ამერიკაში მცხოვრები ქართველი მწერალი, 7 წიგნის ავტორი ირმა ბეგლარიშვილი ამ ქვეყნის ხმაურს ისევ ამერიკაში განერიდა. საამისოდ მან ამიშების უცნაური დასახლება შეარჩია. ამიშები მე-18 საუკუნის ყოფითა და წესებით ცხოვრობენ და ცივილიზაციას არ სცნობენ. მათ დასახლებაში ელექტროენერგიაც კი არ არის და ისევ ლამპით სარგებლობენ. მიწას ცხენშებმული გუთნით ამუშავებენ.
ამიშებს სოციალური სტატუსიც არა აქვთ და ბანკის კრედიტებისა და სახელმწიფო ვალდებულებებისგან თავისუფალი არიან. ჩვენ დავუკავშირდით ქალბატონ ირმას, რათა მისი, როგორც მწერლის, საინტერესო მოსაზრება და შთაბეჭდილებები გაგვეგო.
– ქალბატონო ირმა, მგონი, იმ იშვიათ ქართველებს შორის ხართ, ვინც ამიშების ტერიტორია, ანუ ამერიკული ნაკრძალი მოინახულა?
— ვეცდები ზუსტად გადმოვცე ის, რაც იქ ყოფნის დროს ვიგრძენი. როცა მივხვდი, რომ ყველაზე მეტად სიმშვიდე მენატრებოდა, გადავწყვიტე, შვილთან ერთად ამიშების ნაკრძალი მომენახულებინა. ჩვენ პენსილვანიის შტატში, ქალაქ ლანკასტერის (lancaster county) ჩვეულებრივ სასტუმროში ვიყავით. ეს ულამაზესი ადგილია და იქიდან ამიშების ქვეყანა სამ მილშია. სპეციალურ ცენტრში მივედით, სადაც რუკა მოგცეს, რათა მათ დასახლებამდე მივსულიყავით. ადგილზე ჩასვლის დროს ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, თითქოს სადღაც დიდ სიმშვიდეში, ზღაპრულ გარემოში შევაბიჯე, სადაც მივხვდი, რომ ვსუნთქავდი. იქ იყო თვალუწვდენელი ველები, ხალიჩასავით მობიბინე ხორბლის ნათესები და იალაღზე გაშვებული ცხენები… ყველაფერში სიმშვიდე და სითბო იგრძნობოდა. ირგვლივ იყვნენ ტრადიციულ ტანსაცმელში გამოწყობილი ბავშვები, რომლებიც გაკვირვებული და ოდნავ ველური მზერით შემოგვყურებდნენ. მათ ჰქონდათ ის, რასაც აქეთ დარჩენილ სამყაროში მოქცეულ ბავშვებში ვერასდროს აღმოაჩენ. იქ ვიგრძენი თავისუფლება, რომელსაც ალბათ ნედლი ბალახის სურნელი ჰქონდა…
– მაინც როგორები არიან ამიშები – საკუთარი სურვილით მე-18 საუკუნეში დარჩენილი ადამიანები?
— ამიშები მშვიდები, კეთილები და უბრალო ხალხია — ალალი ღიმილით. მათ სოციალური ნომერიც არ აქვთ. სხვათა შორის, გვითხრეს, რომ ყველას შეუძლია ამიში გახდეს. ჩემმა შვილმა სიცილით მითხრა, დედა, ნახე, სახლიც იყიდებაო, რადგან სახლის წინ გასაყიდი აბრა დავინახეთ. თუმცა, ვფიქრობ, ამიშად კი არ უნდა იქცე, უნდა დაიბადო. ამიშების ქვეყანაში მარკეტს გადავაწყდით, სადაც მათ მიერ შექმნილი პროდუქცია იყიდებოდა. ლამაზად დაფასოებული ხილის ფაფები, ხილის ნამცხვრები, ტკბილეული, ხელით დამზადებული შოკოლადები და კანფეტები. ისინი მარტო ნაღდ ფულს ან ჩეკს იღებენ, საკრედიტო ბარათს არ სცნობენ. ერთ მოხუცს გავესაუბრეთ, რომელმაც გვკითხა, საიდან ვიყავით. ნებართვა ვთხოვე, სურათი თუ შეიძლებოდა გადამეღო. გვითხრა, არ ვპოზიორობო. ამიშებს არ უყვართ, როცა მათ ფოტოს უღებ, მაგრამ მე მაინც მოვახერხე და ჩემ შვილთან ერთად გადავუღე.
– ცნობილია, რომ მათ სახლებში ელექტროენერგიაც არა აქვთ და ორი საუკუნის წინანდელი ნივთებით სარგებლობენ…
— დიახ, სახლებში სინათლეც არ აქვთ და ისევ ლამპის სინათლით სარგებლობენ. თუმცა, საცდუნებელივით ეს ყველაფერი იქვე, ახლოს, ხელის გაწვდენაზე აქვთ. თეთრ პერანგებსა და შავ შარვლებში გამოწყობილი ამიშები მიწას ცხენებში შებმული გუთნებით ამუშავებდნენ. ავტომანქანით ლამის მარტო ჩვენ ვიყავით. იქ მყოფს გავიწყდება, რომ ეს ყველაფერი ხმაურიანი სამყაროს მიღმა იყო, რომელშიც ტექნიკას და ხმაურს ვერ შეეღწია. აქ არც საათი გჭირდება, არც კომპიუტერი. ადრე სულ მიკვირდა, როგორ შეიძლება გქონდეს ეს ყველაფერი და მათზე უარი თქვა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ამიშებმა ეს მოახერხეს…
– იქ ყოფნისა დროს რაიმე ხომ არ დაგიწერიათ?
— ის რამდენიმე დღე, რაც იქ ვიყავი, ჩემ სულში დაილექა და ოდესმე სადღაც აუცილებლად ამოტივტივდება… დიდი ხნის წინ მივხვდი, რომ წერა ჩემთვის ტკივილიდან და მკაცრი სინამდვილიდან თავის დაღწევის საშუალებაა. მივხვდი, რომ არა ეს განსაცდელი, ამდენი წიგნიც არ შეიქმნებოდა. როცა ბედნიერი ვიყავი, მაშინ ვერ ვწერდი. დაგეგმვით კი, ცხოვრებასაც არ ვგეგმავ, რადგან ის ჩვენამდე სხვამ დაგეგმა და მაინც არაფერი შეიცვლება… თუმცა, ლექსი კი დავწერე და ახლა მისგან ერთ სტროფს გაგაცნობთ:
„რომ არა ლექსი… დავრჩებოდი იმ ჩემს სოფელში,/ არაფრისათვის…
იქვე ვინმეს შევიყვარებდი…/ შემოვღობავდი ჩემთვის ჩემს წილს, სხვებივით ალბათ…/
ბედნიერებას ასე უფრო დავიჯერებდი!/ რომ არა ლექსი… თავს სხვებივით
მოვიტყუებდი, მაღლა გახედვას არასოდეს მოვინდომებდი“…
მოკლედ, ამიშები 21-ე საუკუნიდან მე-18 საუკუნეში გაიქცნენ და იქ შექმნეს საკუთარი სამყარო, სადაც ყველაფერი მარტივი და უბრალოა. სამაგიეროდ შეინარჩუნეს ის, რაც ასე გვენატრება ადამიანებს, ესაა ინდივიდუალობა და უბრალოება…