ოპოზიციიდან პრეზიდენტობისთვის გრიგოლ ვაშაძე იბრძოლებს

© FB / Gregory Vashadzeგრიგოლ ვაშაძე
გრიგოლ ვაშაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში, რომელიც აშენდა როგორც ქართული ერთიანი სამეფოს მთავარი ტაძარი, ოპოზიციამ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ვაშაძის კანდიდატურა წარადგინა

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. ათმა ოპოზიციურმა პარტიამ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გრიგოლ ვაშაძე წარადგინა.

პრემიერმა არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის კრიტიკას უპასუხა >>

„დღეს არ არის პარტიული არჩევნები, დღეს არის საპრეზიდენტო არჩევნები და მე ვაძლევ ხმას უბრწყინვალეს პიროვნებას, უმაღლესი რანგის დიპლომატს, გრიგოლ ვაშაძეს“, — განაცხადა ცნობილი ქართველი პოეტის, ჯანსუღ ჩარკვიანის ქალიშვილმა თაკო ჩარკვიანმა.

სწორედ თაკო ჩარკვიანმა გახსნა ათი ოპოზიციური პარტიის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის ცერემონია.

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 2018 წლის შემოდგომაზე გაიმართება.

პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა მოხდა ბაგრატის ტაძარი, რომელიც 1003 წელს ბაგრატ მესამის მმართველობის დროს როგორც ერთიანი ქართული სამეფოს მთავარი ტაძარი აშენდა.

2008 წელს ბაგრატის ტაძარში პრეზიდენტის ფიცი მეორე ვადით არჩეულმა მიხეილ სააკაშვილმა დადო. დღეს მიხეილ სააკაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სულისჩამდგმელია. პარტიის ლიდერობა მას არ შეუძლია, რადგან მან საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა. გარდა ამისა, მის წინააღმდეგ ქვეყანაში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
როდის მიიღებს მარგველაშვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილებას

რაც შეეხება ვაშაძეს, მისი კანდიდატურა შემდეგმა პარტიებმა წარადგინა: „ახალი საქართველოსთვის“ – ნიკოლოზ ვაშაკიძე; „ემსახურე საქართველოს“ – მურმან დუმბაძე; „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“ – ბაჩუკი ქარდავა; „სახელმწიფო ხალხისთვის“ – ნიკა მაჭუტაძე; „ქრისტიან კონსერვატიული პარტია“ – შოთა მალაშხია; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – ნიკანორ მელია; „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“ – ზურაბ ხარატიშვილი; „ახალი საქართველო“ – გიორგი ვაშაძე; „საქართველო ლიდერთა შორის“ – მამუკა გამყრელიძე; „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“ – პაატა დავითაია.

ამ პარტიებმა ორშაბათს ხელი მოაწერეს დეკლარაციას სამოქალაქო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ შექმნის შესახებ.

ოპოზიციის გაერთიანებას მხარი დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

„საპრეზიდენტო არჩევნები საკონსტიტუციო ვადებში დაინიშნება. პოლიტიკური ოპოზიციის თანამშრომლობას, რა თქმა უნდა, პოზიტიურად ვაფასებ. კანდიდატის შესახებ ვერაფერს ვიტყვი. პოზიცია არ გამაჩნია“, — განაცხადა ბრიფინგზე მარგველაშვილმა.

გრიგოლ ვაშაძე 1958 წლის 19 ივლისს თბილისში დაიბადა. 1975 წელს თბილისის №61 საჯარო სკოლა დაამთავრა.

1981 წელს წარმატებით დაამთავრა ქ. მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი, საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. 1981-1988 წლებში მუშაობდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილებაში, შემდგომ, კოსმოსის და ბირთვული შეიარაღებების განყოფილებაში.

ბურჯანაძე: ყველაფერს ივანიშვილის ფული გადაწყვეტს >>

1988-1990 წლებში იყო სსრკ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის ასპირანტი.

1990 წლიდან 2008 წლამდე დაკავებული იყო კერძო ბიზნესით და ხელმძღვანელობდა თავის დაარსებულ კომპანიებს: Georgia Arts Management და Gregory Vashadze and BR.

2008 წლის 6 თებერვალს დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ. ამ პოსტზე რამდენიმე თვე იმუშავა. იმავე წლის ნოემბერში გახდა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი, დეკემბერში კი საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა.

სათავგადასავლო მარათონი - Sputnik საქართველო
საპრეზიდენტო მარათონმა სტარტი აიღო

საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ვაშაძემ 2012 წლამდე იმუშავა, ხელისუფლების შეცვლამდე.

გრიგოლ ვაშაძეს ჰყავს მეუღლე — ცნობილი ქართველი პრიმა ბალერინა, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი და ორი შვილი — ნოდარი და ელენე.

ქართული ენის გარდა, ფლობს რუსულ, ინგლისურ, პორტუგალიურ, იტალიურ, ესპანურ, ფრანგულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ საპრეზიდენტო მარათონში ჩაბმას აპირებენ პარლამენტის ექს–სპიკერები ნინო ბურჯანაძე და დავით უსუფაშვილი, „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი, ოპოზიციური პარტია „გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და მოძრაობა „ქართული მარშის“ ერთ–ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე. 

ოპოზიცია მმართველი პარტიის წინააღმდეგ გაერთიანებას გეგმავს >>

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მიიღებს გადაწყვეტილებას მეორე ვადით კენჭისყრის შესახებ მას შემდეგ, როდესაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ თავის კანდიდატს წარადგენს.

მმართველი პარტიის წარმომადგენლების თქმით, ისინი პრეზიდენტობის კანდიდატურას აგვისტოს ბოლოს დაასახელებენ. მედიის მონაცემებით, განსახილველ კანდიდატურებს შორისა არიან საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და მმართველი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია.


ყველა ახალი ამბავი
0