ერთგულ მკითხველს მინდა შევახსენო, რომ უკვე მერვე წელია, რაც სახელმწიფოს პრეზიდენტის უფლებები და მოვალეობები თანდათან იკვეცება… რაც მთავარია, პროპორციულად ანუ ბალანსი დაცულია. დიახ, 2010 წლის საკონსტიტუციო რეფორმამ მმართველობის საპრეზიდენტო მოდელი საპარლამენტო რესპუბლიკით ჩაანაცვლა.
შვიდი წლის შემდეგ „ქართული ოცნების“ დეპუტაციამ საკონსტიტუციო უმრავლესობით „გონივრულად“ ისარგებლა და მუდმივად განახლებისთვის „განწირული“ ძირითადი კანონის „გაკეთიშობილების“ პროცესი „წარმატებით“ დაასრულა. ყველა დეტალზე ყურადღებას არ გავამახვილებ, ვიტყვი, რომ განხორციელებული ცვლილებების შემდეგ პრეზიდენტი სიმბოლური ფიგურაა, თუმცა ინარჩუნებს სახელმწიფოს მეთაურის სტატუსს.
ერთი სიტყვით, მომავალ პრეზიდენტს, ვინც არ უნდა იყოს ის „ღარიბი თუ მაშვრალი, მდიდარი თუ მათხოვარი, მტერი თუ მოყვარე, მეზობელი თუ ნათესავი…“ განსაკუთრებული გავლენა ვერ ექნება ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაზე. უსაფუძვლოა მოლოდინი, რომ სახელმწიფოს მორიგი მეთაური არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს მოაგვარებს. კიდევ უფრო მარტივად გასაგები, რომ იყოს დავსძენ — ამჯერად მორიგი „მესიის“ ასარჩევად სამართლებრივი ბაზა არ არსებობს. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ მისი უდიდებულესობა ელექტორატი პრეზიდენტს ბოლოჯერ აირჩევს, მომავალში ეს პატივი „ხმოსანთა კოლეგიას“ ერგება, თუ მანამდე არაფერი შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ მომავალი პრეზიდენტისგან სასიამოვნო თუ უსიამოვნო პოლიტიკურ სიურპრიზებს არავინ ელის, ყველა თანხმდება, რომ მიმდინარე წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენა სწორედ საპრეზიდენტო არჩევნებია…
საარჩევნო მარათონის ორი მონაწილე უკვე ცნობილია… მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას ჯერ კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის მინისტრის, ხოლო შემდეგ საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურა ათი პოლიტიკური პარტიის რჩეულია და როგორც წყაროზე ანუ ხალხში ხუმრობენ, მხარდამჭერი პარტიების სიმრავლის მიუხედავად, გრიგოლ ვაშაძეს ავლაბრის „შტაბკვარწირაში“ მოხვედრის შანსი არა აქვს… ისე, კაცმა, რომ თქვას, საპრეზიდენტო კანდიდატის პომპეზური პრეზენტაციიდან ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი ჩვენი პოლიტიკური სპექტრის ძველი და ახალი „ნათელი“ სახეების ერთობა, მურმან დუმბაძის აქტიურ პოლიტიკაში შემობრუნება და კანდიდატის „გამართული“ ქართულით მეტყველება იყო. ეს ჩემი აზრია და მას არავის ვახვევ… თუმცა ანალიტიკოსთა ნაწილის ვარაუდით, საპრეზიდენტო მარათონში ოპოზიციის მხრიდან კანდიდატთა სიმრავლის შემთხვევაში, გრიგოლ ვაშაძეს მეორე ადგილის პერსპექტივა უჩნდება. მოვლენათა ამ სცენარით განვითარება არ გულისხმობს მეორე ტურის ალბათობას…
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე: „ხალხს ჯერ კიდევ კარგად ახსოვს „ნაციონალური მოძრაობის“ მართველობის ცხრა წელი… ახლანდელი ლიდერების მუდმივი მოწოდებები, რომ დავივიწყოთ წარსული და ვისაუბროთ აწმყოსა და მომავალზე უშედეგოა. ყოფილმა სახელისუფლებო გუნდმა ოპოზიციაში მოღვაწეობის ექვსი წლის მანძილზე ვერ შეძლო რეაბილიტაცია. მიუხედავად ამისა, გრიგოლ ვაშაძეს აქვს გარკვეული შანსი დაიკავოს მეორე ადგილი. მთავარი ფაქტორია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთგული ელექტორატი, რომელიც მზად არის პარტიის პირველივე მოწოდებაზე ჩაერთოს ბრძოლაში. გასათვალისწინებელია კანდიდატის პიროვნული თვისებებიც, გრიგოლ ვაშაძე ნაკლებად აღიზიანებს ე.წ ჩამოუყალიბებელ ელექტორატს, რადგან არ ყოფილა დაკავშირებული ხელისუფლების იმ რეპრესიულ გადაწყვეტილებებთან, რომელთაც საბოლოოდ ემსხვერპლა კიდეც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი. მეორე ტური გამორიცხულია, პოლიტიკურ ისტებლიშმენტში არ ჩანს ფიგურა, რომელიც შეძლებს მეტ-ნაკლებად სერიოზული კონკურენცია გაუწიოს მმართველი გუნდის კანდიდატს…“
