თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. საპროკურორო საბჭომ საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტზე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი შალვა თადუმაძე ერთხმად წარადგინა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
მთავარი პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 31 მაისს საპროტესტო აქციების მონაწილეთა მოთხოვნით ირაკლი შოთაძე გადადგა. აქციები ხორავას ქუჩაზე 2017 წლის დეკემბერში ორი 16 წლის მოზარდის — ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ დაიწყო.
სამს მინუს ერთი – შალვა შავგულიძემ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატურა მოხსნა>>>
თადუმაძესთან ერთად მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილი იყვნენ საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ადვოკატი შალვა შავგულიძე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნინო გოგნიაშვილი, თუმცა შავგულიძემ საკუთარი კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს წინაშე წარდგომამდე მოხსნა. მიზეზი, რის გამოც შავგულიძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, მასმედიისთვის საპროკურორო საბჭოს სხდომის დახურვა გახდა.
თადუმაძეს საპროკურორო საბჭოს 15 წევრიდან 12-მა დაუჭირა მხარი, გოგნიაშვილმა კი ვერც ერთი ხმა ვერ მოიპოვა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, რომელიც საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარეა.
შალვა თადუმაძის კანდიდატურას ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები მხარს არ უჭერდნენ. მათი განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მმართველი პარტიის პროტეჟეა. გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც ახალ მთავრობაში, სავარაუდოდ, თანამდებობას შეინარჩუნებს, თადუმაძის შვილის ნათლიაა.
კანონით დადგენილი პროცედურის თანახმად, იუსტიციის მინისტრი თადუმაძის კანდიდატურას მთავრობას წარუდგენს, რომელმაც საპროკურორო საბჭოს მიერ მხარდაჭერილ კანდიდატთან დაკავშირებით თანხმობა უნდა განაცხადოს. მთავრობის დადებითი პასუხის შემთხვევაში თადუმაძე პარლამენტის წინაშე წარდგება. მისი დამტკიცებისთვის 150 დეპუტატიდან 76-ის მხარდაჭერაა საჭირო.