„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო პოსტს თმობს?

© Sputnik / Alexander Imedashviliბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რას ელოდებოდა საზოგადოება მმართველი გუნდისაგან და რა მიიღო - მმართველი პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრიი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში ვრცლად ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ და პოლიტიკურ მოვლენებზე.

მთელი საქართველო დიდი ინტერესით ელოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ინტერვიუს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან, რომელსაც ბევრ, ბოლო დროს დაგროვილ შეკითხვაზე უნდა გაეცა პასუხი. პირველ რიგში უდიდესია ინტერესი „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართ…

ბოლო დროს გავრცელებული ინსინუაციებით, თითქოს თავად ივანიშვილიც აპირებდა ამ პოსტზე კენჭისყრას, მაგრამ ინტერვიუში მან ჩვეული გულწრფელობით ახსნა, რომ ძალაუფლებაგამოცლილი საპრეზიდენტო პოსტი არ აინტერესებს და მზადაა, ეს ინსტიტუტი ან ოცნების არაწევრ ადამიანს, ან სულაც ოპოზიციას დაუთმოს.

ზურაბ აბაშიძე, სოზარ სუბარი, დავით სერგეენკო, თეა წულუკიანი — ეს ადამიანები ჩამოთვალა თავად ივანიშვილმა, ვისზეც თურმე, ბოლო რამდენიმე თვეა, მსჯელობა მიმდინარეობს გუნდში.

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
ზურაბ აბაშიძე შესაძლოა პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდეს

საბოლოო გადაწყვეტილება, როგორც ჩანს თვის ბოლოს, პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი, თუმცა ამ ეტაპზე ცხადია, რომ ივანიშვილის პოზიციის გამო განუზომლად დიდია სალომე ზურაბიშვილის შანსები, მხარი დაუჭიროს მმართველმა პარტიამ, რადგან ზურაბიშვილს ვერც „ქართული ოცნების“ საარჩევნო დაპირებებს შეახსენებენ და ვერც დიდ ფინანსებს მოსთხოვენ საარჩევნო პროცესში.

თანაც, თუკი საქართველოს მთავარი მიზანი ევროკავშირში გაწევრიანება იქნება მომდევნო 12 წლის განმავლობაში, ამ კუთხით ვინ უნდა გადადგას ნაბიჯები, თუ არა ევროკავშირის მოქალაქე და საფრანგეთში გაზრდილმა სალომე ზურაბიშვილმა? ამ ფონზე სოზარ სუბარისა და თეა წულუკიანის შანსები უფერულდება.

სხვათა შორის, ოცნების წევრებიც ამ დღეებში ისეთ ურთიერგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ, რომ საზოგადოებას დიდი შანსი აქვს, დაიბნეს. ასე, მაგალითად, თუ ეკა ბესელიამ გვამცნო, რომ ის მხარს თავად ივანიშვილის პრეზიდენტობას დაუჭერდა, პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, ამისი სურვილი მას თავად არ აქვსო და მიგვანიშნა, შეიძლება გადაწყვეტილება ასაკისა და გენდერის მიხედვით გავაკეთოთო. გენდერი გასაგებია, თურმე ოცნებას დასავლეთის თვალში პოზიტიური იმიჯის შესაქმნელად ქალბატონის დასახელება სურს, მაგრამ აი, ეს ასაკი რას ნიშნავს, ძნელი სათქმელია.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
ივანიშვილმა კვირიკაშვილის გადადგომის ნამდვილი მიზეზები დაასახელა

კანონით განსაზღვრულია საპრეზიდენტო ასაკი და ახლა თუ მაინდამაინც ასაკოვანი ადამიანის დასახელება იქნება საჭირო, თავისუფლად შეიძლება გუგული მაღრაძის კანდიდატურის განხილვაც — ასაკოვანიცაა და პოპულარულიც.

ამ ინტერვიუს შემდეგ თქვენი არ ვიცი და პირადად მე რაიმე სიურპიზებს აღარ ველოდები. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ნათლად თქვა: „მე ვიქნები პარტიის თავმჯდომარე და მამუკა ბახტაძე იქნება — პრემიერ-მინისტრიო“.

ძნელი სათქმელია, რომ ეს იდილია 2030 წლამდე გაგრძელდება, მაგრამ 2020 წლის არჩევნების ჩატარება, როგორც ჩანს, სწორედ მთავრობის ამ შემადგენლობითაა გადაწყვეტილი, მცირედი მოდიფიკაციებით.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ივანიშვილი: საზოგადოებას არ ჰქონდეს განცდა, რომ ყველა გადაწყვეტილებას მე ვიღებ

რაც შეეხება ძველ მთავრობას, გამორიცხული ნამდვილად არაა არჩევნების წინ ხმაურიანი დაჭერები, როგორც ამას ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს. ჭარბვალიანობა რომ პრობლემაა, ეს არაა ახალი და პრობლემა იყო 2012-2013 წლებშიც, ანუ კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობამდეც. სხვა საკითხია, რომ თუ კვირიკაშვილი-ქუმსიშვილი-ალავიძის სამეულს მართლაც ამდენი ფული აქვთ წაღებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მათ ახლადგარემონტებული და საზეიმო ვითარებაში გახსნილი მე-7 დაწესებულება შესაძლოა, მართლაც არ ასცდეთ.
შეცვლის თუ არა ეს იმ საზოგადოების მატერიალურ მდგომარეობას, რომელსაც, იუნისეფის აღმოჩენით, უჭირს და შია? ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა გულს კი მოფხანს. ადამიანს რომ 30-ლარიან სოციალურ დახმარებას მოუხსნი და ამ დროს ვიღაცეების მილიონებზე ესმის საუბარი, არათუ ქრთამი, მაღალი ხელფასიც კი ძალიან, ძალიან აღიზიანებს. იმუშავებს თუ არა განტევების ვაცების სახით ამ ადამიანების დაკავება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე? ნაკლებად სავარაუდოა, რადგან იქამდე 2 წელია და თუ რეალურად მოსახლეობის გულის მოგებაზეა საუბარი, ეს უფრო ეკონომიკურ ზრდაში უნდა გამოიხატოს, ვიდრე მაღალჩინოსნების დაჭერაში და კიდევ — საინტერესოა, როდემდე დაიცავს კვირიკაშვილი დუმილის აღთქმას, როცა მას ყოფილი ლიდერი უკვე ღიად მოუწოდებს, ალაპარაკდეს?

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

ყველა ახალი ამბავი
0