაში და ახლა ხშირად გვიკვირს, როგორ ვცხოვრობდით ათეული წლების წინ მის გარეშე.
სამეცნიერო-ტექნიკურმა პროგრესმა სიკეთესთან ერთად ბევრი უცნაური დაავადებაც მოიტანა, მაგალითად, ფეისბუქის დეპრესია, ინტერნეტზე დამოკიდებულება, სექსტინგი (პორნოგრაფიული სურათების გადაცემა, გაზიარება, მიღება), ხოლო სამედიცინო და პოპულარულ ლიტერატურაში კიდევ ერთი ახალი ტერმინი გააჩინა - საეკრანო დრო. ეს არის დროის ის შუალედი, რასაც ადამიანი ეკრანთან ატარებს.
ციფრულ საკომუნიკაციო საშუალებებს ბავშვები და მოზარდები სულ უფრო ხშირად იყენებენ თანატოლებთან, ახლობლებთან თუ სრულიად უცნობ ადამიანებთან კომუნიკაციისათვის. ოფიციალურად, სოციალური ქსელების უმეტესობა რეგისტრაციისათვის 13-14 წელს მიუთითებს, თუმცა დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევა მოწმობს, რომ ბავშვების 60%-ს 10 წლის ასაკში უკვე არის რომელიმე სოციალური ქსელის მომხმარებელი, მათ დიდ ნაწილს მიმოწერა აქვს სრულიად უცხო ადამიანებთან. მოზარდთა 22% დღის მანძილზე საშუალოდ 10-ჯერზე ხშირად შედის ამორჩეულ სოციალურ ქსელში. აშშ-ში ჩატარებული კვლევის მიხედვით, 8-10 წლის ბავშვი ეკრანთან დღე-ღამეში საშუალოდ 8 საათს, ხოლო 11-17 წლის მოზარდი 11 საათს ატარებს. გამოკითხული ბავშვების 71% ადასტურებს, რომ მას ოთახში კომპიუტერი აქვს. ბრიტანელი ბავშვთა ფსიქოლოგის, რიჩარდ ვულფსონის აზრით, სოციალური ქსელებით ადრეულ ასაკში სარგებლობა ბავშვებს აძლევს საშუალებას, მოიპოვონ ისეთი ინფორმაციები, რომელთა აღქმის უნარი მათ ამ ასაკში ჯერ კიდევ არ აქვთ.
- რატომ არის საშიში საეკრანო დროის გაზრდა?
- ციფრულ მედიასაშუალებებთან ურთიერთობისას ფიზიკური აქტივობა შეზღუდულია, მცირდება ენერგიის ხარჯვა, რაც სიმსუქნის რისკს ზრდის. საეკრანო დროის გაზრდა იწვევს ძილის დარღვევებს. ბავშვს უჭირს ჩაძინება, ღამის მანძილზე ხშირად იღვიძებს. ამავდროულად ბავშვი, რომელსაც ღამით არ სძინავს, ხშირად წაიხემსებს, რაც ზრდის სიმსუქნის განვითარების რისკს. საეკრანო დროის ზრდასთან ერთად მატულობს ქცევის დარღვევების რისკიც - იზრდება შფოთვის, დეპრესიის, ყურადღების დეფიციტის განვითარების ალბათობა, ადრეულ ასაკში ფერხდება ფსიქო-მოტორული განვითარება.
- სად ვუშვებთ მშობლები შეცდომებს?
- ხშირად მშობლები თავად არიან ციფრული საშუალებების მოხმარების ინიციატორები, იყენებენ მას ბავშვის გასართობად, კვების წასახალისებლად, მოუცლელობის დროს ბავშვის დასამშვიდებლად, რის გამოც ის თანდათან ეჯაჭვება ეკრანს. ამ დროს სულ უფრო ნაკლები დრო რჩება პატარას თამაშისათვის, რაც უმნიშვნელოვანესია მისი განვითარებისათვის.
მომდევნო ასაკში ბავშვს ოთახში აქვს პერსონალური კომპიუტერი და ხშირად მშობლებმა არც კი იციან, რა ვებ-გვერდებს სტუმრობს მათი შვილი ან რომელ საათზე იძინებს ღამით.
