თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ოპოზიციური პარტიების ნაწილი საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთიან კანდიდატს წარადგენს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).
საპრეზიდენტო არჩევნებზე, ერთიანი საარჩევნო ბლოკის შექმნაზე და ერთიანი კანდიდატის დასახელებაზე ოპოზიციურიმა პარტიებმა დღეს „ახალი საქართველოს“ ოფისში იმსჯელეს. შეხვედრას ცხრა პოლიტიკური პარტია ესწრებოდა.
„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, მათი კანდიდატის ვინაობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
რაც შეეხება თვითონ გიორგი ვაშაძეს, ის მიიჩნევს, რომ პრეზიდენტობისთვის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა.
პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს არც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.
„უახლოეს პერიოდში საბოლოოდ გადაწყდება რა სახით, რა ფორმით, რა კონფიგურაციით მივიღებთ მონაწილეობას ჩვენ, როგორც ერთი სუბიექტი – „ნაციონალური მოძრაობა“ სხვა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ჯგუფებთან ერთად. ამ წუთის მდგომარეობით, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის”, — განუცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ხელისუფლების შეცვლის მიზნით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
ამ ეტაპზე ცნობილია, რომ საპრეზიდენტო მარათონში ჩაბმას აპირებენ პარლამენტის ექს–სპიკერები ნინო ბურჯანაძე და დავით უსუფაშვილი, „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი, ოპოზიციური პარტია „გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და მოძრაობა „ქართული მარშის“ ერთ–ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე.
საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 2018 წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს.