ცხოვრება თამაშიაო — გამიგონია ხშირად. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ქვეყანაში, სადაც უმძიმესი სოციალური ფონია, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არსებობისთვის იბრძვის და მოქალაქეთა ჭარბვალიანობა ჩვენი დროების მთავარ გამოწვევადაა დასახელებული, აზარტული თამაში იქცეოდა ცხოვრების წესად…
დიახ, როგორც ამბობენ, თითქმის ყველა თამაშობს, ზოგი თავად სტუმრობს სათამაშო დაწესებულებას, ზოგიც თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებს და შინიდან გაუსვლელად ერთობა. არა, შესაძლოა ვცდები, როცა გართობაზე მივანიშნებ, რადგან საუბრობენ, რომ მოთამაშეთა უმრავლესობა კი არ ერთობა, არამედ ფინანსური პრობლემების მოგვარებას ცდილობს. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ვწერდი, რომ სამორინეებსა და ტოტალიზატორებში თამაში თვითდასაქმების სახეობად იქცა, ლუდომანია ჩვენში ჩამოყალიბდა „პროფესიად“, რომელსაც მავანნი ადრეული ასაკიდანვე „ეუფლებიან“… ტოტალურმა თამაშმა რაც მოიტანა, კარგად ცნობილია, თუმცა ის, რაც ამ ბოლო დროს შევიტყვე, მაინც მოულოდნელი იყო. გაირკვა, რომ სათამაშო ბიზნესი ჩვენში ერთ-ერთი ყველაზე სარფიანი საქმე ყოფილა, არადა მე სხვაგვარად მეგონა…
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში სათამაშო ბიზნესის ბრუნვა გაცილებით მაღალია, ვიდრე სუპერმარკეტებისა და სასურსათო მაღაზიების ერთად აღებული. უფრო მეტიც, აზარტულ თამაშებში საქართველოში უფრო მეტს ხარჯავენ, ვიდრე საწვავში ან რესტორნებსა და, ზოგადად, კვების ობიექტებში. თავად განსაჯეთ, 2017 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 5.650 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც საცალო ვაჭრობის არასპეციალიზებული მაღაზიების (იგულისხმება სუპერმარკეტები, უბნის მაღაზიები და სხვ.) ბრუნვასთან შედარებით თითქმის 1.6 მილიარდი ლარით მეტია. რაც შეეხება საწვავის ბაზრის ბრუნვის მოცულობას, ის გასულ წელს 2.343 მილიარდი ლარი იყო. რესტორნებისა და სასტუმროების მთლიან ბრუნვას კი სათამაშო ბიზნესის ბრუნვა თითქმის 4.1 მილიარდი ლარით აღემატება. კერძოდ, „საქსტატის“ მონაცემებით, 2017 წელს ე.წ. „განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და საკვების მიწოდების საქმიანობით დაკავებული დაწესებულებების“ ბრუნვამ 1.559 მილიარდი ლარი შეადგინა. როგორც ამ მონაცემებიდან ირკვევა, საქართველოში ადამიანები, როგორც ჩვენი მოქალაქეები, ისე უცხო ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები, აზარტულ თამაშებში იმაზე ბევრად მეტს ხარჯავენ, ვიდრე საწვავში, კვებასა და სასტუმრო–რესტორნებში…
ექსპერტი სოსო არჩვაძე: „2011-2017 წლების მონაცემები დავაჯამე და აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს სათამაშო ბიზნესში ცხრა მილიარდ ლარზე მეტი აქვთ დახარჯული. კომენტარი ზედმეტია! სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და პირდაპირ ვთქვათ, რომ როცა ვლაპარაკობთ ჭარბვალიანობაზე, აღებული კრედიტების დიდი წილი სწორედ აზარტული თამაშებისკენ მიემართება. არადა, აზარტული თამაშებიდან მიღებული ყველა სახის გადასახადი და მოსაკრებელი ორჯერ ნაკლებია, ვიდრე სახელმწიფო ბიუჯეტი იღებს თამბაქოს აქციზის სახით. ეს მაშინ, როცა სათამაშო ბიზნესი ბრუნვის სიდიდით მნიშვნელოვანწილად აღემატება თამბაქოს ბრუნვის მოცულობას. ამ სტატისტიკურ მონაცემებზე დაკვირვებით ეჭვქვეშ დგება ცნობილი ეკონომიკური პოსტულატი, რომ ადამიანი ეკონომიკურად რაციონალური არსებაა. არადა, ადამიანი ხშირად იქცევა ირაციონალურად, როცა შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს სათამაშო ბიზნესსა თუ თუნდაც ჯანმრთელობისთვის საზიანო თამბაქოში ხარჯავს…“
ანალიტიკოსები უკვე დიდი ხანია მიგვანიშნებენ, რომ აზარტული თამაშების ბიზნესი გეომეტრიული პროგრესიით ვითარდება და სულ უფრო საგანგაშო მასშტაბს იძენს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს სფერო ხელისუფლების მხრიდან რეგულირებას საჭიროებს, რადგან ის უკვე ეკონომიკისთვის იქცა პრობლემად. საქართველოს ეკონომიკისთვის სათამაშო ბიზნესი მეტასტაზია, რომელიც აუცილებლად მოსაცილებელია…
ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი: „დიახ, ოფიციალური სტატისტიკაც ცხადყოფს, რომ აზარტულ თამაშებში ჩართულია მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს კი მისივე კეთილდღეობასა და ეკონომიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. განკარგვადი შემოსავალი მცირდება და ეკონომიკური დოვლათი არ იქმნება. ეს მეტყველებს, რომ საქმე სისტემურ პრობლემასთან გვაქვს. იმედია, ხელისუფლება მალე მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და აზარტულ თამაშებში არსებულ მდგომარეობას მოაწესრიგებს. სწორედ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი, რომ თანხამ, რომელიც ამ ბიზნესში ბრუნავს, ეროვნულ დანაზოგებში გადაინაცვლოს. შემდეგ ეს თანხა საბანკო არხების გავლით ეკონომიკის რეალური სექტორის ინვესტიციად გარდაიქმნება… განვითარებული ქვეყნების გამოცდილებას თუ გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ თითქმის ყველა ქვეყანამ მიმართა რეგულაციების გზას, ზოგან ონლაინ აზარტული თამაშები აიკრძალა კიდეც. დროა ჩვენც მოვეგოთ გონს და მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რადგან ტურიზმის სექტორშიც კი, რომელიც პრიორიტეტული მიმართულებაა, სადაც წლიდან წლამდე იზრდება უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა და ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალად არის მიჩნეული, ნაკლები შემოსავალი შედის, ვიდრე აზარტული თამაშების ბიზნესში…
პარლამენტში დიდი ხანია დევს კანონპროექტი, რომელმაც აზარტული თამაშების ბიზნესი უნდა დაარეგულიროს, მას განხილვაც აღარ სჭირდება, მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო…“
სხვისი არ ვიცი და მე კი ერთი ფრაგმენტი მახსენდება ილია ილფისა და ევგენი პეტროვის ცნობილი სატირული რომანიდან „თორმეტი სკამი“: „ქალაქში იმდენი სადალაქო, აბანო და ეკლესია იყო, რომ შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს მისი მცხოვრებნი მხოლოდ წვერს იპარსავდნენ, მერე აბანოში დადიოდნენ და აღსარებას აბარებდნენ ეკლესიაში“. ახლა ერთმანეთს ვადარებ ჩვენში სხვადასხვა ბიზნეს-საქმიანობის ბრუნვის მაჩვენებლებს და მრჩება შთაბეჭდილება, რომ მოსახლეობას, სათამაშო ბიზნესის გარდა, სხვა არაფერი ახსოვს. არადა, არ არის ასე, პრობლემაა ის, რომ აზარტული თამაში სხვა პრობლემების მოგვარების შესაძლო საშუალებად იქცა!