- თუმცა ციფრული ტექნოლოგიებს დადებითი თვისებებიც გააჩნია...
- უამრავი უარყოფითი გავლენის მიუხედავად ციფრულ საშუალებებს დიდი სარგებლობა მოაქვთ ბავშვებისა და მოზარდებისათვის. კომპიუტერები ეფექტურად გამოიყენება სწავლის პროცესში. მოზარდებს საშუალება აქვთ, იპოვონ მსგავსი ინტერესების თანატოლები, სახლიდან გაუსვლელად დაგეგმონ საინტერესო ღონისძიებები და შეუერთდნენ მათ, ერთობლივად იმუშაონ სხვადასხვა პროექტზე. ყოველივე ეს აძლიერებს მოზარდების ინდივიდუალურ და კოლექტიურ კრეატიულობას.
ციფრული საშუალებები მოზარდებს საშუალებას აძლევთ, მიიღონ ანონიმური რჩევები ექიმისგან, ფსიქოლოგისგან მათთვის საინტერესო თემებზე, რომელზე საუბარსაც ვიზიტის დროს თავს არიდებენ.
- რა შეიძლება მოიმოქმედოს მშობელმა, რას ურჩევდით მათ?
- საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ბავშვთა უფლებათა კონვენციის კომიტეტმა მას 2014 წლის სექტემბერში სპეციალური სესიაც მიუძღვნა. მრავალსაათიანი სჯა-ბაასის შემდეგ მიღებულ იქნა რეკომენდაციები, რაც ხელს შეუწყობს ციფრული მედიასაშუალებების ბალანსირებულ და გონივრულ გამოყენებას. რეკომენდაციები ითვალისწინებს არა მარტო ბავშვის უფლებას, მისთვის ხელმისაწვდომი იყოს ციფრული საშუალებები, არამედ უსაფრთხოების ნორმების სწავლებას და დაცვასაც. აი, კონკრეტული რეკომენდაციებიც:
გაიტანეთ კომპიუტერი და ტელევიზორი ბავშვის ოთახიდან.
იმისათვის, რომ მისცეთ მაგალითი, თავად შეზღუდეთ მისი თანდასწრებით კომპიუტერით და სმარტფონით სარგებლობის დრო მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში.
ამერიკის პედიატრიის აკადემიის რეკომენდაციით, ორ წლამდე ასაკის პატარას შეხება არ უნდა ჰქონდეს ეკრანთან. ორი წლის ასაკიდან საეკრანო დრო საშუალოდ ორი საათით განისაზღვრება.
ნუ გამოიყენებთ ციფრულ მედიას ბავშვის გასართობად და კვების წახალისებისათვის, გართობისათვის. შეეცადეთ ამის ნაცვლად უფრო დიდი დრო დაუთმოთ მასთან თამაშს, სეირნობას, აქტიურ თამაშს სუფთა ჰაერზე. ასე ადრეული ასაკიდანვე შეამცირებთ კომპიუტერული დამოკიდებულების რისკს.
ყურადღებას მიაქციეთ, რა ინტერნეტ-გვერდებზე აქვს წვდომა თქვენს შვილს.
თუ სახლში ხმოვანი ფონი გჭირდებათ, ამისათვის ტელევიზორი კი არა, რადიო გამოიყენეთ.
და კიდევ, თუ თქვენი პატარა მთელ დღეს ძიძასთან ატარებს, თავიდანვე გააფრთხილეთ ის, რომ მოარიდოს პატარა ეკრანს.
აშშ პედიატრიის აკადემია მოუწოდებს მშობლებს, მასწავლებლებს და ექიმებს, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ ამ საკითხებს.
ამავე ორგანიზაციის რეკომენდაციით, პედიატრი მოზარდის კონსულტაციისას უნდა სვამდეს ორ დამატებით კითხვას - რა დროს ატარებ ყოველდღიურად ეკრანთან და არის თუ არა შენს ოთახში კომპიუტერი ან ტელევიზორი.
მოკლედ, მეგობრებო, ისწავლეთ ციფრული მედიის გამოყენება სწორად, შეეცადეთ, ასწავლოთ იგივე თქვენს შვილს და დატკბით ჯანმრთელი პროგრესით!