საპრეზიდენტო არჩევნების გამოცანები და ჯერაც უპასუხოდ დარჩენილი კითხვები

© Sputnik / STRINGERპრეზიდენტის სასახლე
პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
გამოწერა
იღებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას სალომე ზურაბიშვილი? ამ კითხვაზე პასუხი ოფიციალურად ორშაბათს გახდება ცნობილი, თუმცა ეს ყველაზე ადვილი საკითხია, რაზეც ქართულ საზოგადოებას მოუწევს პასუხის გაცემა და მიღება.

ორშაბათს ზურაბიშვილი იტყვის, რომ ის არჩევნებში მონაწილეობს და სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ მორცხვი მხარდაჭერაც ექნება — ანუ დასავლეთთან კეკლუცობა იმით, რომ საქართველოს ბოლო, პირდაპირი წესითა და 6 წლის ვადით არჩეული პრეზიდენტი თან დამოუკიდებელი იქნება და თან — ხელისუფლებასთან დაახლოებული.

ძნელი სათქმელია, რა კანონებს დაადებს ვეტოს სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ მისი კარგად მცნობი ადამიანები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს მორიგი იმედგაცრუება ელის, რადგან ხასიათის ცვალებადობით, ემიგრანტების წარმომადგენელი მარგველაშვილს დიდად არ ჩამოუვარდება… ნიკო ნიკოლაძის შთამომავალმა, საფრანგეთში აღზრდილმა დიპლომატმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება და მას მხარდაჭერაც ექნება — ევროპისაგან, რუსეთისგან — თუ მართლაც ასე გულშემატკივრობს ლავროვს, ემიგრაციისაგან… ასევე მას ჰყავს თბილისელი მხარდამჭერების საკმაოდ სერიოზული ელექტორატი, თუმცა ნაკლებად პოპულარულია რეგიონებში…

პრეზიდენტის სასახლე ავლაბარში - Sputnik საქართველო
იმედგაცრუება ციფრებში... ანუ საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი გათვლები...

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი თვლის, რომ „ქართულ ოცნებას“ სალომე ზურაბიშვილის სახით ე. წ. „გრუშა“ სჭირდება, რომელსაც, საჭიროების შემთხვევაში ყველა პრობლემას გადააბრალებს და განტევების ვაცად აქცევს. ექსპერტი გია ხუხაშვილი კი თვლის, რომ ზურაბიშვილის ასე იოლად დამორჩილება ადვილი არაა, თუ ის საერთოდ გახდა პრეზიდენტი, რადგან ასეთ შემთხვევაში ძალიან დიდია მეორე ტურის ალბათობა.

მეორე ტური, ალბათ, გარდაუვალი იქნება, თუ ამჟამინდელი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გადაწყვეტს არჩევნებში ჩართვას. მართალია, მარგველაშვილი ერთი შეხედვით ფარ-ხმალ დაყრილი ჩანს, მაგრამ 28 აგვისტომდე რას მოიფიქრებს, არავინ იცის. ის უმრავლესობას ბოლომდე უშლის ნერვებს და საკუთარ გადაწყვეტილებას ჯერ ბოლომდე არ ამჟღავნებს, თუმცა დიდი ალბათობით, ვაჭრობს მის შემდგომ პერიოდთან და კადრებთან დაკავშირებით. მთავარი ის კი არაა, მარგველაშვილი არჩევნებს მოიგებს თუ არა, მთავარია, რომ მას შეუძლია „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველი წაართვას და მეორე ტურის ალბათობა გაზარდოს.

საკუთარი, ლიბერალური ამომრჩეველი ჰყავს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს, რომელიც 10 პარტიასთან აწარმოებს მოლაპარაკებას. მიუხედავად უსუფაშვილის კონსტრუქციული და გონივრული პოლიტიკისა, ქართულ საზოგადოებაში მას მეორე ტურში გასვლის შანსიც კი ძალიან დაბალი აქვს… ღმერთმა ქნას, ვცდებოდე.

პრეზიდენტის ავლაბრის სასახლე - Sputnik საქართველო
ფიქრები ავლაბრის „შტაბკვარწირის“ მომავალ ბინადარზე... ანუ ვინც არ უნდა იყოს?!

