მმართველი პარტიის რიგებში რომ რაღაც განსაკუთრებული ხდებოდა, მაშინ გაცხადდა, როცა ჟურნალისტებმა „ქართული ოცნების“ ლიდერები ჯერ კიდევ სხდომის დაწყებამდე იოლად აალაპარაკეს პრემიერ-მინისტრის მომავალ გარდაუვალ გადადგომაზე. არადა, მაინც რამდენად „გარდაუვალი“ იყო ეს გადადგომა, იმხანად არც არავის უნდა სცოდნოდა. მიუხედავად ამისა, მეოცნებე ხალხის რჩეულები კითხვებზე მრავალმნიშვნელოვნად სცემდნენ პასუხებს. იყო აშკარა მცდელობა თავყრილობის მთავარი შედეგის წინასწარ გამოცნობის, იყვნენ ისეთებიც, ვინც ვერ „გარისკა“ და პროგნოზს თავი აარიდა. მოლოდინის მიუხედავად, იმ დღეს მთავრობის მეთაურს გადადგომაზე არაფერი უთქვამს, ჟურნალისტებს არ შეხვედრია და პარტიის ოფისი კომენტარის გარეშე დატოვა…
რა მოხდა უშუალოდ სხდომაზე, ზუსტად არავინ იცის არა მხოლოდ მათგან, ვინც იქ არ იყო, არამედ, შესაძლოა, კომიკურია, მაგრამ არც იქ მყოფთაგან. თავად განსაჯეთ, მრავალსაათიანი ბჭობის შემდეგ მმართველი პარტიის დეპუტატებმა მოსმენილის შინაარსის განსხვავებული ინტერპრეტაცია შემოგვთავაზეს. დამაჯერებელი ტონის და მწყობრი ლექსიკის მიღმა აშკარად იგრძნობოდა დაბნეულობა. ბატონი ბიძინა ასეთი გაბრაზებული ჯერ არ მინახავსო, — ბრძანა ერთმა, ხოლო მეორე ცდილობდა დარწმუნებას – სხდომაზე განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა, პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკური ვითარება განიხილა და ის ძალიან მძიმეაო…
გიორგი კვირიკაშვილი მეორე დღეს გადადგა. ჩვენში ეკონომიკური ვითარება უკვე მრავალი ათეული წელია მძიმეა, მაგრამ ძალზე საეჭვოა „გაეროს ბავშვთა ფონდის“ დასკვნა ან სიღარიბის მაჩვენებლის ზრდა გამხდარიყო პრემიერ-მინისტრისა და მასთან ერთად მთავრობის ნაწილის ცვლილების მიზეზი…
სხვისი არ ვიცი, მე კი მრჩება შთაბეჭდილება, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომა კარგა ხანია იგეგმებოდა. ის უკავშირდებოდა არა სოციალურ სფეროში გამწვავებულ პრობლემებსა და ეკონომიკურ პოლიტიკაში მთავრობის მიერ დაშვებულ შეცდომებს, არამედ მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებას, რომლის რეალურ მიზეზებზე უკვე ნაკლებად საუბრობენ, არადა, საინტერესოა, რა შეიძლება ყოფილიყო სამთავრობო გუნდში უთანხმოების მიზეზი?
გიორგი კვირიკაშვილმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა, რა კონკრეტულ საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ ის და პარტიის დამფუძნებელი. პრემიერ-მინისტრი არ ეთანხმებოდა საბანკო რეფინანსირების განაკვეთის ცვლილებას და ლარის კურსის შესაკავებლად სავალუტო რეზერვების გამოყენებას, რასაც ბიძინა ივანიშვილი მოითხოვდა. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ასეთი ნაბიჯები მოსახლეობის გულს დროებით მოიგებს, თუმცა შეაფერხებს ეკონომიკის სწრაფ ზრდას. ასე გაირკვა, რომ გიორგი კვირიკაშვილი უფრო „მემარჯვენე“ მიდგომების მომხრე იყო, ხოლო ბიძინა ივანიშვილი – უფრო „მემარცხენე“ პოლიტიკისა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი გიორგი კვირიკაშვილისგან გადადგომას კი არ მოითხოვდა, არამედ სოციალ-ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლას და მისი მითითებების უსიტყვო შესრულებას. თანამდებობიდან გადადგომით პრემიერ-მინისტრმა პარტიის ლიდერს მარტივად უთხრა, რომ ის არ არის ბანკის მენეჯერი, რომ დამფუძნებლის მითითებები უსიტყვოდ შეასრულოს. ამიტომ, თუ იქნებოდა პრემიერ-მინისტრი, ისე იმოქმედებდა, როგორც თავად მიაჩნდა სწორად, ან გადადგებოდა თანამდებობიდან…
რეალური მიზეზი იმ სახელისუფლებო სისტემაში უნდა ვეძიოთ, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა ამ ქვეყანაში.
