თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე პრეზიდენტობის კანდიდატად განიხილება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიმართება. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ საკუთარ კანდიდატს უახლოეს დროს დაასახელებენ, თუმცა მედიაში მმართველი პარტიის სავარაუდო კანდიდატების გვარები სახელდება, მათ შორის დასახელდა ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარი, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და თავად ივანიშვილი.
მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პარტიას ბევრი ღირსეული კანდიდატი ჰყავს.
„ზურაბ აბაშიძე, სოზარ სუბარი, სერგეენკო, ჩემზეც ამბობენ, თეა წულუკიანი და კიდევ ბევრი ღირსეული კანდიდატი გვყავს ჩვენ, ვინც პირველსავე ტურში შეიძლება გაიმარჯვოს“, — განაცხადა ივანიშვილმა. მასთან ინტერვიუს ანონსი პირველი არხის საავტორო გადაცემის „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.
საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი კენჭისყრამდე 60 დღით ადრე გამოცხადდება. მიუხედავად ამისა, პარტიები აქტიურად ემზადებიან არჩევნებისთვის.
არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ პარლამენტის ექს–სპიკერები ნინო ბურჯანაძე და დავით უსუფაშვილი, „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი, ოპოზიციური პარტია „გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, მოძრაობა „ქართული მარშის“ ერთ–ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე, ათი ოპოზიციური პარტიის კანდიდატი — საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი გრიგოლ ვაშაძე და „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე.