დაინტერესებულია მათემატიკითა და კომპიუტერით, გადაღებულია: ფილმებში, სერიალებსა და რეკლამებში, მღერის, ცეკვავს, გატაცებულია ექსტრემალური სპორტით, რომელსაც ბიემიქსი ჰქვია და სპორტის ამ სახეობაში 2017 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა.
— ანრი, სპორტი, კინო, მათემატიკა და კომპიუტერი ერთად მოგწონს, როგორი ნატურა ხარ და დავიწყოთ იმით, კინოში როგორ მოხვდი?
— ძირითადად მაინც შემოქმედებითი ნატურა ვარ. კინოში ჩემი მოხვედრა მოულოდნელად მოხდა: ფესტივალ „არტ გენზე“ ვიყავი, როცა ორი ქალბატონი მომიახლოვდა და შემომთავაზა, რომ ფილმის ქასთინგზე მიმეღო მონაწილეობა. როგორც მერე გავიგე, საუბარი იყო ფილმზე „გაყინული შადრევნების წელიწადები“, რომლის რეჟისორი ბატონი ვანო ბურდულია. ქალბატონები კი იყვნენ: ეკა მჟავანაძე და ხათუნა აგლაძე, რომლებმაც ფაქტობრივად წყვდიად ღამეში, 1000 კაცში ამარჩიეს.
თავიდან არ მინდოდა სინჯებზე წასვლა, იმიტომ, რომ ვფიქრობდი, რომ აზრი არ ჰქონდა, მაგრამ მაინც მივედი ქასთინგზე. იქ ტექსტები დაგვირიგეს და მითხრეს, შეეცადე გახსნილი იყო და კომპლექსებისგან გათავისუფლდე, მხოლოდ პერსონაჟზე უნდა იფიქრო და იმაზე, ეს როლი როგორ უნდა ითამაშოო. მოკლედ რამდენიმე ტური გავიარე და ჩემდა გასაოცრად აღმოჩნდა, რომ ყველაფერი კარგად გამომივიდა, რეჟისორსაც მოვეწონე და მეც სტიმული მომეცა.
— მანამდე არასოდეს გიფიქრია კინოზე?
— კინოზე მართლა არასოდეს მიფიქრია, იმიტომ, რომ უფრო სიმღერით და ცეკვით ვიყავი გატაცებული. ეს ქალბატონები რითი დავაინტერესე, მართლა არ ვიცი. ჩემს გმირს სანდრო ჰქვია და ეს მეორეხარისხოვანი როლია. ჭკვიანი ბიჭია, კომპიუტერი იცის კარგად და მეგობრებს რჩევებს აძლევს ხოლმე. იმ პერიოდში მეც ასეთი ვიყავი, კომპიუტერით გატაცებული.
— ექსტრიმი როგორ შემოიჭრა შენს ცხოვრებაში?
— მართალია, ველოსიპედი ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ ამ სპორტით თუ ასე დავინტერესდებოდი, აზრადაც არ მომივიდოდა. ერთხელ ეზოში ბიემიქსით გატაცებული საზოგადოება გავიცანი. ბიემიქსი რა არის იცით? მარტივად რომ ვთქვათ, ესაა სპორტის სახეობა, რომლის დროსაც ტრაპმლინების მეშვეობით ველოსიპედით გარკვეულ მანევრირებას აკეთებ. როდესაც ტექნიკას კარგად დაეუფლები, მერე უკვე შეუძლებელსაც აკეთებ.
— ეს ალბათ არც ისე უსაფრთხოა, არა?
— დიახ, საშიში და საფრთხის შემცველი ნამდვილად არის, მაგრამ როცა ეჩვევი ამაზე აღარ ფიქრობ..
— ანუ რისკიანი ადამიანი ხარ?
— დიახ, რისკიანი ნამდვილად ვარ, თუმცა საკუთარ თავზე ექსპერიმენტების ჩატარება არ მიყვარს.
— რაღაც „კანონზომიერ შემთხვევებზეა“ შენი ცხოვრება აგებული, კინოს დროსაც „ერთხელ“ იყო, ქუჩაში მიმავალი რომ აგარჩიეს, სპორტის შემთხვევაშიც, უცებ „აღმოჩნდი“ იმ ეზოში, სადაც ბიემიქსით გატაცებული ბიჭები იყვნენ… მუსიკასთან შენი კავშირიც ამ „პიესიდან“ არის?
— არა, მუსიკასთან და ცეკვასთან კავშირი, შემთხვევით არ მომხდარა, ეს დედაჩემის დამსახურებაა. ბავშვობიდან ვმღეროდი, დედამ შემამჩნია და ისეთ მიიყვანა ისეთ პროფესიონალებთან, ვისთან ერთად ყოფნა ძალიან მსიამოვნებდა. პირველად ეკა კვალიაშილის სტუდიაში მივედი, როცა ის სტუდია დაიხურა, შემდეგ სტუდიაში — „მეკო“ გადავედი. ეს იყო არაჩვეულებრივი მეკო ქავთარაძის სტუდია, სადაც ჩემი ვოკალის პედაგოგი იყო უნიჭიერესი მადონა ძაძამია, რომლის დამსახურებაა, რომ კონკურსში „ოქროს ნოტი" საპრიზო ადგილი და ჟიურის სიმპატია დავიმსახურე. ახლა არ ვმღერი, გარდატეხის ასაკი მაქვს და ამ დროს ხმა მუტაციას განიცდის.