შედარებით ოპტიმისტურად გამოიყურება გრიგოლ ვაშაძისა და დავით ბაქრაძის შანსები. ნაციონალების ორ ფრთას ჰოლანდიაში პირობა კი დაადებინეს, ერთმანეთს მხარს დავუჭერთო, მაგრამ ჯერჯერობით პარტიის ლიდერები სიამოვნებით ლანძღავენ ერთმანეთს. რამდენად სანდო და გულწრფელი იქნება მათი მხარდაჭერა მეორე ტურში ერთმანეთის მიმართ, ძნელი სათქმელია.

საპრეზიდენტო არჩევნების კიდევ ერთ საიდუმლოდ რჩება, ვის და დაასახელებს თუ არა საერთოდ „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატს. ბიძინა ივანიშვილი რომ თავის გუნდზე და პრეზიდენტის ინსტიტუტზეც გულაცრუებულია, ეს ნათლად ჩანს, მაგრამ მის გუნდში ახლა დიდი ბრძოლა და ძალთა გადანაწილება მიმდინარეობს.

აშკარაა, რომ თუ ძველი ოცნებელები სალომე ზურაბიშვილის მიმართ სიმპატიებს არ მალავენ. ახალი, პროდასავლური, უფრო სწორად, პროამერიკული ფრთა აქცენტს საკუთარი კანდიდატის დაყენების აუცილებლობაზე აკეთებს. ამ კონტექსტში უკვე გაიჟღერა კიდევ ერთი ქართველი დიპლომატის, ზურაბ პოლოლიკაშვილის გვარმა, რომელზეც ნამდვილად ძნელია, რაიმე კომპრომატი მოიპოვებოდეს, თუმცა ფართე ქართული საზოგადოებისათვის პოლოლიკაშვილი ნაკლებადაა ცნობილი და მის გაპიარებას საკმაოდ სერიოზული ფინანსები და დრო დასჭირდება. მმართველი პარტიის გადაყვეტილების შესახებ, სავარაუდოდ, მომავალი კვირის ბოლოს გახდება ცნობილი, როცა პოლიტსაბჭო შეიკრიბება.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო პოსტს თმობს?

მიმდინარე საარჩევნო მარათონის კიდევ ერთ ინტრიგად იქცა ლევან ვასაძის განცხადება ივანიშვილისა და მისი გუნდის პოლიტიკიდან წასვლის აუცილებლობის შესახებ. თუ ვასაძე რუსული პოლიტიკური წრეების გადაწყვეტილებას ახმოვანებს, ტექნიკურად ამ საქმის მოგვარებას პოლიტიკური ძალები 2018 წელში ბოლომდე ვერა, მაგრამ ნაწილობრივ შესძლებენ…

თუ ხელისუფლებას ხელი წაუცდა არჩევნების გაყალბებაზე, არიან ადამიანები (მათ შორის — მიხეილ სააკაშვილი) ვინც 2003 წლის მოვლენების განმეორებაზე ფიქრობენ. თუმცა სააკაშვილს, 2003 წლისგან განსხვავებით, თავად ეს არ გამოუვა, რადგან ავტორიტეტი აღარ აქვს. მას უკვე საქართველოში კარგად იცნობენ.

ასევე კარგად იცნობენ ლეიბორისტ შალვა ნათელაშვილსაც, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს და 5% უკვე აქვს. ეს, რა თქმა უნდა, ვერ იძლევა პრეზიდენტობის გარანტიას, მაგრამ ფაქტია, რომ თუკი კარგად იმუშავებს, ნათელაშვილი ერთ ფრაქციას გაიყვანს 2020 წლის პარლამენტში.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ივანიშვილი თავის გუნდზე გულაყრილია – რომელი პოლიტიკური ძალა გადაიბარებს ხელისუფლებას?

ჯერჯერობით არაფერს ამბობს, მაგრამ სავარაუდოა, რომ ამომრჩეველთან ურთიერთობის განახლებისა და საქართველოს შემოვლის შანსს არც ნინო ბურჯანაძე გაუშვებს ხელიდან…

მოკლედ, 2018 წელს საქართველოს მოსახლეობას საკმაოდ დიდი არჩევანი და საინტერესო პოლიტიკური პროცესები ელოდება. NDI-ს კვლევებით, ამომრჩეველთა 74 პროცენტს არ გადაუწყვიტავს, ვის მისცემს ხმას. ეს კი არჩევნებს დამატებით ინტრიგას მატებს, ანუ არჩევნებს მოიგებს ის, ვინც უკეთ იმუშავებს და მეტ ფულს დახარჯავს.


რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

ყველა ახალი ამბავი
0