ვალერი მელაძემ ქართული მოქალაქეობის მიღება გადაწყვიტა

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშივალერი მელაძე და ალბინა ჯანაბაევა
ვალერი მელაძე და ალბინა ჯანაბაევა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვალერი მელაძე, შესაძლოა, უახლოეს მომავალში ორი ქვეყნის -რუსეთის და საქართველოს მოქალაქე გახდება

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. რუსეთში მოღვაწე პოპულარულმა ქართველმა მომღერალმა ვალერი მელაძემ საქართველოს მოქალაქეობის მიღება გადაწყვიტა, იუწყებიან ქართულ მედიაში.

ვალერი მელაძე - Sputnik საქართველო
ვალერი მელაძე საქართველოში - „დროშები“ გამოფენილია

როგორც აღინიშნა, რამდენიმე დღეს წინ მელაძემ იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურად მიმართა. 18-19 აგვისტოს ცნობილი შემსრულებელი მშობლიურ ბათუმს ესტუმრა და ვახტანგ კიკაბიძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილ კონცერტზე იმღერა.

ვის ქორწილში იმყოფებოდა თბილისში სტუმრად ვალერი მელაძე >>

მოგვიანებით მელაძემ საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად  განცხადების შეტანის შესახებ ინფორმაცია რუს ჟურნალისტებთანაც დაადასტურა.

ვალერი ამბობს, რომ ის არ მალავს ამ ფაქტს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარს ამბობს რუსეთის მოქალაქეობაზე. როგორც მუსიკოსი აღნიშნავს, მისი ქმედებები არ ეწინააღმდეგება არცერთი ქვეყნის კანონმდებლობას.

„რაც შეეხება ამ საკითხის ეთიკურ მხარეს, დარწმუნებული ვარ, ამით არავის მორალურ ზიანს არ ვაყენებ. საქართველოში იმ დროს დავიბადე და გავიზარდე, როდესაც რუსეთსა და საქართველოს შორის საზღვრები არ არსებობდა“, — განაცხადა ვალერი მელაძემ რადიოსადგურ Говорит Москва-ს ეთერში.

2018 წლის 15 აგვისტოს ძალაში შევიდა შესწორებები კანონში „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ", რომლის თანახმად საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს 2020 წლის 31 დეკემბრამდე შეუძლიათ მიმართონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის თხოვნით, რომელიც მათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შედეგად დაკარგეს. 

ვალერი მელაძის ქალიშვილის ქორწილი მაროკოში იზეიმეს >>

ცნობილი მომღერალი 1965 წლის 23 ივნისს ქალაქ ბათუმში დაიბადა. მის მშობლებს მუსიკასთან შეხება არ ჰქონიათ. მამა, დედა, ბებია და ბაბუა ინჟინრები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ვალერი მელაძემ წარმატებით დაასრულა მუსიკალური სკოლა, მან მშობლების მსგავსად ტექნიკური განათლება მიიღო, დაამთავრა ნიკოლაევის ს. ო. მაკაროვის სახელობის გემთმშენებელი ინსტიტუტი ხომალდების ენერგეტიკული დანადგარების "ინჟინერ-მექანიკოსის" სპეციალობით, შემდეგ კი საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა, თუმცა ინსტიტუტის სწავლის დასრულებისთანავე მისი ცხოვრება შეიცვალა.

მელაძემ მუსიკალური კარიერა 1989 წელს დაიწყო — როდესაც უმცროს ძმა კონსტანტინე მელაძესთან ერთად ჯგუფის "დიალოგი" შემადგენლობაში შევიდა და რამდენიმე წლის განმავლობაში მონაწილეობდა. პირველი მნიშვნელოვანი გამოსვლა მომღერალს 1992 წელს ჰქონდა სიმღერით "Не тревожь мне душу, скрипка.." კონცერტის "ვარსკვლავიანი ღამე" პროგრამის ფარგლებში. კონცერტი ალბერვილში ზამთრის ოლიმპიადის ჩატარებას ეძღვნებოდა.

დღეს ვალერი მელაძეს რუსული ჯილდო „ოვაცია" სამჯერ აქვს მიღებული, მრავალჯერ გახდა "წლის სიმღერის" და "ოქროს გრამაფონის" ჯილდოების მფლობელი, შვიდჯერ მიიღო ჯილდო "Муз-ТВ", სამჯერ კი — RU.TV. ის რუსეთის ფედერაციის დამსახურებული არტისტია, ჩეჩნეთის სახალხო არტისტი, შედის საესტრადო ხელოვნების მოღვაწეთა საერთაშორისო კავშირის მმართველობაში.

„თბილისო“ ცნობილი მომღერლის, ვალერი მელაძის შესრულებით - Sputnik საქართველო
„თბილისო“ ცნობილი მომღერლის, ვალერი მელაძის შესრულებით

ვალერისათვის სიმღერებს წერს მისი უმცროსი ძმა — მუსიკოსი და კომპოზიტორი კონსტანტინე მელაძე. თბილისსა და ბათუმში კონცერტებზე მომღერალმა არაერთხელ ისაუბრა ამის შესახებ, მადლობას უხდიდა საკუთარი ძმის ტალანტს, ამ დროს კი ეკრანებზე კონსტანტინ მელაძის კადრები გადიოდა.

ვალერი მელაძეს ჰყავს ხუთი შვილი: სამი ქალიშვილი ირინა მელაძესთან პირველი ქორწინებიდან და ორი ვაჟი მეორე ქორწინებიდან, რომლებიც „ვიაგრას“ ყოფილი სოლისტ, ალბინა ჯანაბაევასთან შეეძინა.

ყველა ახალი ამბავი
0