— ქართულ სერიალში „ჩცდ“ როგორ აღმოჩნდი?
— ამ სერიალში ლუკა ნინიძის როლი მაქვს, როცა პირველად ფილმში გადამიღეს, იქ ქალბატონი ეკა მჟავანაძე იყო ქასთინგის რეჟისორი და სერიალშიც მან მიმიწვია: მოდი, სცადე და რეჟისორ გიორგი ლიფონავას თუ მოეწონები, მაშინ მიგიღებენო. სხვათაშორის, ქასთინგზე ბევრი ბავშვი იღებდა მონაწილეობას და მე ამარჩიეს.
— უფროსი თაობის ადამიანებში რა მოგწონს და რა არა?
— უფროს თაობაში რა არ უნდა მომწონდეს?— არ ვიცი, ასეთ რამეს ვერც ვიხსენებ. პრინციპში ყველაფერი მომწონს. ჩემი მშობლები რომ ასეთები არ იყვნენ, მე ელემენტარული ზრდილობა არ მექნებოდა და შესაძლოა, ცოტა თავხედიც ვყოფილიყავი. როდესაც ტრანსპორტში ავიდოდი, ხანშიშესულ ადამიანს ადგილს არ დავუთმობდი, სამწუხაროდ ასე იქცევიან დღეს ჩემი ასაკის ბავშვები. კიდევ იმიტომ, მომწონს უფროსი თაობა, რომ თავაზიანების გარდა ჩვენზე განათლებულები არიან. მათ თავის დროზე არ ჰქონდათ ცოდნის მიღების იმდენი შესაძლებლობა, რამდენიც ჩვენ გვაქვს, თუმცა მე ვთვლი, რომ ჩვენ ამ შესაძლებლობებს როგორც საჭიროა, ისე ვერ ვიყენებთ. მათ წიგნები ჰქონდათ, დღეს კი — ორ წამშია შესაძლებელი იმ ინფორმაციის მოძიება, რაც მაშინ წიგნების კითხვას ითხოვდა.
— ანუ შენი თაობა წიგნებს აღარ კითხულობს?
— არა, წიგნებს იმდენად აღარ ვკითხულობთ. იმიტომ, რომ ამისთვის არსებობს ინტერნეტი და ტელეფონი, რითიც წამებში მოვიძიებთ ყველაფერს, რაც გვაინტერესებს.
— მართალია, 5 წლის იყავი, როცა მომღერალ ანრი ჯოხაძეს საკუთარი ინიციატივით გაეცანი?
— ისე მოხდა, რომ მაშინ ჩემს მშობლებთან ერთად თბილისობის დღესასწაულზე ვიყავი მოსკოვიდან ჩამოსული, რესპუბლიკის მოედანზე სადღესასწაულო კონცერტი მიმდინარეობდა და მე იქვე ვსეირნობდი, როცა ყური მოვკარი წამყვანის სიტყვებს, რომ იმღერებდა ყველასთვის საყვარელი მომღერალი ანრი ჯოხაძე, გამიკვირდა: მე რატომ არ ვიცნობ ჩემს სეხნიას და თითქმის მოგვარეს მეთქი. ჰოდა, სცენასთან მივირბინე და მისი გაცნობა მოვითხოვე. მაშინვე მიმიყვანეს უფროს ანრისთან და ის სახალხოდ გამაცნეს. ამ ამბის მერე ჩვენ დავმეგობრდით.
— როგორ ფიქრობ, 20 წლის მერე სად იქნები და რითი დაკავებული?
— ახლანდელი ცხოვრებიდან გამომდინარე, არა მგონია, რომ მაგ დროს საქართველოში ვიყო. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ასე ვფიქრობ. სამწუხაროა იმიტომ, რომ ქართველები საქართველოში უნდა ვიყოთ, აქ სიტუაციის გამოსწორებაზე უნდა ვიფიქროთ და არა აქედან წასვლაზე. თუმცა მე ისეთი გატაცება მაქვს, ექსტრემალურ სპორტს ვგულისხმობ, რომ ჩვენთან ტექნიკურად არ არის იმის შესაძლებლობა, რომ განვითარდე, საამისო პირობები არ არის და ალბათ კიდევ დიდხანს არ იქნება…
— პესიმისტი ხარ?
— არა, უფრო რეალისტი…
— რა არის შენთვის თავისუფლება?
— ჩემი აზრით, თავისუფალია ის, ვინც ყველა ადამიანის აზრს პატივს სცემს. მართალია, ყველას საკუთარი სიმართლე აქვს, მაგრამ სხვის აზრს რომ დააფასებ, მაშინ ხარ თავისუფალი. აგრესიულად არ უნდა შეხვდე იმ ადამიანს, ვისაც შენგან განსხვავებული აზრი აქვს. ისე, მატყუარა ადამიანები მეცოდებიან, იმიტომ, რომ ტყუილს მხოლოდ დაშინებულები ამბობენ, თავისუფალი ადამიანი კი არ იტყუება..