მარათონის კიდევ ერთი მონაწილე — დავით ბაქრაძე, ერთ დროს თანაპარტიელის გრიგოლ ვაშაძის მსგავსად, მრავალი პარტიის მხარდაჭერით ვერ დაიკვეხნის. ის „ევროპული საქართველოს“ ყოჩია. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ყოფილი მმართველი გუნდის შედარებით გაწონასწორებულ პოლიტიკოსს, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებით, რეიტინგებში მაღალი პოზიციები უკავია, თუმცა საუკეთესო შემთხვევაში, მისი შანსები მეორე ადგილს ვერ სცდება. ასე, რომ ისეთი პირი უჩანს, ამ არჩევბებშიც მთავარი ბრძოლა მეორე საპატიო ადგილისთვის წარიმართება.
მშრომელების რჩეულიც ცნობილია. ლეიბორისტულმა პარტიამ კანდიდატად შალვა ნათელაშვილი დაასახელა… მისი შანსები ზუსტად იმდენია, რამდენიც ადრე, მისი მონაწილეობით ჩატარებულ არჩევნებში. ბევრია ეს თუ ცოტა? არაფერს ვიტყვი, თავად განსაჯეთ. ერთი ფაქტია, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას პრაქტიკულად არ ახსოვს არჩევნები შალვა ნათელაშვილის გარეშე… არახალია, რომ ყველა ეს არჩევნები შალვა ნათელაშვილმა "მოიგო" და "გაუყალბეს"…
არჩევნების ზუსტი თარიღი უცნობია, პრეზიდენტი არ ჩქარობს, თუმცა ამ ეტაპზე არც ის არის ცნობილი თავად გიორგი მარგველაშვილი მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას. როგორც ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი მიანიშნებს, ეს საკითხი, ამ ეტაპზე, მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს დამატებით ინტრიგას მატებს…
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე: „სავარაუდოდ, გიორგი მარგველაშვილი მმართველი გუნდის მხრიდან კანდიდატის დასახელებას ელოდება… სწორედ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას. ძალზე საინტერესოა როგორ დასრულდება გიორგი მარგველაშვილის და დავით უსუფაშვილის დიალოგი, შეჯერდება თუ არა ოპოზიციის კიდევ ერთი ნაწილი რომელიმე მათგანზე. ვნახოთ, დრო გვიჩვენებს. ჯერჯერობით, ეს დიალოგი ახალი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბების მცდელობაა და ოპოზიციამ ამ მიმართულებით უნდა იმოძრაოს…“
ანალიტიკოსთა უმრავლესობა თანხმდება, რომ თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიციას ბევრი საპრეზიდენტო კანდიტატი ეყოლება, „ქართულმა ოცნებამ“ თავის კანდიდატად ვინც არ უნდა დაასახელოს, ოპოზიციას გამარჯვების შანსი არ ექნება. ისე, სხვისი არ ვიცი და მე კი მიკვირს, რომ მმართველი გუნდის კანდიდატი ჯერაც უცნობია. გასაკვირი რა არის?— შესაძლოა ჩამეძიოს ახლა მკითხველი და რეპლიკას კომენტარის გარეშე დავტოვებ. არის მოსაზრება, რომ მმართველ გუნდი სწორადაც იქცევა, როცა კანდიდატის დასახელებას არ ჩქარობს. აჟიოტაჟი, რომელიც შეყოვნებამ გამოიწვია, მმართველი გუნდის სასარგებლოდ მუშაობს და არა მის საწინააღმდეგოდ. ამასობაში, პარლამენტის თავმჯდომარისგან შევიტყვეთ, რომ ბიძინა ივანიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ სურს, ხოლო კონსულტაციები საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის მონაწილეობის ფორმისა და კანდიდატურის შესახებ, მიმდინარე კვირის ბოლომდე გაიმართება. ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ… მალე გაირკვევა როგორც სახელისუფლებო, ისე სხვა პარტიების კანდიდატებიც და შანსებზე საუბარიც უფრო გაადვილდება…