კონსტიტუციის თანახმად, ქვეყანაში ძალაუფლებას პრემიერ-მინისტრი ფლობს და სწორედ ის არის კონსტიტუციური ხელისუფალი. სისტემა კი, რომლის აგებასაც ბიძინა ივანიშვილი უკვე მეხუთე წელია ცდილობს, გულისხმობს მოდელს, სადაც რეალური ძალაუფლება პარტიის თავმჯდომარის ხელშია, პასუხისმგებლობა კი პრემიერ-მინისტრის ხვედრია. დემოკრატიულ ქვეყანებში ასეთი მოდელი არ მუშაობს. პოლიტიკურ პარტიებს ჰყავთ თავმჯდომარეები, მაგრამ ისინი ან თავად იკავებენ პრემიერ-მინისტრის პოსტს, ხოლო თუ ამ პოსტს სხვები ეუფლებიან, პარტიის თავმჯდომარე მხოლოდ „პირველი პარტიული ფუნქციონერია“ და სხვა არაფერი.
ახლა უკვე საკითხავია — რა იქნება უახლოეს მომავალში, როგორ განვითარდება პროცესები მმართველ გუნდში და რა ვადით „გაფორმდება ზავი“ პარტიის თავმჯდომარესა და მის მორიგ ფავორიტს შორის?
დეპუტატები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ არენაზე ელიან. გიორგი კვირიკაშვილის გადადგომიდან ზუსტად ერთი კვირის თავზე, ოთხშაბათს ქვეყნის ყოფილი მთავარი ფინანსისტი მამუკა ბახტაძე სამთავრობო პროგრამით და მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობით ხალხის რჩეულების წინაშე წარდგება.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის რანგში მამუკა ბახტაძემ პირველი საჯარო გამოსვლისას სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, განაცხადა, რომ ახალი მთავრობა ეკონომიკის სფეროში გეგმავს ახალი ეკონომიკური მოდელისა და ახალი სამართლიანი თამაშის წესების ჩამოყალიბებას. რა სიახლეებზე შეიძლება იყოს საუბარი?
ანალიტიკოსი ლადო პაპავა: „კიდევ კარგი, რომ საქართველოს აქვს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, რის გამოც ბრიუსელი არ აძლევს საქართველოს მთავრობას იმაზე მეტი შეცდომის დაშვების საშუალებას, ვიდრე ის უშვებს. ჩვენ გვინდა ევროკავშირში შესვლა, მაგრამ ეკონომიკის კუთხით ეს ნიშნავს, რომ აქ უნდა შეიქმნას ევროკავშირისთვის დამახასიათებელი ქვეყნის ეკონომიკური მოწყობა. არსებობს ევროკავშირის ეკონომიკურ მოდელთა ნაირსახეობათა ჩარჩო და ამ ჩარჩოს თბილისი ვერ გაექცევა, თუ ევროპული სახელმწიფოს აშენება უნდა. მაშინ, როცა ჩვენში ეკონომიკის არა მარტო მნიშვნელოვანი სფეროებია თითქმის მონოპოლიზირებული, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საქმიანობა იმის გამო უჭირთ, რომ ბანკები ქვეყნის ეკონომიკურ და ფინანსურ ბაზარზე ყველაზე ძლიერი მოთამაშეები არიან, თავად აქვთ ბიზნეს-საქმიანობის უფლება და შესაბამისი საშუალებები, რათა სხვა ბიზნესი არა მარტო არ დააფინანსონ, არამედ მათზე დამოკიდებული გახადონ, არ აწყობთ ამავე ბაზარზე სხვა ძლიერი მოთამაშეების გამოჩენა, ძნელი წარმოსადგენია, რომ „ყველა ოჯახს შეეხოს სამართლიანი თამაშის წესები“, რომელსაც პრემიერობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე იძლევა… მამუკა ბახტაძეს ფინანსთა მინისტრის პოსტზე ჰქონდა ბანკების ზომიერად შეზღუდვის მცდელობები. ახლა მას გაცილებით მეტი შესაძლებლობა ექნება, რომ მიხედოს ქვეყნის ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებას და საბანკო სექტორის გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევას…“
მამუკა ბახტაძის ხედვების შეფასება ნაადრევია, ვნახოთ, ვის დაასახელებს ეკონომიკურ გუნდში და რა პროგრამას წარუდგენენ პარლამენტს. შემდეგ კი გამოვიტანოთ საბოოლოო დასკვნები. თუმცა ნათელია, რომ ასე აღარ შეიძლება! პრემიერ-მინისტრის ხელში პასუხისმგებლობასთან ერთად ძალაუფლებაც უნდა იყოს. პარტიის ლიდერმა პარტიას მიხედოს! სხვაგვარად, ადრე თუ გვიან, კრიზისი გარდაუვალია. შესაძლოა ეს „ადრე თუ გვიან“ აღარც კი იყოს და „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლება დაკარგოს – ქუჩიდან ან ქუჩის „დახმარების“ გარეშე!